HomeUncategorized

მეორე რჯული 33

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
331 ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელის ძენი თავისი სიკვდილის წინ. 2 და თქვა: „უფალი მოვიდა სინაიდან და ამოუბრწყინდა მათ სეყირიდან, გამოჩნდა ფარანის მთიდან და მოვიდა ათი ათასობით წმიდათაგან. მის მარჯვნივ იყო რჯულის ცეცხლი მათთვის. 3 ნამდვილად უყვარს ხალხები. მათი ყოველი წმიდა შენს ხელშია და ისინი ღებულობენ შენს სიტყვებს და ისინი დაემხენ შენს ფერხთით. 4 რჯული გვიბრძანა ჩვენ მოსემ, იაკობის კრებულის წილხვედრი. 5 ის იყო მეფედ იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ხალხის მთავრები ისრაელის ტომებთან ერთად. 6 იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს, და ნუ იქნება მისი ხალხი მცირერიცხოვანი!” 7 და ეს თქვა იუდაზე: „ისმინე, უფალო, იუდას ხმა და მიიყვანე თავის ხალხთან იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის და მტერთაგან შემწედ შენ ეყოლები.” 8 და ლევიზე თქვა: „შენი თუმიმი და ურიმი შენს წმიდა კაცს, რომელიც მასაში გამოსცადე, და ედავე მერიბას წყლებთან, 9 რომელიც ამბობს თავის მამაზე და თავის დედაზე: ‘მე ისინი არ მინახავს.’ და არ იცნობდა თავის ძმებს და არ ცნობდა თავის ძეთ, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და ინახავდნენ შენს აღთქმას. 10 და ასწავლონ შენი სამართალნი იაკობს და შენი რჯული – ისრაელს. დადონ საკმეველი შენს წინაშე და სრულადდასაწველი – შენს სამსხვერპლოზე. 11 აკურთხე, უფალო, მისი ძალა, და მოიწონე მისი ხელის ნამოქმედარი. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეებს და მოძულეებს, რომ ფეხზე ვეღარ დადგნენ”. 12 და ბენიამინზე თქვა: „უფლის მოყვარულმა უშიშრად დაივანოს მისით. იგი მფარველობს მას დღენიადაგ და დავანებულია მის მხრებს შორის.” 13 და იოსებზე თქვა: „აკურთხოს უფალმა მისი ქვეყანა ცის მადლით, ცვარითა და ქვეშ განრთხმული უფსკრულით, 14 და მზის მადლიანი მოსავლითა და მთვარის მადლიანი ნაყოფით, 15 და ძველი მთების პირველნაყოფით, და საუკუნო ბორცვების მადლით, 16 და მიწის მადლით და მისი სისავსით. მაყვლოვანში დავანებულის წყალობა გადმოვიდეს იოსების თავზე და მის ძმათა შორის გამორჩეულის თხემზე. 17 მას პირველშობილი კუროს ბრწყინვალება აქვს, მისი რქები მარტორქის რქებია. ამით ურქენს ხალხებს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. და ესენია ათი ათასები ეფრემისა და ესენია ათასეულები მენაშესი.” 18 და ზებულუნზე თქვა: „იხარე, ზებულუნ, შენი გამოსვლისას, და, ისაქარ, შენს კარვებში. 19 და მოიწვევენ მთაზე ხალხებს, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლებს, რადგან ისინი გამოწოვენ ზღვის სიუხვეს და ქვიშაში ჩამალულ საგანძურებს.” 20 და გადზე თქვა: „კურთხეულია გადის განმვრცობი. ლომივით განისვენებს და გლეჯს მკლავსაც და თხემსაც. 21 და ნახა თავისთვის საუკეთესო წილი, რადგან იქაა რჯულმდებლის წილი გადანახული. მოვიდა იგი ხალხის მთავრებთან ერთად და შეასრულა უფლის სიმართლე და მისი სამართალი ისრაელთან.” 22 და დანზე თქვა: „დანი ბოკვერია ლომისა, რომელიც ხტება ბაშანიდან.” 23 და ნაფთალზე თქვა: „ნაფთალი მაძღარია წყალობით და აღსავსეა უფლის კურთხევით. დასავლეთით და სამხრეთით დაემკვიდრება.” 24 და აშერზე თქვა: „კურთხეულია ძეთაგან აშერი. თავისი ძმების სასურველი იქნება და ფეხს ზეთში ჩადგამს. 25 რკინა და სპილენძი იყოს შენი ურდულები. და დღეებივით იყოს შენი დოვლათი. 26 არ არის იერუშუნის ღმერთის სადარი, რომელიც ცაზეა ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებზე თავისი დიდებით. 27 თავშესაფარია პირვანდელი ღმერთი და ქვემოდანაა საუკუნო მკლავები. და განდევნა მტერი შენი პირისაგან, და თქვა: ‘გაანადგურე!’ 28 და დაივანებს ისრაელი უშიშრად, მარტო. იაკობის წყარო მარცვლეულის და მაჭრის ქვეყანაში, მისი ციდან ცვარი მოწვეთავს. 29 ნეტარი ხარ შენ, ისრაელ! ვინ შეგედრება? შენ, ერო, გამოხსნილო უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია, და შენი ბრწყინვალების მახვილი! შენი მტრები ფეხქვეშ გაგეგებიან, და შენ გათელავ მათ გორაკებს.”
თავი ოცდამეთორმეტე                                                                                                     თავი ოცდამეთოთხეტე

COMMENTS