რიცხვნი 11

მაისი 3, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
111 და ხალხი დრტვინავდა ბოროტად უფლის გასაგონად. და ისმინა უფალმა და აინთო მისი რისხვა, და მოეკიდა მათ ცეცხლი უფლისა, და შთანთქა ბანაკის კიდე. 2 და შეჰღაღადა ხალხმა მოსეს; და ილოცა მოსემ უფლის მიმართ და დაცხრა ცეცხლი. 3 და უწოდეს სახელი იმ ადგილს თაბყერა, რადგან მოეკიდა მათ ცეცხლი უფლისა. 4 და ბრბო, მათ შორის მყოფი, გულისთქმამ შეიპყრო; და მათთან ერთად ატირდნენ ისრაელის ძენიც და თქვეს: “ვინ გვაჭმევს ჩვენ ხორცს? 5 გვახსოვს თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე კიტრები და ნესვები, და პრასი, ხახვი და ნიორი. 6 და ახლა ჩვენი სული ჩამოხმა, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.” 7 და მანანა იყო ქინძის თესლივით და ფისის ფერისა იყო. 8 და დაეხეტებოდა ხალხი და აგროვებდა მას, და ფქვავდა დოლაბზე, ან ნაყავდა ფილით, და ხარშავდა ქვაბში, და აკეთებდნენ მისგან კვერებს. და იყო მისი გემო, როგორც გემო ზეთიანი კვერისა. 9 და როცა ნამი ეცემოდა ბანაკს ღამღამობით, მანანაც ზედ დასდიოდა. 10 და ისმინა მოსემ, რომ ტირის ხალხი თავიანთ საგვარეულოებში, თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან. და აინთო რისხვა უფლისა ფრიად, და მოსეს თვალში ეს სამწუხაროდ ჩანდა. 11 და უთხრა მოსემ უფალს: “რად უბოროტე შენს მსახურს, რად ვერ ვპოვე წყალობა შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე? 12 მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი მუცლით, მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები: ‘წაიყვანე იგი შენი უბით, როგორც დაჰყავს გამზრდელს ჩვილი, იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღუთქვი შენ მის მამებს’? 13 სადა მაქვს მე ხორცი, რომ მივცე მთელ ამ ხალხს? რადგან შემომტირიან და ამბობენ: ‘მოგვეცი ჩვენ ხორცი, რომ ვჭამოთ’. 14 არ ძალმიძს მე მარტოს მთელი ამ ხალხის ტარება, რადგან მძიმეა ეს ჩემთვის. 15 და თუ ასე მექცევი, ბარემ მომკალი, თუ შენს თვალში წყალობა მიპოვნია, რათა არ ვუყურო ჩემს გასაჭირს.” 16 და უთხრა უფალმა მოსეს: “შემიკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც შენ იცნობ, რომ ისინი არიან უხუცესები ხალხისა და მისი ზედამდგომნი, და მიიყვანე ისინი საკრებულო კარავთან, რათა იქ წარდგნენ ისინი შენთან ერთად. 17 და ჩამოვალ და ვილაპარაკებ იქ შენთან, და ავიღებ ნაწილს იმ სულისაგან, რომელიც შენზეა, და მათზე მოვავლენ, რათა ატარონ შენთან ერთად ტვირთი ხალხისა, და მარტო შენ არ ატარო. 18 და ხალხს უთხარი: “განიწმიდეთ ხვალისათვის და შეჭამთ ხორცს, რადგან ტიროდით უფლის გასაგონად და ამბობდით: ‘ვინ გვაჭმევს ხორცს? რა კარგად ვიყავით ეგვიპტეში.’” და მოგცემთ უფალი თქვენ ხორცს და შეჭამთ. 19 და არა ერთ დღეს ჭამთ თქვენ, და არა ორ დღეს და არა ხუთ დღეს, და არა ათ დღეს, და არა ოც დღეს, 20 არამედ მთელ თვეს, სანამ თქვენი ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგეზიზღებათ, რადგან შეიძულეთ უფალი, რომელიც თქვენს შორისაა, და ტიროდით მის წინაშე და ამბობდით: ‘რისთვის გამოვედით ეგვიპტიდან?’” 21 და თქვა მოსემ: “ექვსასი ათასი ქვეითია ამ ხალხში, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები, და შენ ამბობ: ‘მე მივცემ მათ ხორცს და სჭამენ ისინი მთელ თვეს’. 22 იქნებ მთელი ცხვარი და ძროხა დაიკლას მათთვის, რომ ეყოთ? ან იქნებ მთელი ზღვის თევზი მოგროვდეს, რომ ეყოთ მათ?” 23 და უთხრა უფალმა მოსეს: “განა მოკლეა ხელი უფლისა? ახლა იხილავ, აგისრულდება ჩემი სიტყვა, თუ არა.” 24 და გამოვიდა მოსე და მოუთხრო ხალხს სიტყვები უფლისა, და შეკრიბა სამოცდაათი კაცი ხალხის უხუცესთაგან, და დააყენა ისინი კარავთან. 25 და ჩამოვიდა უფალი ღრუბლით, და ელაპარაკა მას და აიღო ნაწილი მისი სულისაგან, რომელიც იყო მასზე, და მოჰფინა იგი სამოცდაათ უხუცეს კაცს. და როცა დაივანა მათზე სულმა, იწყეს წინასწარმეტყველება, მაგრამ მეტი აღარ გაუგრძელებიათ. 26 და დარჩა ორი კაცი ბანაკში. სახელი ერთისა იყო ელდადი, სახელი მეორისა – მედადი. და დაივანა მათზე სულმა, და ისინი ჩაწერილთაგან იყვნენ, მაგრამ არ გასულან კარავთან. და წინასწარმეტყველებდნენ ბანაკში. 27 და მოირბინა ერთმა ჭაბუკმა, და აუწყა მოსეს, და უთხრა: “ილდადი და მედადი წინასწარმეტყველებენ ბანაკში.” 28 და მიუგო იესომ, ნავეს ძემ, რომელიც მოსეს მსახური იყო სიყრმიდან, და უთხრა: “ბატონო ჩემო, მოსე! დააყენე ისინი.” 29 და უთხრა მას მოსემ: “ხომ არ ეჭვიანობ ჩემს გამო? ნეტავ უფლის მთელი ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, და უფალი თავის სულს მათაც მოჰფენდეს.” 30 და დაბრუნდნენ მოსე და ისრაელის უხუცესნი ბანაკში. 31 და ამოვარდა ქარი უფლისაგან, და მორეკა მწყერი ზღვიდან, და დაყარა იგი ბანაკთან ერთი დღის სავალ გზაზე იქით და ერთი დღის სავალ გზაზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, თითქმის ორი წყრთის სიმაღლეზე მიწის პირიდან. 32 და ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და მთელ მეორე დღეს. ვინც ცოტას აგროვებდა, მან ათი ხომერი შეაგროვა. და შემოიწყვეს თავისთვის ისინი ბანაკის გარშემო. 33 ხორცი ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ, ჯერ არ დაეღეჭათ, და უფლის რისხვა აინთო ხალხზე, და მოსრა უფალმა ხალხი ფრიად დიდი წყლულით. 34 და უწოდეს სახელი იმ ადგილს კიბროთ-ჰათაავა, რადგან იქ დაასაფლავეს სულწასული ხალხი. 35 კიბროთ-ჰათაავადან დაიძრა ხალხი ხაცეროთისაკენ. და იყვნენ ხაცეროთში.
თავი მეათე                                                                                                                          თავი მეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close