აღსავლენი მსხვერპლი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 65:13
მოვალ შენს სახლში აღსავლენით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,

მეორე რჯული 33:10
და ასწავლონ შენი სამართალნი იაკობს და შენი რჯული – ისრაელს. დადონ საკმეველი შენს წინაშე და სრულადდასაწველი – შენს სამსხვერპლოზე.

ფსალმუნები 50:19
მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.

დაბადება 8:20
აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.

დაბადება 22:2-8
უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით. აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.

გამოსვლა 10:25
უთხრა მოსემ: შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ.

გამოსვლა 18:12
და აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, სრულადდასაწველი და საკლავები ღვთისათვის, და მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი პურის საჭმელად მოსეს სიმამრთან ღვთის წინაშე.

გამოსვლა 20:24
მიწისაგან გამიკეთე სამსხვერპლო და შესწირე მასზე შენი სრულადდასაწველები და შენი სამშვიდობო მსხვერპლები, შენი წვრილფეხა და შენი მსხვილფეხა საქონელი; ყოველ ადგილზე, სადაც დავადგენ ჩემი სახელის ხსენებას, მე მოვალ შენთან და გაკურთხებ.

იობი 1:5
როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.

ლევიანნი 1
და მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა მას საკრებულო კარვიდან: „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შესწიროს ვინმე თქვენთაგანმა მსხვერპლი უფალს საქონელთაგან, მსხვილფეხათაგან და ცხვართაგან და თხათგან შესწირეთ ეს მსხვერპლი. „‘თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს. საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე. და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად. და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; და შესწირონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მოიტანონ სისხლი და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურონ, რომელიც არის საკრებულო კარვის შესასვლელთან. და გაატყაოს სრულადდასაწველის მსხვერპლი და დაჭრას იგი ნაწილებად. და დადონ აარონ მღვდლის ძეთ ცეცხლი სამსხვერპლოზე და განალაგონ შეშები ცეცხლზე. და განალაგონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, ეს ნაწილები და თავი და ქონი შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისათვის. „‘და თუ წვრილფეხიდან იქნება მისი მსხვერპლი, ცხვართაგან ან თხათაგან, სრულადდასაწველად უნაკლო მამალი ცხოველი შესწიროს. და დაკლას იგი სამსხერპლოსთან, ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. და დაჭრას იგი ნაწილებად, მის თავიანად და ქონიანად, და დააწყოს ისინი მღვდელმა შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. და შიგნეული და კანჭები გამორეცხოს წყლით; და შესწიროს მღვდელმა ყოველი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის. „‘და თუ ფრინველთაგანა მოაქვს მას უფლისათვის სრულადდასაწველი, მაშინ შესწიროს გვრიტთაგან ან მტრედის ხუნდთაგან თავისი მსხვერპლი. და შესწიროს იგი მღვდელმა სამსხვერპლოსთან, და წარკვეთოს მას თავი და დააკმიოს სამსხვერპლოზე; და მისი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს კედელთან; და მოაშოროს ჩინჩახვი ბუმბულითურთ და გადაისროლოს იგი სამსხვერპლოსთან, სანაცრის ადგილზე. და გახლიჩოს იგი ფრთებში, არ გააცილოს ისინი და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა; სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.

ლევიანნი 6:8-13
და უთხრა უფალმა მოსეს: „ამცნე აარონს და მის ძეთ: ‘ესაა რჯული სრულადდასაწველისა: სრულადდასაწველი იყოს კოცონზე, სამსხვერპლოზე, მთელი ღამე, ვიდრე დილამდე, და ცეცხლი სამსხვერპლოსი გიზგიზებდეს მასზე. და შეიმოსოს მღვდელმა შესამოსელი სელისა და ქვედა საცვალი სელისავე შეიმოსოს ტანზე, და აიღოს ფერფლი სრულადდასაწველისგან, რომელიც დაწვა ცეცხლმა სამსხვერპლოზე, და დადვას იგი სამსხვერპლოსთან. და გაიხადოს თავისი შესამოსელი და შეიმოსოს სხვა შესამოსელი, და გამოიტანოს ფერფლი ბანაკის გარეთ, წმიდა ადგილზე. და ცეცხლი სამსხვერპლოზე გიზგიზებდეს, არ ჩაქრეს. და მოუკიდოს მასზე მღვდელმა შეშებს დილაობით და განალაგოს მასზე სრულადდასაწველი, და დააკმიოს მასზე ქონი სამშვიდობო მსხვერპლისა. ცეცხლი მარადის გიზგიზებდეს სამსხვერპლოზე, არ ჩაქრეს.

ლევიანნი 7:8
აღსავლენის ტყავი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სწირავს აღსავლენს.

რიცხვნი 28:9-10
და შაბათ დღეს ორი კრავი, ერთწლიანი, საღი, და პურეულის ძღვენი ორი მეათედი წმიდა ხორბლის ფქვილისა, ზეთში აზელილი და მისი საღვრელი. ეს საშაბათო სრულადდასაწველია ყოველ შაბათს, მუდმივი სრულადდასაწველისა და მისი საღვრელის გარდა.

ეზრა 3:3
და დადგეს სამსხვერპლო თავის საძირკველზე, რადგან შიში ჰქონდათ მათ სხვა ქვეყანათა ხალხისა; და აღავლენდნენ მასზედ სრულადდასაწველებს უფლისათვის, სრულადდასაწველებს დილით და საღამოთი.

რიცხვნი 28:27
შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი,

რიცხვნი 29:2
შესწირეთ უფალს აღსავლენი მსხვერპლი კეთილსურნელებად: ერთი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.

ლუკას 2:24
და შესწირონ მსხვერპლად, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა”

4 მეფეთა 10:25
და როცა დასრულდა სრულადდასაწველის შეწირვა, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: „წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ.” და მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა. თავად კი ბაყალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ.

1 მეფეთა 15:22
უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება – ცხვრების ლურთებზე.

ესაია 1:11-15
რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი! რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა? ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

იერემია 7:21-22
ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „თქვენი სრულადდასაწველი მსხვერპლები დაუმატეთ თქვენს მსხვერპლებს და ჭამეთ ხორცი. რადგან მე არ ვეუბნებოდი თქვენს მამებს და არ ვუბრძანებდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოყვანის დღეს სრულადდასაწველისა და მსხვერპლის გამო,

ოსია 6:6
რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის ცოდნა და არა აღსავლენი.

ამოსი 5:25
განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო?

მიქა 6:6-8
რით წარვდგე უფალთან და თაყვანივცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წარვდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილ? ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

მარკოზის 12:33-34
და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი – ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია. როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის.

მათეს 9:13
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.

ებრაელთა 10:5-10
ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე. სრულადდასაწველები და ცოდვის გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი. მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში სწერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’”. ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულადდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი”, მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.

ებრაელთა 10:14
ვინაიდან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.