HomeUncategorized

მეორე რჯული 23

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
231 ვერ შევა კვერცხებდაზიანებული და ასომოკვეთილი უფლის კრებულში. 2 ვერ შევა ბუში უფლის კრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში. 3 ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, მათი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის კრებულში უკუნისამდე, 4 იმიტომ, რომ არ შემოგეგებნენ თქვენ პურითა და წყლით გზაზე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, და იმიტომ, რომ დაიქირავა შენს წინააღმდეგ ბილყამი, ძე ბეყორისა, შუამდინარეთის ფეთორიდან, შენს დასაწყევლად. 5 და არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსმენა ბილყამისა, და წყევლა კურთხევად შეცვალა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან შეგიყვარა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა. 6 ნუ ეძებ მათთვის მშვიდობასა და სიკეთეს მთელი შენი დღე და მოსწრება, საუკუნოდ. 7 ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი. ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზანი იყავი მის ქვეყანაში. 8 ძეებს, რომელნიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შეუძლიათ შევიდნენ უფლის კრებულში. 9 როცა ბანაკად გახვალ მტრების წინააღმდეგ, ერიდე ყოველივე ცუდს. 10 თუ ვინმე იყოს შენში, რომელიც სუფთა არ იქნება ღამის დინების გამო, გავიდეს ბანაკის გარეთ და ბანაკში არ შემოვიდეს. 11 საღამო ჟამს წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში. 12 იქონიე ადგილი ბანაკის გარეთ და გახვალ იქ, 13 ნიჩაბი გქონდეს შენს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას, ამოთხარე იმით, და ჩაფალი შენი სკორე; 14 რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შენი ბანაკის წიაღში, რათა გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. და იყოს შენი ბანაკი წმიდა, და არ იხილოს მან შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს. 15 არ გადასცე მსახური თავის ბატონს, როცა თავისი ბატონისაგან თავს შენთან შემოაფარებს. 16 შენთან იცხოვროს, შენს წიაღში, იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს ერთ-ერთ ბჭესთან, სადაც მოეწონება. არ შეავიწროო იგი. 17 ნუ იქნება ტაძრის როსკიპი ისრაელის ასულთაგან და ნუ იქნება ტაძრის როსკიპი კაცი ისრაელის ძეთაგან. 18 არავითარი აღთქმისათვის არ შეიტანო მრუშის გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის, სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისთვის. 19 არ ასესხო შენს მოძმეს ვახშით – არც ვერცხლი, არც საჭმელი, არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება. 20 უცხოტომელებზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს არ ასესხო ვახშით, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელ შენს ნაამაგარში იმ ქვეყანაში, რომელშიც შენ შედიხარ დასამკვიდრებლად. 21 თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დაუყოვნო აღსრულება, რადგან მოგკითხავს მას უფალი, შენი ღმერთი, და შენზე იქნება ცოდვა. 22 და თუ არ დაგიდევს აღთქმა, არ იქნება შენზე ცოდვა. 23 შენი ბაგეებიდან გამოსული დაიცავი და შეასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით. 24 როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში, ჭამე ყურძენი რამდენიც გინდა, მაძღრისად, ოღონდ ჭურჭელში არ ჩაიწყო. 25 როცა მიხვიდე შენი მოყვასის სამკალში, ხელით მოგლიჯე თავთავები, ოღონდ ნამგალი არ მოუსვა შენი მოყვასის სამკალში.
თავი ოცდამეორე                                                                                                                               თავი ოცდამეოთხე

COMMENTS