ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
იესო და ნიკოდემოსი
31 იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. 2 იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: ,,რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისაგან მოსული, ვინაიდან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის.“ 3 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს.“ 4 ეუბნება მას ნიკოდემოსი: ,,როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შეძლებს, რომ თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას. 5 მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. 6 ხორცისაგან შობილი ხორცია და სულისაგან შობილი სულია. 7 ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: თქვენ ხელახლად უნდა იშვათ–მეთქი. 8 ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისაგან არის შობილი.“ 9 ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: ,,როგორ შეიძლება მოხდეს ეს?“ 10 მიუგო იესომ და უთხრა მას: ,,შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი? 11 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით, და ვმოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. 12 თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამთ, როგორ იწამებთ, ზეციერზე რომ გითხრათ? 13 არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია. 14 როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა. 15 რათა არც ერთი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
16 რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. 17 რადგან იმისათვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე სოფლად, რომ განეკითხა სოფელი, არამედ გადარჩენილიყო სოფელი მის მიერ. 18 ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე განკითხულია, რადგან არ ირწმუნა სახელი ღვთის მხოლოდშობილი ძისა. 19 განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა სოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმეები. 20 ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმეები. 21 ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.
იესო და იოანე ნათლისმცემელი
22 ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეას ქვეყანაში, იქ დარჩა მათთან და ნათლავდა. 23 იოანე კი ნათლავდა ენონში, სალამის მახლობლად, ვინაიდან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ და ინათლებოდნენ. 24 ვინაიდან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული. 25 მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო. 26 მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: ,,რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან.“ 27 მიუგო იოანემ და თქვა: ,,ადამიანს არაფერის მიღება არ შეუძლია, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული. 28 თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინ. 29 ვისაც საცოლე ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. 30 ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმციდრდებოდე.
ციდან მომავალი ყველაზე მაღლაა
31 მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს, ზეციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა. 32 რაც მან იხილა და მოისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ ღებულობს. 33 ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა რომ ღმერთი ჭეშმარიტია. 34 რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღვთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს. 35 მამას უყვარს ძე და ყველაფერი მას მისცა ხელთ. 36 ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე.“
COMMENTS