ეზრა 3

მაისი 12, 2015
ძველი აღთქმა
ეზრა
31 როცა დადგა მეშვიდე თვე და ისრაელის ძენი უკვე თავ-თავიანთ ქალაქებში ესახლნენ, შეიკრიბა ერი იერუსალიმში, როგორც ერთი კაცი. 2 და ადგნენ იესო იეჰოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები და ზერუბაბელ შეალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს, რათა მასზე აღევლინათ სრულადდასაწველნი, როგორც ეს სწერია მოსეს, ღვთისკაცის, რჯულში. 3 და დადგეს სამსხვერპლო თავის საძირკველზე, რადგან შიში ჰქონდათ მათ სხვა ქვეყანათა ხალხისა; და აღავლენდნენ მასზედ სრულადდასაწველებს უფლისათვის, სრულადდასაწველებს დილით და საღამოთი. 4 და გამართეს კარვობის დღესასწაული დაწერილისამებრ და სწირავდნენ დღიურ სრულადდასაწველებს განსაზღვრულ რიცხვში, წესისამებრ, ყოველდღიური საქმისამებრ. 5 და ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ სრულადდასაწველს ახალმთვარეობებისა და უფლის ყოველი კურთხეული დღესასწაულისათვის, და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი ძღვენი მიჰქონდა უფლისათვის. 6 მეშვიდე თვის პირველივე დღიდან დაიწყეს მათ უფლისათვის სრულადდასაწველთა აღვლენა. ხოლო უფლის ტაძრის საძირკველი ჯერ არ იყო ჩაყრილი. 7 და მისცეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს, და საჭმელ-სასმელი, და ზეთი – ციდონელებს და ცორელებს, რათა მოეზიდათ კედრის მორები ზღვით ლიბანიდან იაფოში, იმ ნებართვის მიხედვით, რომელიც მისცა მათ კიროსმა, სპარსეთის მეფემ. 8 და ღვთის სახლთან – იერუსალიმში მათი მისვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შეალთიელის ძე, იესო იეჰოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები – ლევიანები, ვინც ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნდა, და დააყენეს ლევიანები, ოცი წლიდან და ზევით, უფლის სახლის სამუშაოზე ზედამხედველებად. 9 და დადგნენ იესო და მისი ძენი და ძმანი, და კადმიელი და მისი ძენი, ჰოდავიას ძენი, და აგრეთვე ძენი ხენადადისა, მათი ძენი და მათი ძმანი, ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად. 10 და როცა მშენებლებმა უფლის ტაძარს საძირკველი ჩაუყარეს, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით, და ლევიანები, ასაფის ძენი, წინწილებით, რათა ედიდებინათ უფალი დავითის, ისრაელის მეფის, წესის მიხედვით. 11 და შეჰღაღადეს ქებითა და მადლობით უფალს: „რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა წყალობა მისი ისრაელზე!” და მთელი ხალხი უფლის ტაძრის დაფუძნების გამო მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება-დიდებას. 12 და მრავალნი მღვდელთაგან და ლევიანთაგან, მამისსახლთა თავკაცთაგან, მოხუცებულთაგან, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირველი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს, ბევრმა კი სიხარულის ყიჟინა დასცა. 13 და ხალხი ვეღარ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმას, რადგან ხალხი დიდი ხმით ყიჟინებდა და ხმა შორს ისმოდა.
თავი მეორე                                                                                                                                           თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close