HomeUncategorized

მეორე რჯული 29

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
291 აჰა, სიტყვები აღთქმისა, რომელნიც უფალმა ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში. 2 და მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს, და უთხრა მათ: ყველაფერი ნახეთ, რაც დამართა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს და ყველა მის მსახურს და მთელ მის ქვეყანას თქვენს თვალწინ, 3 ის დიდი სასჯელები, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები. 4 და დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალნი სახილველად და ყურნი სასმენელად. 5 და გატარებდი ორმოცი წელიწადი უდაბნოში. არ შემოგცვეთია ტანზე სამოსელი და არ დაგცვეთია ფეხზე ფეხსამოსი. 6 პური არ გიჭამიათ და ღვინო და მაგარი სასმელები არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 7 და მოხვედით ამ ადგილას. და გამოვიდნენ სიხონი –ხეშბონის მეფე, და ყოგი – ბაშანის მეფე, ჩვენს წინააღმდეგ საომრად და ჩვენ დავამარცხეთ ისინი. 8 და ავიღეთ მათი ქვეყანა, და მივეცით ის სამკვიდროდ რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მენაშეს ძეთა ნახევარ ტომს. 9 დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რათა ხელი მოგემართოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ. 10 ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე: თქვენი ტომის მთავრები, თქვენი უხუცესები, თქვენი ზედამდგომელნი, ისრაელის ყოველი კაცი, 11 თქვენი პატარები, თქვენი ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია, შენი შეშის დამჭრელიდან შენი წყლის მხაპავამდე, 12 რათა შეხვიდე უფლის, შენი ღმერთის, აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გიდებს დღეს, 13 რათა დაგაყენოს დღეს თავის ერად. და თვითონ შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და როგორც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს. 14 და მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ მე ამ აღთქმას და ამ ფიცს, 15 არამედ იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე და იმათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან აქ დღეს. 16 რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ გამოიარეთ. 17 და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები და მათი კერპები ძელისა და ქვისა, ვერცხლისა და ოქროსი, რომელნიც მათ ჰქონდათ. 18 ნუ იქნება თქვენს შორის კაცი ან დედაკაცი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს. ნუ იქნება თქვენს შორის ფესვი შხამისა და აბზინდის გამომღები, 19 ისეთი კაცი, რომელიც როცა მოისმენს ამ წყევლის სიტყვებს, გულში თავს იკურთხებს და იტყვის: „მშვიდობა მექნება, თუმცა ჩემი გულის ნებაზე დავდივარ”, და ამგვარად დარწყულებული მწყურვალთან ერთად დაიღუპება. 20 არ ინდომებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან. 21 და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად. 22 და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი ძენი, რომელნიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და იხილავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა: 23 გოგირდი და მარილი, ნახანძრალი – მთელი ქვეყანა. არ დაითესება და არ აღმოცენდება მასში არც ერთი ბალახი, როგორც დაიქცა სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც დააქცია უფალმა თავისი რისხვითა და თავისი წყრომით”. 24 და იტყვის ყველა ხალხი: „რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?” 25 და იტყვიან: „იმისათვის, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოჰყავდა, 26 და წავიდნენ და ემსახურნენ სხვა ღმერთებს, და თაყვანი სცეს მათ, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც უფალს არ უწილხვედრებია მათთვის. 27 და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ ქვეყანაზე, რათა მიევლინა მასზე მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი. 28 და განდევნა ისინი უფალმა მათი მიწიდან რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით. და გადაყარა სხვა ქვეყანაში, როგორც ეს დღეს არის. 29 დაფარული უფალს, ჩვენს ღმერთს, ეკუთვნის, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყველა სიტყვა.
თავი ოცდამერვე                                                                                                                                  თავი ოცდამეათე

COMMENTS