HomeUncategorized

მეორე რჯული 12

ძველი აღთქმა
მეორე რჯული

121 აჰა, წესები და სამართალნი, რომელიც უნდა დაიცვათ შესასრულებლად იმ ქვეყანაში, დასამკვიდრებლად რომ მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, მთელი ის დღეები, რასაც იცოცხლებთ იმ მიწაზე. 2 განადგურებით გაანადგურეთ ყველა ადგილი, სადაც ხალხები, რომელთაც თქვენ განდევნით, ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაღალ მთებსა და ბორცვებზე, და ყველა ამწვანებული ხის ქვეშ. 3 და დააქციეთ მათი სამსხვერპლოები, და დალეწეთ მათი ძეგლები, და მათი აშერები დაწვით ცეცხლით, და მათი ღმერთების ქანდაკებები დაჩეხეთ და მოსპეთ მათი სახელი იმ ადგილიდან. 4 ასე არ მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს. 5 მხოლოდ ადგილს, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, ყველა თქვენს ტომთაგან, რათა იქ დაადგინოს თავისი სახელი, მიმართეთ და იქ მიდით, 6 და იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველნი და თქვენი მსხვერპლები, და თქვენი მეათედები, და თქვენი ხელის აღსამართავი და თქვენი აღთქმული, და თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის პირველმოგებულნი, 7 და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლმა თქვენი ნაამაგარით, რომლითაც გაკურთხათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა. 8 არ გააკეთოთ ყოველივე ის, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ დღეს – თითოეული ყველაფერ იმას აკეთებს, რაც მის თვალშია სწორი, 9 რადგან ჯერ კიდევ არ შესულხართ განსასვენებელში და სამკვიდროში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს შენ. 10 მაგრამ როცა გადახვალთ იორდანეს და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმკვიდრებთ თქვენ, და დაგასვენებთ თქვენ გარეშე მტერთაგან, და იცხოვრებთ უშიშრად. 11 მაშინ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, იქ მიიტანეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ თქვენ: თქვენი სრულადდასაწველნი და თქვენი მსხვერპლები, თქვენი მეათედები და თქვენი ხელის აღსამართავები და ყოველი რჩეული თქვენს აღთქმულთაგან, რომელიც აღუთქვით უფალს. 12 და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე, თქვენ და თქვენმა ძეებმა, და თქვენმა ასულებმა, და თქვენმა მსახურებმა, და თქვენმა მხევლებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს კარიბჭესთანაა, რადგან არა აქვს წილი და სამკვიდრო თქვენთან. 13 გაფრთხილდი, არ აღავლინო შენი სრულადდასაწველნი ყოველ ადგილას, რომელსაც დაინახავ. 14 არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი ერთ-ერთ შენს ტომში. იქ აღავლინე შენი სრულადდასაწველნი, და იქ გააკეთე ყველაფერი, რასაც მე გიბრძანებ. 15 ოღონდ ყოველთვის, როცა მოისურვებს შენი სული, შეგიძლია დაკლა და უფლის, შენი ღმერთის კურთხევით ჭამო ხორცი, რომელიც მან მოგცა ყოველ შენს კარიბჭეში. უწმიდურსა და წმიდას ეჭმევა, როგორც ქურციკი და როგორც ირემი. 16 ოღონდ სისხლი არ ჭამოთ. წყალივით დაღვარეთ მიწაზე. 17 უფლება არ გაქვს, რომ ჭამო შენს საცხოვრებლებში მარცვლეულის, ღვინისა და ზეთის მეათედი და შენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის პირველმოგებულები, და ყოველი შენი აღთქმული, რომელიც აღთქმული გაქვს. შენი ნებაყოფლობითი შესაწირავები და შენი ხელის აღსამართავი. 18 არამედ მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი: შენ და შენმა ძემ, და შენმა ასულმა, და შენმა მსახურმა, და შენმა მხევალმა, და ლევიანმა, რომელიც შენს კარიბჭესთანაა. და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე მთელი შენი ნაამაგრით. 19 გაფრთხილდი, არ მიატოვო ლევიანი მთელი შენი დღეების მანძილზე შენს მიწაზე. 20 როდესაც გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვარს, როგორც გაუწყა, და იტყვი: „შევჭამ ხორცს”, რადგან შენი სული ისურვებს ხორცის ჭამას, მაშინ შენი სულის სურვილისამებრ ჭამე ხორცი. 21 თუ შორს იქნება თქვენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასაწესებლად, მაშინ დაკალი შენი მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვიდან, რომელიც მოგცა უფალმა, როგორც მე გიბრძანე, და ჭამე შენს კარიბჭეებში შენი სულის სურვილისამებრ, 22 ოღონდ, როგორც ქურციკი და ირემი იჭმევა, ისე ჭამეთ იგი. უწმიდურსა და წმიდას შეუძლია ჭამოს იგი. 23 მხოლოდ მკაცრად ეკრძალე, რათა არ ჭამო სისხლი, რადგან სისხლი სულია და არ უნდა ჭამო სული ხორცთან ერთად. 24 არ ჭამო იგი, წყალივით დაღვარეთ მიწაზე. 25 არ ჭამო იგი, რათა კარგად იყვნეთ შენ, და შენს შემდეგ, შენი ძენი, რადგან იმას გააკეთებ, რაც სწორია უფლის თვალში. 26 ოღონდ აიღე შენი შესაწირავები, რაც გექნება, და შენი აღთქმულები და მიდი იმ ადგილას, რომელსაც გამოარჩევს უფალი. 27 და შესწირე შენი სრულადდასაწველი, ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე. შენი მსხვერპლის სისხლი უნდა დაიღვაროს უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოზე, ხორცი კი ჭამე. 28 დაიცავი და გაიგონე ყველა ეს სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებ, რათა კარგად იყვნეთ შენ და შენი ძენი, შენს შემდეგ, უკუნისამდე, რადგან იმას გააკეთებ, რაც კარგი და სწორია უფლის, შენი ღმერთის თვალში. 29 როდესაც მოსრავს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომლებთანაც შენ მიხვალ, რომ განდევნო ისინი შენი პირისაგან, და განდევნი მათ, და დასახლდები მათ ქვეყანაში, 30 გაფრთხილდი, არ გაება მახეში მათ უკან მას შემდეგ, რაც მოისპობიან შენი პირისაგან და არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს და არ თქვა: „როგორც ეს ხალხები ემსახურებიან თავიანთ ღმერთებს, მეც ისე მოვიქცევი.” 31 და არ გაუკეთო ასე უფალს, შენს ღმერთს, რადგან ყველა სისაძაგლეს, რაც უფალს ეჯავრება, ისინი თავიანთ ღმერთებს უკეთებენ: თავიანთ ძეებსა და თავიანთ ასულებს ცეცხლში უწვავენ თავიანთ ღმერთებს. 32 ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებთ, დაიცავით შესასრულებლად. ნურც დაუმატებ მას და ნურც მოაკლებ.
თავი მეთერთმეტე                                                                                                                             თავი მეცამეტე

COMMENTS