ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
იესო პილატეს წინაშე
231 და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წამოიყვანეს იგი პილატესთან. 2 შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო.“ 3 პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო მას და თქვა: „შენ ამბობ.“ 4 პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში.“ 5 მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.“
იესო ჰეროდეს წინაშე
6 პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: „განა გალილეველია ეს კაცი?“ 7 როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა. 8 ჰეროდე, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან. 9 ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა. 10 მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას. 11 ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს. 12 იმ დღეს პილატე და ჰეროდე დამეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთიმეორეს.
სასიკვდილო განაჩენი
13 პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს. 14 და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას, 15 და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას. 16 ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ 17 მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ. 18 მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო, 19 რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის. 20 პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება. 21 მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ.“ 22 მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“ 23 ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ. 24 და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა: 25 გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას გადასცა.
ჯვარცმა
26 როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ. 27 მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო. 28 იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ. 29 რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’ 30 მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემთხვეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’ 31 ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“
32 მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც — ორი ავაზაკი. 33 როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც — ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. 34 იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. 35 იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული.“ 36 ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან, 37 ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“ 38 მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველეთა მეფე.“
32 მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც — ორი ავაზაკი. 33 როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც — ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ. 34 იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით. 35 იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული.“ 36 ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან, 37 ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“ 38 მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველეთა მეფე.“
39 ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც.“ 40 მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? 41 ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“ 42 და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ.“ 43 და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“
იესოს სიკვდილი
44 დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე. 45 დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო. 46 და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს.“ ეს თქვა და სული განუტევა. 47 ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო.“ 48 ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. 49 ყველა, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას.
იესოს დაკრძალვა
50 აჰა, ერთ კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი, 51 რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს, 52 მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 53 გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. 54 ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა. 55 უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, როლენიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი. 56 ამის შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.
COMMENTS