Homeბიბლიაახალი აღთქმა

ლუკას 17

ახალი აღთქმა
ლუკას სახარება
იესოს ზოგიერთი გამონათქვამი

17უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა. 2 მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა. 3 ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე. 4 დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“   
5
 უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა.“ 6 თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ. 
7
 რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს — მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო? 8 განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო? 9 ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია. 10 ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.“

ათი კეთროვნის გაწმედა


11
 ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა. 12 ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ. 13 ხმა აღამაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“ 14 ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს.“ როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ. 15 ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს. 16 პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო. 17 მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრა სადღა არის? 18 როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“ 19 უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა.“

ღვთის სამეფოს მოსვლა


20
 ჰკითხეს მას ფარისეველებმა: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. 21 არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი.“ 22 უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. 23 გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით. 24 ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და  ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე აცისა თავის დღეს. 25 ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ. 26 და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც: 27 ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა. 28 ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ. 29 ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა. 30 ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება. 31 იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება. 32 გაიხსენეთ ლოტის ცოლი. 33 ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას. 34 თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება. 35 ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება. 36 ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.“ 37 მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.“

თავი მეთექვსმეტე                                                                                                                        თავი მეთვრამეტე

Newer Post
Older Post

COMMENTS