მეორე რჯული 32

აპრილი 29, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
321 „ყურად იღე, ცაო, და ვილაპარაკებ, ისმინოს მიწამ სიტყვანი ჩემი პირისა. 2 გადმოიღვაროს წვიმასავით ჩემი სწავლება, ნამივით დაეპკუროს ჩემი ნათქვამი, როგორც ჟუჟუნა წვიმა მოლზე და როგორც თქეში ბალახზე. 3 რადგან ვახსენებ უფლის სახელს, ჩვენს ღმერთს მიაგეთ დიდება! 4 კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია ყოველი მისი გზა. სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა. მართალი და წრფელია იგი. 5 გაერყვნენ მას, აღარ არიან ისინი მისი. გარყვნილი და გზასაცდენილი მოდგმაა. 6 ასე მიუზღავ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ შენი მამაა, შენი გამჩენი, ხომ მან შეგქმნა შენ და დაგამყარა! 7 გაიხსენე გარდასული დღეები, გონებით გადახედეთ წინა თაობათა წლებს. ჰკითხე მამაშენს და გიამბობს,შენს უხუცესებს და ისინი გეტყვიან შენ. 8 როცა უზენაესი სამკვიდროებს უნაწილებდა ხალხებს, როცა მან დააცალკევა ადამის ძენი, დაუდგინა საზღვრები ხალხებს ისრაელის ძეთა რიცხვისამებრ. 9 რადგან უფლის წილი მისი ხალხია. იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი. 10 მან იპოვა იგი უდაბურ ქვეყანაში. უსახურობაში და უდაბნოს ყმუილში. თავს ევლებოდა იგი, თავისი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას. 11 როგორც არწივი ფხიზლობს თავის ბუდეზე, დაჰბრუნავს თავის მართვეებს, შლის თავის ფრთებს, იყვანს და ატარებს მათ თავისი ფრთებით, 12 უფალი მარტო დაატარებდა მას და გვერდში არ ჰყოლია მას უცხო ღმერთი. 13 აიყვანა ქვეყნის მაღლობ ადგილზე, და ჭამდა ნაყოფს მინდვრისა. კლდიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს – სალი კლდიდან, 14 ძროხის კარაქს და ცხვრის რძეს, ქონთან ერთად კრავებისა, ვერძებისა და ბაშანის ვაცებისა ნოყიერი ხორბლითურთ. და სვამდი შენ ღვინოს, ყურძნის სისხლს. 15 და გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკების ყრას. შენ გასუქდი, გასქელდი. გათქვირდი. და მან მიატოვა ღმერთი, თავისი შემოქმედი, მოიძულა თავისი ხსნის კლდე. 16 შური აღუძრეს მას უცხო ღმერთებით, სისაძაგლეებით გააბრაზეს იგი. 17 ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს, და არა თავის ღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, ვისიც არ შინებიათ თქვენს მამებს. 18 კლდე, შენ რომ გაგაჩინა, აღარ გახსოვს, და დაივიწყე ღმერთი, შენი შემოქმედი. 19 და დაინახა უფალმა, და მოიძულა რისხვით თავისი ძენი და ასულნი. 20 და თქვა: ‘დავუმალავ ჩემს სახეს და ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან უკუღმართი თაობაა ისინი, ძენი, რომლებშიც არ არის ერთგულება. 21 მათ შური აღმიძრეს არაღმერთით, განმარისხეს თავიანთი ამაოებით: და მეც შურს აღვუძრავ არახალხით, გავაშმაგებ უგუნური ხალხით. 22 რადგან ცეცხლი გაჩაღდა ჩემი მრისხანებით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის შავეთამდე და ნთქავს დედამიწას და მის მოსავალს, და ბუგავს მთათა საძირკვლებს. 23 თავზე დავატეხ მათ უბედურებას, მათზე გავხარჯავ ჩემს ისრებს. 24 დაძაბუნდებიან შიმშილით, შთაინთქმებიან ციებ-ცხელებითა და მომსვრელი სენით. და მხეცის კბილს მივუშვებ მათზე, მიწის ქვეწარმავალთა გესლით სავსეს. 25 გარეთ მახვილმა მოსრას, შინ – შიშმა ჭაბუკნი, ქალწულნი, ძუძუმწოვარნი, ჭაღარა მოხუცებთან ერთად. 26 და ვთქვი: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი კაცთა მოდგმიდან მათ სახსენებელს, 27 მტრის ღვარძლს რომ არ ვერიდებოდე, რომ მისმა მოწინააღმდეგეებმა მცდარად არ საჯონ და არ თქვან: მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი. 28 რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, არ არის მათში გონიერება. 