ძველი აღთქმა
დაბადება
დაბადება
131 და წავიდა აბრამი ეგვიპტიდან ნეგებისაკენ თავის ცოლთან და ლოტთან ერთად. თან ჰქონდა ყველაფერი, რაც ებადა. 2 აბრამი ძალზე მდიდარი იყო საქონლის ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით. 3 გაემგზავრა ნეგებიდან ბეთელისაკენ, იმ ადგილამდე, სადაც უწინ მისი კარავი იყო ბეთელსა და ჰაღაის შორის, 4 იმ ადგილამდე, სადაც მან პირველად ააგო სამსხვერპლო და იქ მოუხმო აბრამმა უფლის სახელს. 5 და ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მიდიოდა, ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები. 6 და ვერ იტევდა მათ ქვეყანა ერთად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. 7 და ატყდა დავა აბრამისა და ლოტის მწყემსთა შორის. იმ დროს ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში. 8 და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება ჩემსა და შენს შორის, ჩემს და შენს მწყემსებს შორის დავა, რადგან ჩვენ ძმები ვართ. 9 განა მთელი ქვეყანა შენს წინ არ არის? გავიყაროთ და, თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.” 10 და აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო ცოყარის მისადგომებამდე; ვიდრე უფალი მოსპობდა სოდომსა და გომორას, იგი იყო როგორც სამოთხე უფლისა, როგორც ქვეყანა ეგვიპტისა. 11 და ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა, და წავიდა ლოტი აღმოსავლეთისაკენ, და განცალკევდა კაცი თავისი ძმისაგან. 12 და აბრამი დაემკვიდრა ქანაანის ქვეყანას, ხოლო ლოტი დაემკვიდრა ხეობის ქალაქებში და გაშალა თავისი კარვები სოდომამდე. 13 და მკვიდრნი სოდომისა ბოროტები იყვნენ და ძალზე სცოდავდნენ ღვთის წინაშე. 14 და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან მისი განცალკევების შემდეგ: „აღაპყრე თვალები, და გაიხედე იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ. 15 რადგან მთელ ქვეყანას, რომელსაც ხედავ, შენ მოგცემ და შენს თესლს უკუნისამდე. 16 და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც მტვერს მიწისას. და თუ ვინმე შეძლებს მტვრის აღრიცხვას, მაშინ შენი შთამომავლობაც აღირიცხება. 17 და ადექი და მოიარე ეს ქვეყანა, მისი სიგრძე და განი, რადგან შენ მოგცემ მას.” 18 და აშალა კარვები აბრამმა და მივიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია. და აუშენა იქ სამსხვერპლო უფალს.თავი მეთორმეტე თავი მეთოთხმეტე