Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანე 10

ახალი აღთქმა                
იოანეს სახარება
სამწყსოს იგავი

101 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია იგი და ავაზაკი. 2 ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი. მეკარე უღებს მას, ცხვარს ესმის მისი ხმა, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი. როცა თავისებს გამოუშვებს, იმათ წინ მიუძღვის და ცხვარიც მისდევს მას, რადგან სცნობს მის ხმას. უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ სცნობს.“ ეს იგავი უთხრა მათ იესომ, მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.

იესო — მწყემსი კეთილი

კვლავ უთხრა იესომ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კაცი ცხვართა. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდი და ავაზაკია, და ცხვარმა არ უსმინა მათ. მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება, და შევა გამოვა და ჰპოვებს საძოვარს. 10 ,,ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისათვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ. 11 მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის. 12 მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვარი ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს. 13 მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.  14 მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, 15 როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის.  16 მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთ მწყემსი. 17 იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი. 18 ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას, მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავაც მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“
   19 ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის. 20 თქვა ბევრმა მათგანმა: ,,ეშმაკეულია იგი და შეშლილი, რისთვის უსმენთ მას?“ 21 სხვებმა თქვეს: ,,ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“

იუდეველთაგან უარყოფა

22 მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში. ზამთარი იდგა. 23 და მიდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში. 24 შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: ,,როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.“ 25 მიუგო მათ იესომ: ,,გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!  26 მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ, როგორც გითხარით. 27 ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მოყვებიან. 28 მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს.  29 ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან. 30 მე და მამა ერთი ვართ.“
   31 კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად. 32 მიუგო მათ იესომ: ,,ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“ 33 მიუგეს მას იუდეველებმა: ,,კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს.“ 34 მიუგო მათ იესომ: ,,განა თქვენს რჯულში არ სწერია, რომ ‘მე ვთქვი: თქვენ ღმერთები ხართ?’ 35 თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღვთის სიტყვა იყო და ვის მიმართაც წერილი არ ირღვევა, 36 მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა სოფელში, ეუბნებით: ღმერთს გმობო, რაკი ვთქვი: ღვთის ძე ვარმეთქი? 37 თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით. 38 და თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ ჩემშია მამა და მე მამაში ვარ.“ 39 კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ დაუსხლტა მათ ხელიდან.
   40 წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათლავდა იოანე, და იქ დარჩა. 41 ბევრნი მიდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტი იყოო. 42 და იქ ბევრი ერწმუნა მას.
თავი მეცხრე                                                                                                                                  თავი მეთერთმეტე

COMMENTS