დაბადება 35

By
მარტი 20, 2015
ძველი აღთქმა
დაბადება351 და უთხრა ღმერთმა იაკობს: „ადექი, ადი ბეთელს და იქ დასახლდი; და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა ესავს, შენს ძმას, გაექეცი.” 2 და უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც იყვნენ მასთან: „მოიშორეთ უცხო ღმერთები, თქვენში რომ არის, და განიწმიდენით, და გამოიცვალეთ თქვენი სამოსელი. 3 და ავდგეთ და წავიდეთ ბეთელში, და ავუგებ იქ სამსხვერპლოს ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს, და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.” 4 და მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთები, რომლებიც კი ჰქონდათ, და აგრეთვე საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და ჩაფლა ისინი იაკობმა მუხის ქვეშ, შექემთან რომ არის. 5 და აიყარნენ ისინი. და ღვთის შიში იყო ირგვლივ მდებარე ქალაქებზე, და არ დაედევნენ უკან იაკობის ძეებს. 6 და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, ანუ ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია. 7 და ააშენა იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს ელ-ბეთელი, რადგან იქ გამოეცხადა მას ღმერთი, როცა გაურბოდა ის თავის ძმას. 8 და მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დაიმარხა ბეთელის ქვემოთ, მუხის ქვეშ, რომელსაც უწოდეს ალონ-ბაქუთი. 9 და კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა იგი, 10 და უთხრა მას ღმერთმა: „შენი სახელი არის იაკობი, მაგრამ აღარ გერქვას იაკობი, რადგან ისრაელი იქნება შენი სახელი!” ასე ეწოდა მას სახელად ისრაელი. 11 და უთხრა მას ღმერთმა: „მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერე და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული გამოვა შენგან წარმოსდგებიან მეფენი შენი საზარდულიდან. 12 და ქვეყანას, რომელიც მივეცი მე აბრაამსა და ისაკს, მოგცემთ შენ და შენს თესლს, შენს შემდეგ.” 13 და ამაღლდა მისგან ღმერთი იმ ადგილიდან, საიდანაც ელაპარაკებოდა მას. 14 და აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილზე, სადაც ელაპარაკა ის მას, ძეგლი ქვისა. და დაღვარა მასზე საღვრელი და დაასხა მას ზეთი. 15 და უწოდა იაკობმა სახელად იმ ადგილს, სადაც ელაპარაკებოდა მას ღმერთი, ბეთელი. 16 და აიყარნენ ისინი ბეთელიდან. და მცირე მანძილიღა იყო ეფრათამდე, რომ შვა რახელმა. და გაუძნელდა მას მშობიარობა. 17 და როცა გაუჭირდა მშობიარობისას, უთხრა მას ბებია ქალმა: „ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს.” 18 და ვიდრე სული ამოხდებოდა, რადგან სიკვდილის პირას იყო, უწოდა ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა. 19 და მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათას გზაზე, ბეთლემში. 20 და იაკობმა აღმართა ძეგლის სვეტი მის სამარხზე. ის სამარხის სვეტი დღესაც იქაა. 21 და აიყარა ისრაელი და გაშალა თავისი კარავი გედერის გოდლის იქით. 22 და მოხდა, რომ როცა ისრაელი ქვეყანაში ცხოვრობდა, რეუბენი შევიდა ბილჰასთან, თავისი მამის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. და ჰყავდა იაკობს თორმეტი ძე. 23 ძენი ლეასაგან: იაკობის პირმშო რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულუნი. 24 ძენი რახელისაგან: იოსები და ბენიამინი. 25 ძენი ბილჰასგან, რახელის მხევლისაგან: დანი და ნაფთალი. 26 და ძენი ზილფასგან, ლეას მხევლისაგან: გადი და აშერი. ესენი იყვნენ ძენი იაკობისა, რომელნიც შეეძინა მას შუამდინარეთში. 27 და მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათ-არბაყში, ანუ ხებრონში, სადაც ხიზნობდნენ აბრაამი და ისაკი. 28 და იყო ისაკი ას ოთხმოცი წლის. 29 და აღესრულა ისაკი და მოკვდა, და შეეძინა თავის ხალხს მოხუცებული და თავისი დღეებით გამაძღარი. და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა ძეებმა.

თავი ოცდამეთოთხმეტე                                                                                                        თავი ოცდამეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close