Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 6

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
თავთავების მოწყვეტა შაბათ დღეს

61 ერთხელ, შაბათს, ყანებზე გადავლა მოუხდა; და მისის მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ. ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისის გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?“ და მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფებს? როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და თავისთან მყოფთაც დაურიგა, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?“ და უთხრა მათ: „შაბათის ბატონიც არის კაცის ძე.“

ხელშემხმარი კაცის განკურნება


და მოხდა, რომ ერთი სხვა შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა. მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, აბა, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ეპოვათ როგორ დაედოთ ბრალი მისთვის. მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა: „ადექ და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში. უთხრა იესომ მათ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?“ 10 და თვალი მოავლო ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე შენი ხელი!“ ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი. 11 ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.

თორმეტის ამორჩევა

12 იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე  სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა. 13 დღე რომ დადგა, და დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა: 14 სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, 15 მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, მოშურნედ წოდებული. 16 იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.

მრავალთა მსახურება

17 და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ზღვისპირეთიდან — ტვიროსიდან და ციდონიდან, 18 რომელნიც მოვიდნენ, რომ მისთვის მოესმინათ და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებულიყვნენ — უწმიდური სულით გატანჯულნიც — და იკურნებოდნენ. 19 მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა.

ნეტარებანი და ვაებანი

20 აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: „ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი. 21 ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით, ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ. 22 ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო. 23 გაიხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები. 24 მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა. 25 ვაი, თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ. 26 ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები.

გიყვარდეთ თქვენი მტრები

27 ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. 28 აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის. 29 ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართავს, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ. 30 ყველამ ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ. 31 როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისივე მოექეცით მათ. 32 თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი. 33 თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ. 34 თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგუბრუნებთ, ეს რა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე. 35 ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც. 36 იყავით გულმოწყალენი, ისვე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.

ნუ განიკითხავთ

37 ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ. 38 მიეცით და თქვენს მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ,  იმავეთი მოგეწყებათ.“ 39 იგავი უთხრა მათ: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? 40 მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი. 41 რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? 42 ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.

ხე ნაყოფით იცნობა

43 არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს. 44 ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი. 45 კეთილი კაცი თავის გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს, ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.

ორგვარი საძირკველი

46 რატომ მიწოდებთ: ‘უფალო, უფალო!’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? 47 ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს. 48 იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს ძვრა ვერ უყო. ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. 49 ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა.“

თავი მეხუთე                                                                                                                                         თავი მეშვიდე

Newer Post
Older Post

COMMENTS