შიშის დაძლევა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 3:5
ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე.

ფსალმუნები 26:1-3
უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს? როცა ბოროტნი თავს დამესხმიან ჩემი სხეულის შესასანსლად – თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან ჩემი მჩაგვრელნი და მტერნი. ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

ფსალმუნები 90:4
თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.

ფსალმუნები 111:5-6
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს; უკუნისამდე არ წაბორძიკდება; მარადიული იქნება მართლის ხსოვნა.

ესაია 10:24-26
ამიტომ ასე ამბობს ღმერთი, ცაბაოთ უფალი: „ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და ეგვიპტესავით აღუმართავს შენზე არგანი. რადგან სულ ცოტაც და გადაივლის ჩემი წყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაღუპად შებრუნდება. აღმართავს მასზე ცაბაოთ უფალი სიკვდილის მათრახს, როგორც ყორების კლდესთან მიდიანის დამარცხებისას; აღიმართება მისი კვერთხი ზღვაზე, როგორც ეგვიპტეში აღმართა.

ესაია 40:9-11
მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: „აჰა, თქვენი ღმერთი!” აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა. მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.

ესაია 51:12
თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?

დაბადება 46:2-4
და ელაპარაკა ღამის ხილვაში ღმერთი ისრაელს: „იაკობ! იაკობ!” უპასუხა: „აქა ვარ!” უთხრა: „მე ვარ მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლა, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები”.

4 მეფეთა 6:15-17
ადგა დილაადრიან ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა და, აჰა, ლაშქარი შემორტყმია ქალაქს ცხენებითა და ეტლებით. ჰკითხა მსახურმა: „ვაი, ბატონო, როგორ მოვიქცეთ?” მიუგო ელისემ: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენს მხარეს უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მათთან”. ასე ილოცა ელისემ: „უფალო, გთხოვ აუხილე თვალი, რომ დაინახოს”. აუხილა უფალმა ჭაბუკს თვალი და ხედავს: აჰა, მოფენილია მთა ელისეს ირგვლივ ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

2 ნეშტთა 20:17
ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ; აღსდექით და იხილეთ უფლისმიერი ხსნა, იუდავ და იერუსალიმ! ნუ შეშინდებით და შეძრწუნდებით. გადით ხვალ მათ პირისპირ, რადგან უფალი იქნება თქვენთან!”

ფსალმუნები 3:1-8
უფალო, როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები! მრავალი აღდგა ჩემს წინააღმდეგ. ბევრი ამბობს ჩემზე, ღმერთისმიერი შემწეობა არ არისო მისთვის. მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი. ჩემი ხმით მოვუხმობდი უფალს და მიპასუხა თავისი წმიდა მთიდან. ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე. ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან. აღსდექ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს და კბილებს უმუსრავ ბოროტეულთ. უფლისგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე.

ფსალმუნები 26:1-6
უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს? როცა ბოროტნი თავს დამესხმიან ჩემი სხეულის შესასანსლად – თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან ჩემი მჩაგვრელნი და მტერნი. ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს. ერთსა ვთხოვ უფალს, ამას ვევედრები, რომ დავემკვიდრო უფლის სახლში მთელი ჩემი სიცოცხლე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარში ფიქრს ვეძლეოდე. რადგან თავის კარავში შემიფარებს გაჭირვების ჟამს და თავისი კარვის სამალავში დამმალავს, კლდეზე მომამაღლებს. ახლა კი გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა ავწევ თავს და ქების მსხვერპლს შევწირავ მის კარავში, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.

ფსალმუნები 45:1-3
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს. ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში. თუნდაც ახმაურდნენ და აბობოქრდნენ წყლები, მთებიც რომ შეიძრნენ მათი მღელვარებისგან.

ფსალმუნები 55:1-13
შემიწყალე, ღმერთო, რადგან გამთელა კაცმა, მთელ დღეს მებრძვის და მავიწროებს. მთელ დღეს მთელავდა ჩემი მტერი, რადგან მრავალი მებრძვის ამპარტავნულად, უზენაესო, როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს. ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ვაქებ; ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი? მთელ დღეს ამახინჯებდნენ ჩემს სიტყვებს; ავია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ. თავს მესხმიან, მიდარაჯდებიან ჩემი მდევრები, ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან და ჩემს სიცოცხლეს უსაფრდებიან. ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ხალხები, ღმერთო! ჩემი ხეტიალი აღრიცხული გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები – განა შენს წიგნში არ არიან ისინი? უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ. ამით გავიგებ, რომ ღმერთი ჩემთანაა. ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვაქებ, უფალს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ; ღმერთს მივენდე – არ მეშინია; რას მიზამს კაცი? ღმერთო, ჩემს დაპირებებს შენდამი აღვასრულებ; მადლიერების მსხვერპლებს შემოგწირავ. რადგან მიხსენი მე სიკვდილისგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისგან, რათა ვიარო ღვთის წინაშე სიცოცხლის სინათლეში.

