სახარება ბიბლიური ციტატები

რომაელთა 1:16
ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.

1 კორინთელთა 15:1-28
გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც ხსნას ღებულობთ, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გიქადაგეთ, თუ არა – ფუჭად გირწმუნიათ. რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს. გამოეცხადა კეფას და შემდეგ – თორმეტს; მერე ერთდროულად გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას, რომელთა უმრავლესობა დღემდეა ცოცხალი, ზოგმა კი განისვენა; შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე – ყველა მოციქულს; ყველაზე ბოლოს მეც გამომეცხადა, როგორც უდღეურს. ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას. მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა. და აი, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღსდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არისო მკვდრეთით აღდგომა? თუ არ არის მკვდრეთით აღდგომა, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგება ფუჭი ყოფილა და ფუჭი ყოფილა თქვენი რწმენაც. ღმერთის ცრუმოწმენიც გამოვდექით, რადგან ვამოწმებდით, რომ ღმერთმა აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია და მაშასადამე, არც მკვდრები აღდგებიან; რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, თქვენი რწმენა ფუჭი ყოფილა და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომლებმაც ქრისტეში განისვენეს. და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი. რადგან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ – მკვდრეთით აღდგომა. რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში. თითოეული თავისი წესით: თავდაპირველად პირმშო – ქრისტე, ხოლო შემდეგ – ქრისტესნი, მისი მოსვლისას. მერე დადგება აღსასრული, როცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას – მას შემდეგ, როცა გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას. ვინაიდან მან უნდა იმეფოს, სანამ ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის ყველა მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია. იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე. და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.

რომაელთა 10:9-14
იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან ამბობს წერილი: „ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება”. და ამაში არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე; ის უხვია ყველასათვის, ვინც მოუხმობს მას. რადგან ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს, როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?

იოანეს 3:16
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

ეფესელთა 2:8-9
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,

1 იოანეს 4:9-10
ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რათა მის მიერ ვიცოცხლოთ. იმაში ჩანს სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.

იოანეს 5:39-40
წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ. ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.

ლუკას 24:45-49
და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად. უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს; და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.

მარკოზის 16:15
უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.

1 პეტრეს 3:18-22
რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი – უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს – ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან; ეს ნათლობის ხატება იყო – რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის – რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით, რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.

ეფესელთა 1:13-14
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით, რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.

მათეს 28:18-20
მოვიდა მათთან იესო და უთხრა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!


მსგავსი თემები:

სახარებისადმი მორჩილება       სახარების აღწერა      სახარების დაპირებები
 სახარების მოთხოვნები        სახარების რაობა        სახარების ქადაგება გაბედულად