ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
9 მერედა, რა? გვაქვს უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან. 10 როგორც სწერია: „არავინ არის მართალი, 11 არავინ არის გონიერი; არავინ ეძებს ღმერთს. 12 ყველანი გზას ასცდნენ, აღარავინ გამოდგება. არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ. 13 მათი ხორხი ღია სამარეა. ენებით ცრუობენ. მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია. 14 მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე. 15 მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად. 16 ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე 17 და მშვიდობის გზა არ იციან. 18 ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.“ 19 ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი სოფელი ბრალდებული გახდეს ღვთის წინაშე. 20 იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.
სიმართლე რწმენით
21 ხოლო ახლა, რჯულისგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, 22 ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, 23 ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, 24 და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით, 25 რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღვთის სულგრძელებაში, 26 რომ ამჟამად გამოჩნდეს მისი სიმართლე, რათა იგი იყოს მართალი და იესოს მორწმუნის გამმართლებელი.
27 სადღაა დასაკვეხნი? აღარ არსებობს. რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. 28 რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად. 29 განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია? განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც. 30 ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელებს – რწმენით. 31 მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ განვამტკიცებთ რჯულს.