ძველი აღთქმა
რიცხვნი
171 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეთ, და აიღე მათგან თითო კვერთხი თითო ტომიდან, მათი ტომების ყოველი მთავრისაგან, თორმეტი კვერთხი და თითოეულის სახელი წააწერე მის კვერთხზე. 3 ხოლო სახელი აარონისა წააწერე ლევის კვერთხს, რადგან ერთი კვერთხია მათი მამისსახლის მეთაურისათვის. 4 და დააწყვე ისინი საკრებულო კარავში გამოცხადების კიდობნის წინ, სადაც მე გამოგეცხადები თქვენ. 5 და რომელსაც მე ამოვირჩევ, კვერთხი აუყვავდება; და ასე დავაცხრობ ჩემს წინაშე ისრაელის ძეთა დრტვინვას”. 6 და უთხრა მოსემ ყოველივე ეს ისრაელის ძეთ, და მისცა მას ყოველმა მათმა მთავარმა თითო კვერთხი თითოეული მთავრისაგან, მათი ტომების მიხედვით, სულ თორმეტი კვერთხი, და კვერთხი აარონისა იყო მათ კვერთხებს შორის. 7 და დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე მოწმობის კარავში. 8 და მეორე დღეს შევიდა მოსე მოწმობის კარავში, და აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი – ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და გამოიბა ნუში. 9 და გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლის პირისაგან ყოველ ისრაელის ძეს. და მათ იხილეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი. 10 და უთხრა უფალმა მოსეს: „დააბრუნე აარონის კვერთხი მოწმობის კარვის წინ შესანახავად, ნიშნად ჭირვეულ ძეთათვის, და შეწყდება მათი დრტვინვა ჩემზე, და აღარ გაწყდებიან.” 11 და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას. 12 და უთხრეს ისრაელის ძეთ მოსეს: „აჰა, ვიხოცებით, იღუპება ყველა ჩვენგანი! 13 ყოველი, რომელიც მიუახლოვდება უფლის სავანეს, კვდება. ნუთუ ჩვენ ყველანი დასაღუპავად ვართ განწირული?”