სახარების დაპირებები ბიბლიური ციტატები

იოანეს 1:29
მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.

ესაია 53:4-6
მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და აზიდა ჩვენი ტკივილები; ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ღმერთის მიერ იყო ნაგვემი, გატანჯული და დამცირებული. ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.6ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით, თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა კი მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვა.

ლუკას 24:46-47
უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.

საქმეები 5:30-32
ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, თქვენ რომ ძელზე დაკიდებით მოკალით; იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება. ამ სიტყვების მოწმენი ვართ ჩვენ და სულიწმიდა, რომელიც უბოძა ღმერთმა მის მორჩილთ”.

ტიტეს 2:13-14
ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.

ებრაელთა 9:28
ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.

1 პეტრეს 2:24
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონ აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ. განკურნებულნი ხა­რთ მისი ჭრილობებით,

რომაელთა 1:26-27
ინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა. ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით”.

რომაელთა 3:21-26
ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი. ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით , რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით, რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.

რომაელთა 9:30
მაშ, რაღა ვთქვათ? წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს არ მისდევდნენ, მიიღეს სიმართლე: სიმართლე რწმენისაგან;

ფილიპელთა 3:7-9
მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო; და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,

რომაელთა 5:1-2
მაშასადამე, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.

რომაელთა 8:1-4
ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, ვინც ქრისტე იესოში დადის არა ხორციელად, არამედ სულიერად. რადგან სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან. ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;

1 პეტრეს 1:23-25
რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან – ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ. რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც. უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.

იოანეს 1:12-13
მაგრამ, ვინც მიიღო და ირწმუნა მისი სახელი, მათ მისცა ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა. ისინი იშვნენ არა სისხლისგან, არა ხორცის ნდომისგან, არა მამაკაცის ნდომისგან, არამედ ღვთისგან.

იოანეს 3:5-8
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული. ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.

იოანეს 6:68-69
მიუგო სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვიღასთან წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.

იოანეს 10:10
ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.

იოანეს 20:31
ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.

1 იოანეს 1:1-2
იმაზე, რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენს ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე. რადგან სიცოცხლე გამოჩნდა, და ჩვენ ვიხილეთ, ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა;

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

იოველი 2:28-32
ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ. მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს. მოგცემთ ნიშნებს ცაში და მიწაზე: სისხლს, ცეცხლსა და კვამლის სვეტებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად უფლის დიადი და საშინელი დღის დადგომის წინ. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.

იოანეს 7:37-39
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს; ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”. ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

საქმეები 8:14-17
იერუსალიმში მყოფმა მოციქულებმა რომ გაიგეს, სამარიამ ღმერთის სიტყვა მიიღოო, პეტრე და იოანე გაგზავნეს მათთან, რომლებიც ჩავიდნენ და ილოცეს მათთვის, რომ მიეღოთ სულიწმიდა. რადგან ამ დრომდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ ინათლებოდნენ უფალ იესოს სახელით. დაასხეს მათ ხელები და მათაც მიიღეს სულიწმიდა.

საქმეები 19:1-7
აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: „როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: „არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”. უთხრა: „მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: „იოანეს ნათლობაში”. თქვა პავლემ: „იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე. ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ. როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.

რომაელთა 8:12-17
ამიტომ, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ ძმებო, რომ ხორციელად ვიცხოვროთ; ვინაიდან, თუ ხორცის მიხედვით ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ. რადგან, ვისაც ღმერთის სული წარმართავს, ისინი არიან ღვთის შვილები. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!” სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები – მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი, და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად კიდეც ვიდიდოთ.

გალატელთა 3:26
რადგან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.

გალატელთა 4:4-6
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს. რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო. და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: „აბბა, მამაო!”

ეფესელთა 1:5
წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.


მსგავსი თემები:

რწმენა, როგორც გადარჩენის საფუძველი       საუკუნო სიცოცხლე      სახარება      სახარებისადმი მორჩილება       სახარების აღწერა       სახარების მოთხოვნები        სახარების რაობა        სახარების ქადაგება გაბედულად