HomeUncategorized

რიცხვნი 20

ძველი აღთქმა
რიცხვნი
201 მოვიდნენ ისრაელის ძენი, მთელი თემი, ცინის უდაბნოში პირველ თვეს, და შეჩერდა ხალხი კადეშში, და მოკვდა იქ მირიამი და იქვე დაიმარხა. 2 და არ ჰქონდა თემს წყალი, და შეიკრიბნენ მოსესა და აარონის წინააღმდეგ. 3 და დრტვინავდა ხალხი მოსეს მიმართ, და ამბობდა ასე: „ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე. 4 რად მოიყვანეთ უფლის კრებული ამ უდაბნოში, რომ დავიხოცოთ აქ ჩვენ და ჩვენი საქონელი? 5 რად ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან, რომ მოგეყვანეთ ამ უვარგის ადგილზე, რომელზედაც არც ითესება, და არც ლეღვია და არც ვაზი, არც ბროწეული და წყალიც კი არაა დასალევად?” 6 და წავიდნენ მოსე და აარონი კრებულისაგან საკრებულო კარვის შესასვლელისაკენ, და დაეცნენ პირქვე, და გამოეცხადათ დიდება უფლისა. 7 და უთხრა უფალმა მოსეს: 8 „აიღე კვერთხი, და შეკრიბეთ თემი შენ და აარონმა, შენმა ძმამ. და უთხარით კლდეს მათ თვალწინ, და მოგცემთ ის თავის წყალს. და ასე გამოუდენ მათ წყალს კლდიდან, და ასვი ამ შენს თემსა და მათ პირუტყვს.” 9 და აიღო მოსემ კვერთხი, რომელიც იყო უფლის წინაშე, როგორც მან უბრძანა. 10 და შეკრიბეს მოსემ და აარონმა კრებული კლდესთან, და უთხრა მათ: „ისმინეთ, ურჩებო, ამ კლდისაგან ხომ არ გამოგიდინოთ წყალი?” 11 და აღმართა მოსემ ხელი, და დაჰკრა კლდეს თავისი კვერთხი ორჯერ. და წამოვიდა უხვად წყალი, და სვა თემმა და მათმა პირუტყვმა. 12 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: „რადგან არ მერწმუნეთ მე, რომ გამომეჩინა ისრაელის ძეთა თვალში ჩემი სიწმიდე, ამიტომ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული. 13 ესაა მერიბას წყალი, სადაც დრტვინავდნენ ისრაელის ძენი უფალთან, და სადაც გამოუჩინა მან მათ თავისი სიწმიდე.” 14 და გაგზავნა მოსემ მოციქულნი კადეშიდან ედომის მეფესთან ამ სიტყვებით: „ასე თქვა შენმა ძმამ, ისრაელმა: შენ იცი ყოველი სიძნელე, რომელიც გადაგვხდა ჩვენ. 15 ჩავიდნენ ჩვენი მამები ეგვიპტეში, და ვცხოვრობდით ეგვიპტეში დიდხანს, და ცუდად გვეპყრობოდნენ ეგვიპტელნი ჩვენ და ჩვენს მამებსაც. 16 და შევღაღადეთ უფალს, და ისმინა მან ჩვენი ხმა, და მოავლინა ანგელოზი და გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტიდან. და ჩვენ მოვედით კადეშში, ქალაქში შენი საზღვრის კიდეზე. 17 გავივლით, გთხოვთ, შენს ქვეყანაში. არ გავივლით ყანებზე და ვენახებზე, და არც დავლევთ შენი ჭის წყალს. გავივლით სამეფო გზით, არ გადავუხვევთ მარჯვნივ და მარცხნივ, ვიდრე არ გავცდებით შენს საზღვარს.” 18 და უთხრა მას ედომმა: „არ გაიარო ჩემზე, თორემ მახვილით გამოგეგებები.” 19 და უთხრეს მას ისრაელის ძეთ: „ჩვენ წავალთ გაკაფული გზით, და თუ შენი წყალი დავლიოთ ჩვენ და ჩვენმა საქონელმა, მაშინ ფასს მოგცემთ; არ გთხოვთ არაფერს, მხოლოდ ფეხით გავივლით.” 20 მაგრამ მან შეუთვალა: „არ გაიარო!” და გამოვიდა ედომი მის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ხალხით და ძლიერი ხელით. 21 და არ დათანხმდა ედომი, რომ გზა მიეცა ისრაელისთვის, რათა გაევლო მას მის საზღვრებში. და გვერდი აუარა მას ისრაელმა. 22 და დაიძრნენ კადეშიდან ისრაელის ძენი, და მივიდა მთელი თემი ჰორის მთასთან. 23 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე: 24 „შეეძინოს აარონი თავის ხალხს, რადგან იგი არ შევა იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი ისრაელის ძეთ, რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან. 25 წაიყვანე აარონი და ელეაზარი, მისი ძე, და აიყვანე ისინი ჰორის მთაზე. 26 და გახადე აარონს მისი შესამოსელი და შემოსე მით ელეაზარი, მისი ძე, რადგან აარონი შეეძინება თავის ხალხს და მოკვდება იქ.” 27 და გააკეთა მოსემ ისე, როგორც ბრძანა უფალმა, და ავიდნენ ჰორის მთაზე მთელი თემის თვალწინ. 28 და გახადა მოსემ აარონს მისი შესამოსელი, და შემოსა მით ელეაზარი, ძე მისი. და მოკვდა აარონი იქ მთის მწვერვალზე, და ჩამოვიდნენ მოსე და ელეაზარი მთიდან. 29 და იხილა მთელმა თემმა, რომ მოკვდა აარონი, და ტიროდა აარონს ისრაელის მთელი სახლი ოცდაათი დღე.
თავი მეცხრემეტე                                                                                                                     თავი ოცდამეერთე

COMMENTS