Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 7

ახალი აღთქმა    
იოანეს სახარება
იესოს ძმების ურწმუნობა

71 ამის შემდეგ იესო გალილეაში მიმოდიოდა, რადგან იუდეაში არ სურდა სიარული, რაკი იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ. 2 ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული, კარვობა. უთხრა მას მისმა ძმებმა: ,,წადი აქედან და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ, რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე სოფელს.“ 5 რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. ეუბნება მათ იესო: ,,ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მოწეულია. სოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვამოწმებ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია. თქვენ ადით დღესასწაულზე. მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“ 9 ეს რომ უთხრა, დარჩა გალილეაში.

იესო კარვობის დღესასწაულზე

10 მაგრამ როცა მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად. 11 იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? 12 ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო. 13 ოღონდ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.
   14 უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. 15 გაუკვირდათ იუდეველებს და თქვეს: როგორ იცის წერილები უსწავლელადო? 16 მიუგო მათ იესომ და თქვა: ,,ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა. 17 ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ — ღვთისგანაა თუ ჩემით  ვლაპარაკობ. 18 ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს. ხოლო ვინც ეძებს მამის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში. 19 განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“  20 მიუგო ხალხმა: ,,ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?“ 21 მიუგო მას იესომ და უთხრა მათ: ,,ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ. 22 მოსემ მოგცათ წინადაცვეთა, თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისაგანაა — და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს. 23 თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ხალხი განვკურნე შაბათს? 24 ნუ განიკითხავთ გარეგნობით, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ.“

ეს არის ქრისტე?

25 თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: ,,ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ? 26 აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა? 27 მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.“ 28 შესძახა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: ,,მე მიცნობთ და იცით, საიდან ვარ. ჩემით არ მოვსულვარ. მაგრამ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. 29 მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა. 30 ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ დამდგარიყო. 31 ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: ,,როცა ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“

მსახურთა გაგზავნა იესოს შესაპყრობად

32 მოისმინეს ფარისევლება ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა მასზე და მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა. 33 თქვა იესომ: ,,მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან. 34 ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით. სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.“ 35 უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: ,,სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძნეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლას? 36 ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?“

ცოცხალი წყლის მდინარეები

37 დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: ,,თუ ვინმეს სწყურია, ჩემთან მოვიდეს და შესვას; 38 ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილები ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“ 39 ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ განდიდებული არ იყო.

განხეთქილება ხალხში

40 ხალხიდან ბევრმა ამ სიტყვების გაგონებაზე თქვა: ,,ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.“ 41 სხვებმა თქვეს: ,,ეს ქრისტეა.“ სხვები ამბობდნენ: ,,განა გალილეიდან მოვა ქრისტე? 42 განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, მეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო.“ 43 და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო. 44 ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დააკარა.

ხელისუფალთა ურწმუნოება

45 მივიდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან და უთხრეს: ,,რატომ არ მოიყვანეთ იგი?“ 46 მიუგეს მსახურებმა: ,,არასოდეს კაცის ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“ 47 მიუგეს მათ ფარისევლებმა: ,,ნუთუ თქვენც გაცდუნათ? 48 ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? 49 მაგრამ ეს ხალხი, რჯულის უმეცარი, დაწყევლილია.“ 50 ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო: 51 ,,განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“ 52 მიუგეს და უთხრეს მას: ,,შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“ 53 ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ.

თავი მეექვსე                                                                                                                                             თავი მერვე

COMMENTS