Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 6

ახალი აღთქმა              
იოანეს სახარება
ხუთი ათასი კაცის გაძღება

61 ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის ანუ ტიბერიის ზღვის გაღმა. უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე. ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.  4 ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: ,,სად ვიყიდოთ პური? ამათ რომ ვაჭამოთ?“ 6 ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, თორემ თავად კი იცოდა, რასაც მოიმოქმედებდა. 7 მიუგო მას ფილიპემ: ,,ორასი დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც ერგოს.“ ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა: ,,აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ ამდენ ხალხს ეს რას ეყოფა?“ 10 თქვა იესომ: ,,უთხარით ხალხს, დასხდნენ.“ ხოლო იმ ადგილზე ხშირი ბალახი იყო. რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი დაჯდა. 11 აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და ჩამოურიგა მოწაფეებს, მოწაფეებმა კი იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა. 12 როცა დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი არ დაიკარგოს.“ 13 მოაგროვეს და აავსეს თორმეტი გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნამუსრევით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.  14 მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: ,,ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც სოფელში უნდა მოსულიყო.“ 15 იესომ იცოდა, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად, რათა გაემეფებინათ იგი, და კვლავ განმარტოვდა მთაზე.

ფეხით სიარული წყალზე

16 როცა მოსაღამოვდა, ჩავიდნენ მისი მოწაფეები ზღვაზე. 17 ავიდნენ ნავზე და გაემართნენ ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ჩამობნელებული იყო, იესო კი ჯერაც არ მოსულიყო მათთან. 18 ძლიერმა ქარმა დაუბერა და ზღვა აღელვდა. 19 ოცდახუთ თუ ოცდაათ სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ.“ 20 ის კი ეუბნება მათ: ,,მე ვარ, ნუ  გეშინიათ.“ 21 უნდოდათ, ნავზე აეყვანათ იგი: და ნავი მაშინვე იმ ქვეყანაში გაჩნდა, სადაც მიდიოდნენ.

იესო — პური სიცოცხლისა

22 მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ არც იესო ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს. 23 სხვა ნავებიც მოვიდა ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. 24 როცა დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმს იესოს საძებრად. 25 და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: ,,რაბი, როდის მოხვედი აქ?“ 26 მიუგო იესომ და უთხრა: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ მე, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმის გამო, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. 27 ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“ 28 უთხრა მას: ,,როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?“ 29 მიუგო იესომ და უთხრა: ,,ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, რომელიც მან მოავლინა.“ 30 უთხრეს მას: ,,რა ნიშნავს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ, რას მოიმოქმედებ? 31 ჩვენ მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“ 32 უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. 33 რადგან პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს.“
   34 უთხრეს მას: ,,უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.“ 35 უთხრა მათ იესომ: ,,მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება. 36 მე კი გითხარით,  რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ. 37 ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ. 38 რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. 39 ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. 40 ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“
   41 იუდეველები დრტვინავდნენ მის გამო, რადგან თქვა: ,,მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული.“ 42 თქვეს: ,,ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან ჩამოვედიო?“ 43 მიუგო იესომ და უთხრა მათ: ,,ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. 44 არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. 45 წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის. 46 ისე კი არაა, თითქოს ყველას ეხილოს მამა. ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა. 47 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს. 48 მე ვარ პური სიცოცხლისა. 49 თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. 50 ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. 51 მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ.“
   52 იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთის და ამბობდნენ: ,,როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად.“ 53 უთხრა მათ იესომ: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. 54 ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. 55 რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი. 56 ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის მსმელი ჩემში რჩება, და მე — მასში. 57 როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში. 58 ეს არის ციდან ჩამოსული პური, ისეთი კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მინანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს.“ 59 ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.

მარადიული სიცოცხლის სიტყვები

60 ბევრი მისი მოწაფეთაგანი ამის მოსმენისას ამბობდა: ,,მძიმე სიტყვაა, ვის შეუძლია ამის მოსმენა.“ 61 იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ბუზღუნებდნენ თავისთვის ამის გამო, და უთხრა მათ: ,,ეს გაცდუნებთ თქვენ? 62 თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო? 63 სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა. 64 მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ.“ რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. 65 და თქვა: ,,ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ იქნება მიცემული.“
   66 ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ მისდევდა მას. 67 მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: ,,თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ 68 მიუგო მას სიმონ-პეტრემ: ,,უფალო , ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. 69 ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ქრისტე, ღვთის წმიდა.“ 70 მიუგო მათ იესომ: ,,თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია.“ 71 თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან, ერთ თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.

თავი მეხუთე                                                                                                                                         თავი მეშვიდე

COMMENTS