29 სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს. 30 ერთი როგორ დაედევნება ათასს და ორნი როგორ განდევნიან ათი ათასს? თუ კლდემ არ გაყიდა, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში? 31 რადგან ჩვენს კლდეს არ ჰგავს მათი კლდე. და თავად ჩვენი მტრები განსჯიან ამას. 32 რადგან სოდომის ვენახიდანაა მათი ყურძენი და გომორას ველებიდან. მისი მარცვლები შხამის მარცვლებია, მწარეა მათი მტევნები. 33 გველების შხამია მათი ღვინო და ასპიტთა გესლია განუქარვებელი. 34 ის ხომ ჩემთანაა დამალული, ჩემს საუნჯეშია დაბეჭდილი. 35 შურისძიებაც ჩემია და საზღაურის მიგებაც, როცა წაიბორძიკებს მათი ფეხი. რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, და ისწრაფვის მათი წერა. 36 რადგან თავად უფალი განიკითხავს თავის ერს და გული მოულბება თავის მსახურებზე, როცა დაინახავს, რომ ღონე მიხდილი აქვთ და აღარ არის არც მონა, არც აზატი. 37 და იტყვის იგი: ‘სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომელსაც ისინი თავს აფარებდნენ? 38 რომელნიც ჭამდნენ მათ მსხვერპლთა ქონს და სვამდნენ მათ საღვრელ ღვინოს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, საფარველად გაგიხდნენ! 39 იხილეთ ახლა, რომ მე, მე ვარ ის, და არ არის სხვა ღმერთი, ჩემს გარდა! მე ვკლავ და ვაცოცხლებ, ვგმირავ და ვკურნავ. და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან. 40 რადგან ჩემს ხელს შევმართავ ცისკენ და ვამბობ: მე ცოცხალი ვარ უკუნისამდე! 41 თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, ჩემს მტრებს შურს მივაგებ და ჩემს მოძულეებს მივუზღავ. 42 სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, ჩემი მახვილი ხორცს შეჭამს მოკლულთა და ტყვეთა სისხლითურთ, მტრის მთავართა თავებითურთ. 43 ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან თავის მსახურთა სისხლს მოჰკითხავს, და შურს მიაგებს თავის მტრებს, და შეუნდობს თავის მიწას და თავის ერს.” 44 და მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ გალობის ყოველი სიტყვა მათ გასაგონად. და მასთან იყო იესო, ნავეს ძე. 45 და დაასრულა მოსემ ყოველი ამ სიტყვის წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ, 46 და უთხრა მათ: „ჩაიბეჭდეთ თქვენს გულში ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს, რათა უბრძანოთ თქვენს ძეებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა. 47 რადგან ეს არ არის ფუჭი თქვენთვის, არამედ ეს არის თქვენი სიცოცხლე და ამით იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.” 48 და ელაპარაკა უფალი მოსეს იმავე დღეს და უთხრა: 49 „ადი ამ ყაბარიმის მთაზე, ნებოს მთაზე, რომელიც მოაბის ქვეყანაშია, იერიხოს პირდაპირ, და გადახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელის ძეთ სამფლობელოდ. 50 და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეეძინე შენს ერს, როგორც მოკვდა აარონი, შენი ძმა, ჰორის მთაზე, და შეეძინა თავის ერს, 51 იმის გამო, რომ მიმტყუნეთ ისრაელის ძეთა შორის, მერიბათ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ არ მომეპყარით, როგორც წმიდას ისრაელის ძეთა შორის. 52 რადგან შორიდან დაინახავ ქვეყანას, იქ კი ვერ შეხვალ, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელის ძეთ.”
თავი ოცდამეთერთმეტე                                                                                                        თავი ოცდამეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close