Homeბიბლიაახალი აღთქმა

1 პეტრეს 2

ახალი აღთქმა
პეტრე მოციქულის პირველი წერილი
ცოცხალი ლოდი და წმიდა ერი

21 ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა და შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა. როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სუფთა სულიერი რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის. რადგან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი, რომელთანაც მიხვედით — ცოცხალ ლოდთან, ადამინებმა რომ დაიწუნეს, ღვთისაგან კი რჩეული და პატივცემულია. და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღვთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მეშვეობით. რადგან ნათქვამია წერილში: ,,აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, რჩეულსა და ძვირფას ქვაკუთხედს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“ 7 ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივია იგი, ურწმუნოთათვის კი ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა ქვაკუთხედად,’ და ‘შებრკოლების ქვად და წატყუების კლდედ’. ისინი ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის არიან განწესებულნი.
   9 თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ. 10 ოდესღაც რომ არახალხი იყავით, ახლა ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც რომ არაშეწყალებულნი იყავით, ახლა შეწყალებულნი ხართ.

იცხოვრეთ, როგორც ღვთის მონებმა

11 საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც მწირებსა და ხიზნებს, განეშორენით ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან. 12 კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.
13 დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისათვის, თუნდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას, 14 განმგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ, ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად. 15 რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება. 16 იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა. 17 ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.

ქრისტეს ტანჯვის მაგალითი

18 მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი შიშით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებელს, არამედ მრისხანეთაც. 19 რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს გასაჭირს. 20 რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღვთის წინაშე. 21 ამისათვის ხარ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ; 22 რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს; 23 რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს; 24 რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ. 25 ცხვრებივით გზააბნეული იყავით და ახლა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა ზედამხედველს.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე   

COMMENTS