ფსალმუნები 117:4-8
თქვან უფლის მოშიშებმა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი. სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა. უფალი ჩემთანაა – არ მეშინია, რას მიზამს კაცი? უფალი ჩემთანაა, ჩემს შემწეთა შორის, ამიტომ ვიზეიმებ ჩემს მტრებზე. უკეთესია უფალს შეაფარო თავი, ვიდრე ადამიანზე დაიმედდე.

იგავნი 3:19-26
უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გონიერებით განამტკიცა ცანი. ჯურღმულნი გაიპო მისი ცოდნით და ცვარს აფრქვევენ ღრუბელნი. შვილო, ნუ მიეფარება შენს თვალს ისინი, ჯანსაღი აზრი და ავკარგიანობა დაიცავი. და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად – შენი ყელისთვის. მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზებზე და ფეხი შენი არ წაბორძიკდება. როცა დაწვები, არ შეგეშინდება და ტკბილი იქნება შენი ძილი. არც უეცარი შიში შეგაძრწუნებს და არც სიავე, ბოროტეულთაგან რომ მოვა, რადგან უფალი იქნება შენი საყრდენი და ის დაიფარავს შენს ფეხს მახისგან.

ესაია 12:1-2
და იტყვი იმ დღეს: „გმადლობ შენ, უფალო, რომ განმირისხდი, მაგრამ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.

ესაია 35:3-10
გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები. უთხარით სულსწრაფებს: „გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”. ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ. ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები. ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად – მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება. და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან. ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე. დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ესაია 41:10-14
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით. აჰა, შერცხვება და გაწბილდება ყველა შენზე განრისხებული; გაქრებიან და დაიღუპებიან შენი მოწინააღმდეგენი. მოძებნი და ვერ იპოვნი შენთან მოდავეთ, გაუჩინარდებიან და აღარ იარსებებენ შენს წინააღმდეგ მებრძოლნი. რადგან მე, უფალი – შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი! ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ისრაელის კაცებო, მე შეგეწევით! სიტყვა უფლისა, შენი გამომსყიდველისა, რომელიც არის ისრაელის წმიდა!

ესაია 43:1-5
ახლა კი ასე ამბობს უფალი – შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, ვინაიდან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ. ვერ წაგლეკავენ წყლები და მდინარეები, როდესაც მათში გაივლით, რადგან მე ვიქნები თქვენთან. ვერც ცეცხლი დაგწვავთ, როცა მასში გაივლით, ალი ვერ მოგწვდებათ. ვინაიდან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა და თქვენი მხსნელი; თქვენს გამოსასყიდში ეგვიპტე მივეცი, ეთიოპია და შება – თქვენს სანაცვლოდ. რადგან ძვირფასნი ხართ ჩემს თვალში და ღირსეულნი, მე შეგიყვარეთ თქვენ! ამიტომ სხვა ადამიანებს მივცემ თქვენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს – თქვენი სიცოცხლისთვის. ნუ გეშინიათ, ვინაიდან თქვენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან თქვენს თესლს და დასავლეთიდან შემოგკრებთ.

ესაია 44:2-8
ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის მუცელში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა: ნუ გეშინია, ჩემო მსახურო, იაკობ, და შენ, იეშურუნ, ჩემო რჩეულო. რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს – გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას – შენს შთამომავლობაზე. აღმოცენდებიან ისინი ბალახებს შორის, როგორც ტირიფები წყლის ნაკადებთან. ერთი იტყვის: უფლისა ვარ! მეორე იაკობის სახელით იწოდება, სხვა თავისივე ხელით დაიწერს: უფალს ვეკუთვნი” და ისრაელის სახელი დაერქმევა. ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ან ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს თანმიმდევრულად, რა მოხდა მას შემდეგ, უძველესი ხალხი რომ დავაფუძნე; ან დამდეგი და მომავალი აუწყონ. ნუ კანკალებთ და ნუ გეშინიათ. განა ძველთაგან არ გაუწყეთ და არ გამოგიცხადეთ? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? განა არის ჩემს გარდა კლდე? არავინ ვიცი”.