4 მეფეთა 10

მაისი 13, 2015
ძველი აღთქმა
4 მეფეთა
101 ახაბს სამოცდაათი შვილი ჰყავდა სამარიაში. და დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და ახაბის შვილების გამზრდელებს. წერდა: 2 „ახლა, როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი. 3 ჰოდა, ამოირჩიეთ ბატონიშვილებიდან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, და დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.” 4 და დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: „აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?” 5 და შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: „შენი მსახურნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით. არავის გავამეფებთ, როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.” 6 და მისწერა მათ მეორე წერილი: „თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში მოდით ჩემთან.” უფლისწულები – სამოცდაათი კაცი – ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ. 7 როცა წერილი მოუვადათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს – სამოცდაათი კაცი. კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს მას. 8 და მივიდა მოციქული და მოახსენა: „მოიტანეს უფლისწულთა თავები.” და თქვა: „ორ გროვად დაყარეთ დილამდე კარიბჭის შესასვლელთან.” 9 დილა იყო, რომ გამოვიდა, დადგა და უთხრა მთელ ხალხს: „თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა? 10 ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არცერთი სიტყვა, რაც უბრძანებია უფალს ახაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.” 11 და ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი ახაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები, არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი. 12 და ადგა და წავიდა და მივიდა სამარიაში. გზაში, ბეთ-ყეკედთან, მწყემსთა ბინებთან 13 შეხვდა იეჰუ იუდას მეფის, ახაზიაჰუს, ძმებს და თქვა: „ვინა ხართ?” და თქვეს: „ახაზიაჰუს ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.” 14 და თქვა: „ცოცხლად შეიპყარით.” შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს ბეთ-ყეკედში, ორმოცდაორი კაცი, ერთიც არ დარჩენილა მათგან ცოცხალი. 15 და წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რეხაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა. მიესალმა და უთხრა: „ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი?” და თქვა იონადაბმა: „წრფელია”. „წრფელია და მომეცი ხელი.” და მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე. 16 და თქვა: „წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი” და დასვეს ეტლზე. 17 და მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა ახაბს სამარიაში. და ბოლომდე გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის. 18 და შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: „ცუდად ემსახურებოდა ახაბი ბაყალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს. 19 ახლა შემიყარეთ ბაყალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაყალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი.” ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაყალის თაყვანისმცემლები. 20 და თქვა იეჰუმ: „გამოაცხადეთ ბაყალის დღესასწაული”, და გამოაცხადეს. 21 და დაგზავნა იეჰუმ მოციქულები მთელს ისრაელში და მოვიდა ბაყალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. და შევიდნენ ბაყალის სახლში და კიდით კიდემდე გაივსო ბაყალის სახლი. 22 და უთხრა სამოსლის მცველს იეჰუმ: „გამოუტანე სამოსელი ბაყალის ყველა მსახურს.” მანაც გამოუტანა შესამოსელი. 23 და შევიდა იეჰუ იონადაბ რეხაბის ძესთან ერთად ბაყალის სახლში და უთხრა ბაყალის მსახურებს: „მიათვალ-მოათვალიერეთ, რომ არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაყალის მსახურები უნდა იყოთ აქ.” 24 შეუდგნენ მსხვერპლისა და სრულადდასაწველის შეწირვას. და გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: „იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.” 25 და როცა დასრულდა სრულადდასაწველის შეწირვა, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: „წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ.” და მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა. თავად კი ბაყალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ. 26 და გამოიტანეს ბაყალის სახლიდან ბაყალის ქანდაკებები და დაწვეს. 27 და დაამსხვრიეს ბაყალის ქანდაკი, და დაანგრიეს ბაყალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესამომდე. 28 ასე გადააშენა იეჰუმ ბაყალი ისრაელიდან. 29 ოღონდ იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებისათვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბორებისათვის, ბეთელსა და დანში რომ იყო. 30 და უთხრა უფალმა იეჰუს: „იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე ახაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.” 31 მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის, რჯულს. არ დაუნებებია თავი იერობყამის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცთუნა მან ისრაელი. 32 იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის. და სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვრებში, 33 იორდანედან მზის აღმოსავლეთით, გილყადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მენაშეს მიწები ყაროყერიდან არნონის ხეობაში რომ არის, გილყადი და ბაშანი. 34 და იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 35 და განისვენა იეჰუმ თავის მამა-პაპასთან. და დამარხეს სამარიაში, და მის ნაცვლად მისი ძე იოახაზი გამეფდა. 36 სულ ოცდარვა წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში.
თავი მეცხრე                                                                                                                                           თავი მეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close