2 ნეშტთა 20

ივნისი 23, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
201 ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონის ძენი, მეყუნიმელნიც მათთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად. 2 და მოვიდნენ და ამბავი მოუტანეს იოშაფატს და უთხრეს: „დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ანუ ყენ-გედში.” 3 და შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. და მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა. 4 და შეიკრიბა იუდა უფლისგან სათხოვრად. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან სავედრებლად. 5 და წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ, 6 და თქვა: „უფალო, ჩვენი მამების ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს. 7 განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის, თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი საუკუნოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას? 8 და დამკვიდრდნენ იქ, და საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს: 9 ‘თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება, მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.’ 10 აჰა, ახლა ყამონის ძენი და მოაბი, სეყირის მთიელები, მათს ქვეყანაზე გავლის ნება რომ არ დართე ისრაელის ძეთ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი, 11 აჰა, სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე, 12 ღმერთო ჩვენო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენსკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი.” 13 მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა თავიანთი ჩვილებით, ქალებითა და ვაჟებით. 14 მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში ღვთის სული იახაზიელზე, ზაქარიას ძეზე, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან, 15 და თქვა: „ყური მიგდეთ, იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ‘ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს. 16 ხვალ დაეშვით მათკენ. აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოდიან, ხევის ბოლოში წააწყდებით მათ, იერუელის უდაბნოს წინ. 17 ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით და დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო, ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.’” 18 და პირქვე დაემხო იოშაფატი მიწაზე, და მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის თაყვანისცემად. 19 და წამოიმართნენ ლევიანები კეჰათიანთაგან და კორახიანთაგან, რათა მაღალი ხმით ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა. 20 და ადგნენ დილაადრიანად და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას დადგა იოშაფატი და თქვა: „მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო, დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით, გწამდეთ მის წინასწარმეტყველთა და მოგემართებათ ხელი.” 21 და დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეირაღებულთა წინ მავალთ და ეთქვათ: „ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.” 22 იმ დროს, როცა დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა, უფალმა შფოთში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული მოაბელნი, ყამონის ძენი და სეყირის მთიელები და გაანადგურა. 23 აღდგნენ ყამონის ძენი, და მოაბის ძენი სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად, და როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად. 24 და ავიდნენ იუდაელნი უდაბნოს ბორცვზე, და გადახედეს ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე და აღარავინ გადარჩენილა. 25 და მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისათვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. და იმდენი შეიგროვეს, რომ ვეღარ მიჰქონდათ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო. 26 მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბნენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს. 27 და გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე. 28 და შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირებით უფლის სახლისაკენ. 29 და შიში დაეცა ქვეყანათა ყველა სამეფოს, როცა გაიგეს, რომ ისრაელის მტრებს უფალი ებრძოდა. 30 და მოისვენა იოშაფატის სამეფომ, სიმშვიდე უბოძა მას ყოველი მხრიდან მისმა ღმერთმა. 31 და მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლისა გამეფდა იოშაფატი და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაზუბა, შილხის ასული. 32 ასას, თავისი მამის, გზას ადგა და არ უხვევდა მისგან. სწორს აკეთებდა უფლის თვალში. 33 ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამების ღმერთისაკენ. 34 იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში. 35 ამის შემდეგ იოშაფატმა, იუდას მეფემ, კავშირი შეკრა ახაზიასთან, ისრაელის მეფესთან, რომელიც ბოროტს აკეთებდა. 36 მასთან კავშირი იმიტომ შეკრა, რომ ხომალდები აეგო თარშიშში წასასვლელად. და გააკეთეს ხომალდები ყეციონ-გებერში. 37 და იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიეზერ დოდავაჰუს ძემ, მარეშელმა, და თქვა: „რაკი კავშირი შეჰკარი ახაზიასთან, ამიტომ უფალი ჩაფუშავს შენს საქმეს.” და დაილეწა ხომალდები და ვეღარ შეძლეს თარშიშში წასვლა.
თავი მეცხრამეტე                                                                                                                              თავი ოცდამეერთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close