ძველი აღთქმა
რიცხვნი
91 და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წლის პირველ თვეს: 2 „ისრაელის ძეთ უნდა აღასრულონ პასექი მისთვის დანიშნულ დროს. 3 ამ თვის მეთოთხმეტე დღეს მწუხრის ჟამს აღასრულეთ ის, მისთვის დანიშნულ დროს, ყოველი მისი წესისა და ყოველი მისი რიგის დაცვით აღასრულეთ ის.” 4 და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ, რომ აღესრულებინათ პასექი. 5 და აღასრულეს პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს, სინაის უდაბნოში. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღასრულეს ისრაელის ძეთ. 6 და იყვნენ ადამიანები, რომელნიც შებილწულნი იყვნენ მკვდარი ადამიანის გვამების შეხების გამო და არ შეეძლოთ პასექის აღსრულება იმ დღეს. და მივიდნენ ისინი მოსესა და აარონის წინაშე იმ დღეს, 7 და უთხრეს იმ ადამიანებმა მას: „შებილწულნი ვართ მკვდარი ადამიანის გვამებთან შეხების გამო. რატომ უნდა მოვაკლდეთ და ვერ შევწიროთ შესაწირავი უფალს ისრაელის ძეთა შორის დანიშნულ დროს?” 8 და უთხრა მათ მოსემ: „მოიცადეთ, მოვისმენ, რას გიბრძანებთ უფალი.” 9 და თქვა უფალმა: 10 „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘თუ ვინმე თქვენგანი ან თქვენი შთამომავალი შეიბილწება გვამებთან შეხებით, ან თუ შორეულ გზაზე იქნება, აღასრულოს მან პასექი უფლისათვის. 11 მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს, მწუხრის ჟამს აღასრულონ ის, ხმიადით და მწარე მწვანილეულით ჭამონ ის. 12 არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე, და მისი ძვლები არ დაამტვრიონ; პასექის ყოველი წესის დაცვით აღასრულონ. 13 და კაცი, რომელიც სუფთაა და გზად არ არის და არ აღასრულებს პასექს, ის სული უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან უფლის შესაწირავი არ შესწირა დანიშნულ დროზე. თავისი ცოდვა დაედება იმ კაცს. 14 და თუ იცხოვრებს თქვენთან ხიზანი და აღასრულებს პასექს უფლისათვის, წესის და რიგისამებრ აღასრულოს ის. ერთი წესი იყოს თქვენთვის ხიზნისათვისაც და ქვეყნის მკვიდრისათვისაც.” 15 კარვის აღმართვის დღეს დაფარა ღრუბელმა მოწმობის კარავი, და საღამოდან განთიადამდე ცეცხლივით ჩანდა სავანის თავზე. 16 ასე იყო მუდამ: ღრუბელი ფარავდა მას დღისით და ცეცხლივით ჩანდა ღამით კარავზე. 17 და როცა ღრუბელი კარავს ასცილდებოდა, მაშინ აიყრებოდნენ გზად ისრაელის ძენი. და იმ ადგილზე, სადაც ჩერდებოდა ღრუბელი, იქ ბანაკდებოდნენ ისრაელის ძენი. 18 უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ ისრაელის ძენი და უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ. მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა იდგა ღრუბელი სავანეზე, ისინიც იდგნენ. 19 და თუ ღრუბელი დიდხანს აყოვნებდა სავანეზე, მაშინ ასრულებდნენ ისრაელის ძენი უფლის განკარგულებას და არ აიყრებოდნენ ხოლმე. 20 და ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა სავანეზე რამდენიმე ხანს; და ისინი უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ ხოლმე. 21 და ხდებოდა, რომ ღრუბელი აყოვნებდა საღამოდან განთიადამდე, და დილას აიწევდა ღრუბელი, და ისინი აიყრებოდნენ. ანდა იდგა დღისით და ღამით, და როცა აიწევდა, ისინიც მაშინ აიყრებოდნენ. 22 თუ ორი დღე, ან თვე, ან მთელი წელი აყოვნებდა ღრუბელი სავანეზე, იდგნენ ისრაელის ძენი და არ აიყრებოდნენ. და როცა აიწევდა, აიყრებოდნენ ისინი. 23 უფლის ბრძანებით ბანაკდებოდნენ და უფლის ბრძანებით აიყრებოდნენ: უფლის განკარგულებას ასრულებდნენ, უფლის ბრძანებით და მოსეს ხელით.
COMMENTS