Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 22

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
შეთქმულება იესოს მოსაკლავად

221 ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული. და დაეძებდნენ მღვდელმღავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. 3 შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო. წავიდა, ელაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ მიეცა მათვის იესო. მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ, მიეცათ მისთვის ვერცხლი. მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის.

პასექის მომზადება

დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი. მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ.“ მათ უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“ 10 მან უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა, 11 და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამოო პასექი? 12 ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ.“ 13 წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.

ზიარების დაწესება

14 როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად. 15 უთხრა მათ: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. 16 რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში.“ 17  აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.“ 18 რადგან გეტყვით: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი.“  19 აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ 20 ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება. 21 და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.; 22 რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.“ 23 და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.

კამათი უდიდესის შესახებ

24 ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად. 25 მან კი უთხრა მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფებანი მწყალობლებად იწოდებიან. 26 თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენ შორის უფრო უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს — მსახურივით. 27 ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური, 28 თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში. 29 მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი, 30 რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.“

გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე

31 თქვა უფალმა : „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. 32 მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.“ 33 მან კი უთხრა მას: „უფალო, შებთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც,“ 34 ხოლო მან თქვა: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.“

ქისა, გუდა და მახვილი

35 უთხრა მათ: „როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდად?“ თქვეს არაფერიო. 36 უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყოდოს. 37 თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა შესრულდეს: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა.’ რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს.“ 38 მათ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია.“ მან კი უთხრა მათ: „კმარა.“

ლოცვა ზეთისხილის მთაზე

39 გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას. 40 ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“ 41 თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა. 42 ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“ 43 ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა. 44 ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა. 45 ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები. 46 უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“

იესოს გაცემა და შეპყრობა

47 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად. 48 იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“ 49 მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“ 50 ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. 51 მიუგო იესომ და თქვა: „თავი დაანებეთ, საკმარისია!“ და შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი. 52 უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად? 53 ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება.“

სამგზის უარყოფა

54 და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა. 55 როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. 56 ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დაკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო.“ 57 მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო, არ ვიცნობ იმას.“ 58 ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“ 59 თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია.“ 60 თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა.61 და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო, 62 და გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

იესოს დაცინვა და ცემა

63 ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას. 64 თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“? 65 და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ.

იესო სინედრიონის წინაშე

66 როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში. 67 და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი.“ უთხრა მათ: „რომ  გითხრათ, არ დამიჯერებთ, 68 და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ. 69 ამიერედან ძე კაცისა იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.“ 70 თქვა ყველამ: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?“ მან უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.“ 71 მათ თქვეს: „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან.“

თავი ოცდამეერთე                                                                                                                        თავი ოცდამესამე

Newer Post
Older Post

COMMENTS