Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 24

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
აღდგომა

241 ერთშაბათს, უთენია მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ. და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული. მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი. ამის გამო შეფიქრიანდნენ და, აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსლით მოსილი. რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო.“ და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები. დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს. 10 ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი. 11 მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ. 12 ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.

შეხვედრა ემაუსის გზაზე

13 და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. 14 ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო. 15 ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ. 16 მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი. 17 უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?“ ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი. 18 მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“ 19 და უთხრა მათ: „რა მოხდა?“ მათ უთხრეს მას: „იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე, 20 როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. 21 ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა. 22 მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან. 23 და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო. 24 ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს.“ 25 მან უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! 26 განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ 27 და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს.
   28 მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა. 29 მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან. 30 როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ. 31 მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქმნა მათთვის. 32 უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“ 33 ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი, 34 რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს. 35 მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორც იცნეს იგი პურის გატეხისას.

იესო ეცხადება მოწაფეებს

36 ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ 37 შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ. 38 მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? 39 შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“ 40 ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები. 41 რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რამე საჭმელი.“ 42 მათ მიაწოდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული. 43 გამოართვა და შეჭამა მათ წინაშე. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ.
   44 უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“ 45 მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად 46 და უთხრა მათ: „ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; 47 და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48 თქვენ კი ამის მოწმენი ხართ. 49 და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ.“

იესოს ამაღლება

50 და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაბყრო ხელები, და აკურთხა ისინი. 51 როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.  52 მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით. 53 და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

თავი ოცდამესამე                                                                                                                             იოანეს სახარება

COMMENTS