Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 5

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
პირველ მოწაფეთა მოხმობა

51 ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდგა გენესარეთის ტბასთან, დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“ მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი დღე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს.“ ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ. ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორი ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ. 8 ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.“ რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს. 10 ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები.“ 11 მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას.

კეთროვნის გაწმედა

12 ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი, დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი გაწმედა.“ 13 და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი. 14 და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, როგორც დაუდგინა მათ მოსემ მოწმობად.“ 15 და უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან. 16 ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.

დამბლადაცემულის განკურნება

17 ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად, 18 აჰა, კაცებმა საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ. 19 და რომ ვერ მოახერხეს მისის შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინ. 20 რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები.“ 21 და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს? ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“ 22 იესო მიხვდა მათ ზრახვებს, და მიუგო  და უთხრა: „რას კითხულობთ თქვენს გულში? 23 რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა : ადექ და გაირე? 24 რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, — ეუბნება დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი.“ 25 და მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს. 26 და განცვიფრებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

ლევის მოხმობა

27 ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საბაჟოში, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“ 28 მანაც მიატოვა ყოველივე, წამოდგა და გაჰყვა მას. 29 და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვანი, რომლებიც მათთან ერთად უსხდნენ სუფრას. 30 მათ მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“ 31 და მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. 32 მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.“

კითხვა მარხვაზე

33 მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ.“ 34 იესომ უთხრა მთ: „როგორ აიძულებთ მექორწილეებს, იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის? 35 მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“ 36 იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებლი. 37 არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება. 38 არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას. 39 არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.“

თავი მეოთხე                                                                                                                                          თავი მეექვსე

Newer Post
Older Post

COMMENTS