HomeUncategorized

რიცხვნი 27

ძველი აღთქმა
რიცხვნი
271 და მივიდნენ ასულნი ცელაფხადისა, ხეფერის ძისა, ძისა გილყადისა, ძისა მაქორისა, ძისა მენაშესი, იოსების ძის საგვარეულოდან. და სახელები მისი ასულებისა: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. 2 და წარდგნენ მოსეს წინაშე და ელეაზარ მღვდლის წინაშე, მთავართა და მთელი თემის წინაშე კარვის შესასვლელთან ამ სიტყვებით: 3 „მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა უფლის წინააღმდეგ ამბოხებულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვით მოკვდა. და ძენი არ ჰყოლია მას. 4 რატომ უნდა ამოირიცხოს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავს? მოგვეცი ჩვენ სამკვიდრებელი მამაჩვენის ძმებს შორის.” 5 და წარადგინა მოსემ მათი საქმე უფლის წინაშე. 6 და უთხრა უფალმა მოსეს: 7 „მართალს ამბობენ ასულნი ცელაფხადისა, მიეცი მათ სამკვიდრებელი სამფლობელო მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე. 8 და ისრაელის ძეთ განუცხადე: ‘კაცი რომ მოკვდეს და ვაჟი არ ჰყავდეს მას, მაშინ გადაიტანეთ მისი სამკვიდრებელი მის ასულზე. 9 და თუ არ ჰყავს ასული, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის ძმებს. 10 და თუ არ ჰყავს მას ძმები, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მისი მამის ძმებს. 11 და თუ არ ჰყავს ძმები მის მამას, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის უახლოეს ნათესავს მისი საგვარეულოდან, და დაიმკვიდროს იგი. და ეს იყოს ისრაელის ძეთათვის სამართლის დადგენილებად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.” 12 და უთხრა უფალმა მოსეს: „ადი ამ ყაბარიმის მთაზე და გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელის ძეთ. 13 და როცა იხილავ მას, შეეძინები შენს ხალხს შენც, როგორც შეეძინა აარონი, შენი ძმა. 14 რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში თემის დრტვინვის დროს, რათა ჩემი სიწმიდე გამოცხადებულიყო წყალთან, მათ თვალწინ.” 15 და უთხრა მოსემ უფალს: 16 „დანიშნოს უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, კაცი ამ თემზე, 17 რომელიც გამოვა მათ წინაშე და რომელიც შევა მათ წინაშე. რომელიც გაიყვანს და რომელიც მოიყვანს, რათა არ იყოს თემი უფლისა, როგორც ცხვარი, რომელსაც არა ჰყავს მწყემსი.” 18 და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე იესო, ძე ნავესი, კაცი, რომელშიც არის სული, და დაადე ხელი, 19 და დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე, და დანიშნე იგი მათ თვალწინ. 20 და უწილადე შენი დიდება, რათა უსმინოს მას ისრაელის ძეთა მთელმა თემმა. 21 და დადგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე, და გამოკითხავს მას ურიმის სამართალს უფლის წინაშე; მისი ბრძანებით გავა და მისი ბრძანებით შემოვა თვითონ და ყოველი ისრაელის ძე მასთან, და მთელი თემი.” 22 და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა. და მოიყვანა იესო და წარადგინა იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე, 23 და მას დაასხა ხელები და დანიშნა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მიერ.
თავი ოცდამეექვსე                                                                                                                            თავი ოცდამერვე

COMMENTS