HomeUncategorized

მეორე რჯული 26

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
261 და როდესაც მიხვალ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს და დაიმკვიდრებ მას და დასახლდები მასში, 2 აიღე მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს და ჩაალაგე კალათაში, და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად. 3 და მიდი მღვდელთან, რომელიც იქნება იმ დღეებში, და უთხარი მას: „ვუცხადებ დღეს უფალს, შენს ღმერთს, რომ მე მოვედი იმ ქვეყანაში, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა ჩვენს მამებს”. 4 და გამოგართმევს მღვდელი კალათას ხელიდან, და დადგამს იგი უფლის, შენი ღმერთის, სამსხვერპლოს წინაშე. 5 და განაცხადებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი და ჩავიდა ეგვიპტეში, და ხიზნობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხით, და შეიქნა იქ დიდ ერად, ძლიერად და მრავალრიცხოვნად. 6 ცუდად გვეპყრობოდნენ ჩვენ ეგვიპტელნი, და გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ, 7 და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, და იხილა ჩვენი გაჭირვება, ჩვენი ჯაფა და ჩვენი ჩაგვრა, 8 და გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით, დიდი საშინელებით და ნიშნებით და სასწაულებით. 9 და მოგვიყვანა ჩვენ ამ ადგილას, და მოგვცა ეს ქვეყანა, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი. 10 და ახლა კი, აჰა, მოვიტანე მიწის პირველმოწეული ნაყოფი, რომელიც შენ მომეცი, უფალო!” და დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს. 11 და გაიხარე ლევიანთან და ხიზანთან ერთად, რომელიც შენს წიაღშია, ყოველი სიკეთით, რაც კი მოუცია უფალს, შენს ღმერთს, შენთვის და შენი სახლისთვის. 12 როცა დაასრულო შენი მოსავლიდან ყოველი მეათედის გამოყოფა მესამე წელს – მეათედის წელს – მიეცი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, და ჭამონ შენს კარიბჭეებთან და გაძღნენ. 13 და თქვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „გავიტანე სახლიდან წმიდა წილი და კიდეც მივეცი იგი ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ყოველივე იმ შენი ბრძანებებისამებრ, რომელიც მამცნე. არ გადამიხვევია შენი მცნებებიდან და არ დამვიწყნია. 14 არ მიჭამია ჩემი მწუხარებისას და არ გამომიყვია იგი გაუწმედურებისას, და მკვდრისთვის არ გამიცია. ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის, ხმა და შევასრულე ყოველივე, რაც მიბრძანე. 15 გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფლიდან, ციდან, და აკურთხე შენი ერი, ისრაელი, და მიწა, რომელიც ჩვენ მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი”. 16 ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას. დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით. 17 დღეს შენ აღიარე უფალი, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მის გზებზე და დაიცავ მის წესებს, და მის მცნებებს და მის სამართალს, და ყურად იღებ მის ხმას. 18 და უფალმა გაღიარა დღეს, რომ იყო მისთვის რჩეული ერი, როგორც გითხრა შენ, რათა იცავდე ყველა მის მცნებას. 19 და დაგსვას თავის გაჩენილ ყველა ხალხზე მაღლა, სადიდებლად, სასახელოდ და მშვენებად, და რათა იყო წმიდა ერი უფლისთვის, შენი ღმერთისათვის, როგორც მან თქვა.
თავი ოცდამეხუთე                                                                                                                         თავი ოცდამეშვიდე

COMMENTS