HomeUncategorized

რიცხვნი 19

ძველი აღთქმა
რიცხვნი
191 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 2 „აჰა, წესი რჯულისა, რომელიც ბრძანა უფალმა: უთხარი ისრაელის ძეთ, რომ მოიყვანონ შენთან წითელი საღი დეკეული, რომელსაც არა აქვს ნაკლი, და არ სდგომია უღელი. 3 და მიეცით ის ელეაზარ მღვდელს, და გაიყვანოს იგი ბანაკის გარეთ და დაკლან იგი მის წინაშე. 4 და აიღოს ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი თითით და მოაპკუროს სისხლი საკრებულო კარვის წინა მხარეს შვიდჯერ. 5 და დაწვან დეკეული მის თვალწინ. მისი ტყავი და მისი ხორცი და მისი სისხლი თავის სკორეანად დაწვან. 6 და აიღოს მღვდელმა კედრის ხე და უსუპი, და ჭიაფერი ნართი და დააგდოს ალმოდებულ დეკეულზე. 7 და გაირეცხოს მღვდელმა თავისი შესამოსელი და დაიბანოს თავისი სხეული წყლით, და შემდეგ შევიდეს ბანაკში. და შებილწული იქნება მღვდელი საღამომდე. 8 და მისმა დამწველმა გაირეცხოს თავისი სამოსელი წყლით და დაიბანოს თავისი სხეული წყლით; და შებილწული იქნება საღამომდე. 9 და შეაგროვოს სუფთა კაცმა ფერფლი დეკეულისა და დადოს ბანაკის გარეთ, სუფთა ადგილას, და იყოს ეს ისრაელის ძეთა თემისათვის შესანახად, გამასუფთავებელი წყლისთვის. ეს ცოდვის მსხვერპლია. 10 დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა გაირეცხოს თავისი სამოსელი და შებილწული იქნება საღამომდე. ეს იყოს ისრაელის ძეთათვის და ხიზანთათვის, მათში რომ ხიზნობენ, საუკუნო წესად. 11 ვინც ადამიანის გვამს მიეკარება, შებილწული იქნება შვიდი დღე. 12 იგი გასუფთავდება ცოდვისაგან ფერფლით მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და სუფთა იქნება. და თუ ის არ გასუფთავდება მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, არ იქნება სუფთა. 13 ყოველი, ვინც მიეკარება მკვდარს, ადამიანის ცხედარს, და არ გაისუფთავებს თავს, უფლის სავანეს შებილწავს იგი. მოიკვეთოს ეს სული ისრაელიდან, რადგან გამასუფთავებელი წყალი არ ეპკურა მას, და შებილწულია ის და მისი სიბილწე კვლავ მასზეა. 14 ეს არის რჯული: თუ ადამიანი კარავში მოკვდება, მაშინ ყოველი, ვინც შევა კარავში, და ყოველი, ვინც კარავშია, შებილწული იქნება შვიდი დღე. 15 და ყოველი თავღია ჭურჭელი, რომელიც არაა დახურული თავსახურავით, შებილწულია. 16 და ყოველი, რომელიც შეეხება მინდორში მახვილით განგმირულს, ან მკვდარს, ან ადამანის ძვალს, ან საფლავს, შებილწულია იგი შვიდი დღე. 17 და შებილწულისათვის აიღონ ცოდვისათვის დამწვარი დეკეულის ფერფლი, და დაასხან მას წყაროს წყალი ჭურჭელში. 18 და აიღოს სუფთა ადამიანმა უსუპი, და ამოავლოს ამ წყალში, და აპკუროს კარავს, და ყოველ ჭურჭელს და ყველა ადამიანს, რომელიც იქ არის, და ვინც ან ძვალს, ან მკვდარს, ან მოკლულს ან საფლავს გაკარებია. 19 და აპკუროს სუფთამ შებილწულს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, და გაასუფთავებს მას მეშვიდე დღეს. და გაირეცხავს თავის სამოსელს, და დაიბანს წყლით, და სუფთა იქნება საღამოზე. 20 და თუ ვინმე შეიბილწა და არ გასუფთავდება, უნდა მოიკვეთოს ის სული კრებულიდან, რადგან მან შებილწა უფლის საწმიდარი. გამასუფთავებელი წყალი არ პკურებია მას, შებილწულია იგი. 21 იყოს ეს მათთვის საუკუნო წესად. და წყლის მასხურებელმაც გაირეცხოს თავისი სამოსელი. ვინც გამასუფთავებელ წყალს გაეკარება, შებილწული იქნება საღამომდე. 22 და ყოველი, რასაც შებილწული გაეკარება, შებილწული იქნება. და მას მიკარებული ადამიანიც შებილწული იქნება საღამომდე.”
თავი მეთვრამეტე                                                                                                                               თავი მეოცე

COMMENTS