მეორე რჯული 18

აპრილი 28, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
181 არ ექნებათ ლევიან მღვდლებს, ლევის მთელ ტომს, წილი და სამკვიდრო ისრაელთან: უფლის საცეცხლო შესაწირავები და მისი წილი ჭამონ. 2 სამკვიდრო წილი არ ექნებათ მათ თავიანთ ძმათა შორის: თვით უფალია მათი სამკვიდრო, როგორც აუწყა მას. 3 აი რა უნდა განეკუთვნოთ მღვდლებს ხალხისაგან, მათგან, ვინც მსხვერპლად სწირავს ხარს ან კრავს: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბები და დვრიტა. 4 შენი პირველმოწეული მარცვლეულისა, ღვინისა და ზეთისა, და შენი ცხვრის პირველგანაპარსი მას მიეცი, 5 რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომიდან, რათა იდგნენ და ემსახურებოდნენ უფლის სახელით ის და მისი ძენი დღენიადაგ. 6 და თუ მოვა ლევიანი ერთ-ერთი შენი კარიბჭიდან, მთელი ისრაელიდან, სადაც ის ცხოვრობდა, და მოვა თავისი სულის სურვილით იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, 7 და იმსახურებს უფლის, შენი ღმერთის სახელით, როგორც ყველა მისი ძმა ლევიანი, რომელნიც დგანან იქ უფლის წინაშე, 8 თანაბარი წილით ისარგებლონ, გარდა თავიანთი მამისეულის გაყიდვით მიღებული ქონებისა. 9 როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ ისწავლო იმ ხალხთა მსგავსად ძეგლთა კეთება. 10 არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, 11 და არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი, 12 ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, სდევნის მათ შენი პირისაგან. 13 უნაკლო იყავ უფალთან, შენს ღმერთთან. 14 რადგან ეს ხალხები, რომლებსაც შენ განდევნი, მისნებსა და ჯადოქრებს უსმენენ. შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს, შენს ღმერთს. 15 ჩემნაირ წინასწარმეტყველს, შენი წიაღიდან, შენს ძმათაგან, აღგიდგენს უფალი, შენი ღმერთი, მას უსმინეთ. 16 რადგან რაც შენ ითხოვე უფლისგან, შენი ღმერთისგან, ხორებთან თავშეყრის დღეს ასე რომ თქვი: „მეტს ნუღარ გავიგონებ, უფლის, ჩემი ღმერთის, ხმას და ამ დიდ ცეცხლს ნუღარ დავინახავ, რომ არ მოვკვდე.” 17 და მითხრა მე უფალმა: „კარგი ქნეს, ეს რომ თქვეს. 18 შენნაირ წინასწარმეტყველს აღვუდგენ მათ ძმათა წიაღიდან, შენს მსგავსს, და ჩავუდებ ჩემს სიტყვას ბაგეებში, და ის ეტყვის მათ ყველაფერს, რასაც ვუბრძანებ. 19 ხოლო ის, ვინც არ გაიგონებს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მე თვითონ მოვკითხავ მას. 20 მაგრამ წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით იმას ილაპარაკებს, რისი თქმაც მე მისთვის არ მიბრძანებია, და რომელიც ილაპარაკებს სხვა ღმერთების სახელით, უნდა მოიკლას ის წინასწარმეტყველი.” 21 და თუ იტყვი შენს გულში: „როგორ გავიგებ სიტყვას, რომელიც უფალს არ უთქვამს?” 22 თუ ილაპარაკოს წინასწარმეტყველმა უფლის სახელით და არ ასრულდეს ის სიტყვა და არ ახდეს, მაშინ ეს ის სიტყვაა, რომელიც არ უთქვამს უფალს. თავხედურად უთქვამს იგი წინასწარმეტყველს, – ნუ გეშინიათ მისი.
თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                                თავი მეცხრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close