1 მეფეთა 15

მაისი 4, 2015
ძველი აღთქმა
1 მეფეთა
151 და უთხრა სამუელმა საულს: „უფალმა გამომგზავნა, რომ მეცხე ისრაელზე, მის ერზე, ისრაელზე მეფედ. ახლა ისმინე უფლის სიტყვები. 2 ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ‘მე მახსოვს, რა გაუკეთა ისრაელს ყამალეკმა, როგორ აბრკოლებდა გზაზე ეგვიპტიდან გამომავალს. 3 ახლა წადი და სძლიე ყამალეკს და გაუნადგურე მთელი საბადებელი. ნუ დაინდობ, გაწყვიტე კაცი და ქალი, ყრმა და ძუძუთა ბავშვი, ხარი და ცხვარი, აქლემი და სახედარი.’” 4 და შეჰყარა საულმა ხალხი, და აღრიცხა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდას ტომიდან. 5 მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხეობაში ჩასაფრდა. 6 და უთხრა საულმა კენიელებს: „ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენც არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისათვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა.” და განუდგნენ კენიელები ყამალეკს. 7 და შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის. 8 და ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურეს. 9 და დაინდეს საულმა და ლაშქარმა აგაგი და საუკეთესო ცხვარი და ძროხა, საკვები, ბაღ-ვენახები და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო, და რისი განადგურებაც არ მოინდომეს; ყველაფერი უვარგისი და ცუდი კი გაანადგურეს. 10 და იყო უფლის სიტყვა სამუელის მიმართ: 11 „ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს.” და დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე ღაღადებდა უფლის მიმართ. 12 და ადგა დილაადრიანად სამუელი, რომ შეხვედროდა საულს. და ეუწყა სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის და იქიდან გამობრუნებული გილგალში ჩასულა. 13 და მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: „კურთხეული ხარ უფლისაგან! მე აღვასრულე უფლის სიტყვა” 14 და თქვა სამუელმა: „რა არის, ცხვრისა და ძროხის ბღავილი რომ მესმის?” 15 და თქვა საულმა: „ყამალეკისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ლაშქარმა საუკეთესო ცხვარი და ძროხა, რომ უფლის, შენი ღმერთისთვის, შეეწირა. დანარჩენი გავანადგურეთ” 16 და უთხრა სამუელმა საულს: „მაცადე და გეტყვი, რა მითხრა უფალმა წუხელ.” და უთხრა მას: „ილაპარაკე.” 17 და თქვა სამუელმა: „ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა? 18 დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: ‘წადი და დაარისხე ცოდვილი ყამალეკი. ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს.’ 19 რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?” 20 და უთხრა საულმა სამუელს: „არა, მე გავიგონე უფლის სიტყვა და წავედი იმ გზით, რაზედაც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი გავანადგურე. 21 ლაშქარმა აიღო ნადავლიდან ცხვარი და ძროხა – დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლის, შენი ღმერთისათვის, შეეწირა მსხვერპლად გილგალში” 22 და თქვა სამუელმა: „განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება – ცხვრების ლურთებზე. 23 რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა. ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე.რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.” 24 უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას. 25 ახლა შემინდე ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.” 26 და უთხრა სამუელმა საულს: „არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.” 27 და გაბრუნდა სამუელი წასასვლელად. და მოეჭიდა საული მისი მოსასხამის კალთას, და გაიხა იგი. 28 და უთხრა მას სამუელმა: „მოხია დღეს უფალმა შენგან ისრაელის მეფობა და მისცა იგი შენს თვისტომს, შენზე უკეთესს. 29 და არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი არ არის ის, რომ გადაიფიქროს.” 30 და თქვა საულმა: „შევცოდე. ახლა ჩემი ერის უხუცესობის და ისრაელის წინაშე მაინც მომაგე პატივი და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს.” 31 და გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს. 32 და თქვა სამუელმა: „მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე.” მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: „ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.” 33 და თქვა სამუელმა: „როგორც უშვილო ქმნა შენმა მახვილმა დედაკაცები, ასევე უშვილო იქნება დედაშენი ქალთა შორის და აჩეხა აგაგი სამუელმა გილგალში უფლის წინაშე.” 34 და წავიდა სამუელი რამას, საული კი თავის სახლში წავიდა, საულის გიბყაში. 35 და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი სიკვდილის დღემდე; მაგრამ წუხდა სამუელი საულზე, რადგან ინანა უფალმა, საული რომ გაამეფა ისრაელზე.
თავი მეთოთხმეტე                                                                                                                           თავი მეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close