HomeUncategorized

რიცხვნი 3

ძველი აღთქმა
რიცხვნი
31 ეს არის აარონისა და მოსეს საგვარეულოები იმ დღისთვის, როდესაც უფალი ელაპარაკა მოსეს სინაის მთაზე. 2 და ესენია აარონის ძეთა სახელები: პირმშო ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. 3 ესაა აარონის ძეთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომელნიც მან სამღვდელოდ აკურთხა. 4 და დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, როცა მათ მიიტანეს უცხო ცეცხლი უფლის წინაშე სინაის უდაბნოში, და შვილები არ ჰყავდათ მათ; და მღვდლობას ეწეოდნენ ელეაზარი და ითამარი აარონის, თავიანთი მამის, გვერდით. 5 და უთხრა უფალმა მოსეს: 6 „მიიყვანე ტომი ლევისა და დააყენე ის აარონ მღვდლის წინაშე, რომ ემსახურონ მას. 7 და შეასრულონ მოვალეობა მისდამი და მოვალეობა მთელი ერისადმი საკრებულო კარვის წინ, რათა შეასრულონ კარვის სამსახური. 8 და დაიცვან საკრებულო კარვის ყოველი ნივთი და ისრაელის ძეთა დამცველად იდგნენ, რათა აღასრულონ აღთქმის კარვის სამსახური. 9 და ჩააბარე ლევიანები აარონსა და მის ძეებს, და სრულად ჩაბარებულნი არიან ისინი მისთვის ისრაელის ძეთაგან. 10 აარონსა და მის ძეებს დაავალე, რომ მათ დაიცვან თავიანთი მღვდლობა, და უცხო, ვინც კი მიეკარება, მოიკლას”. 11 და უთხრა უფალმა მოსეს: 12 „და აჰა, ავიყვან ლევიანებს ისრაელის ძეთაგან ყოველი პირმშოს ნაცვლად, რომელიც გახსნის საშოს. და ჩემები იქნებიან ლევიანები. 13 რადგან ჩემია ყოველი პირმშო; იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთნე ყოველი პირმშო ისრაელში; ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან, მე ვარ უფალი.” 14 და უთხრა უფალმა მოსეს სინაის უდაბნოში: 15 „აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლებისა და მათ საგვარეულოთა მიხედვით. ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან მოყოლებული და უფროსი, აღრიცხე ისინი.” 16 და აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა. 17 და იყვნენ ესენი ლევიანები თავიანთი სახელების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. 18 და ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი. 19 და კეჰათიანები თავიანთი საგვარეულოების მიხედვით: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. 20 და ძენი მერარისა თავიანთი საგვარეულოებით: მახლი და მუში. ესაა ლევიანთა საგვარეულო მათი მამისსახლებითურთ. 21 გერშონისაგან: ლიბნის საგვარეულო და საგვარეულო შიმყისა. ესაა საგვარეულო გერშონისა. 22 ყოველი მამროვანი, აღრიცხული ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, შეადგენდა შვიდი ათას ხუთასს. 23 გერშონის საგვარეულოს უნდა დაებანაკა კარვის უკან, დასავლეთით. 24 და გერშონის მამისსახლის მთავარი იყო ელიასაფი, ძე ლაელისა. 25 და გერშონის ძეთ ებარათ საკრებულო კარავი, კარავი და საფარველი მისი, და საკრებულო კარვის შესასვლელის ფარდა. 26 და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს შესასვლელისა, რომელიც კარვისა და სამსხვერპლოს გარშემოა, და მისი საბელები ყოველი მათი აღჭურვილობით. 27 და კეჰათისაგან ყამრამის საგვარეულო და საგვარეულო იცჰარისა, და საგვარეულო ხებრონისა, და საგვარეულო ყუზიელისა. ეს იყო საგვარეულოები კეჰათისა. 28 ყოველი მამროვანი აღრიცხული, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, შეადგენდა რვა ათას ექვსასს, საწმიდრის მოვალეობის შემსრულებელს. 29 კეჰათიანთა საგვარეულოებს უნდა დაებანაკათ კარვის გვერდით, სამხრეთისაკენ. 30 და კეჰათის საგვარეულოების მამისსახლის მთავარი იყო ელიცაფანი, ძე ყუზიელისა. 31 და მათ ებარათ კიდობანი და ტაბლა, და ლამპარი და სამსხვერპლონი და წმიდა ჭურჭლეული მსახურებისათვის, და ფარდა და მთელი მისი მოწყობილობა. 32 და ლევიანთა მთავართა მთავარი იყო ელეაზარი, ძე აარონ მღვდლისა. მას ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდრის სამსახურს ასრულებდა. 33 მერარისაგან იყო საგვარეულო მახლისა და საგვარეულო მუშისა. ეს იყო საგვარეულოები მერარისა. 34 ყოველი მამროვანი აღრიცხული, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, იყო ექვსი ათას ორასი. 35 და მერარის საგვარეულოს მამისსახლის მთავარი იყო ცურიელი, ძე აბიხაილისა. კარვის გვერდით უნდა დაებანაკათ, ჩრდილოეთით. 36 და მერარის ძეთ ებარათ კარვის ძელები, მისი ურდულები, მისი სვეტები, მისი კვარცხლბეკები, მისი ჭურჭლეულობა და მათი ყოველი მოწყობილობა, 37 და სვეტები ეზოს გარშემო, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები და მათი საბელები. 38 და კარვის წინ, საკრებულო კარვის წინ, აღმოსავლეთით, უნდა დაებანაკათ მოსეს, აარონს და მის ძეებს, რომელთაც ევალებოდათ საწმიდრის დაცვა ისრაელის ძეთა შორის. და უცხო, ვინც კი მიუახლოვდებოდა, უნდა მომკვდარიყო. 39 ყოველი ლევიანი, რომელიც უფლის ბრძანებით აღრიცხეს მოსემ და აარონმა მათი საგვარეულოებითურთ, ყოველი მამროვანი, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, იყო ოცდაორი ათასი. 40 და უთხრა უფალმა მოსეს: „აღრიცხე ყოველი პირმშო მამროვანი ისრაელის ძეთაგან, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, გადათვალე ისინი სახელებით. 41 და აიყვანე ლევიანები ჩემთვის, მე ვარ უფალი, ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან, ხოლო ლევიანთა საქონელი ისრაელის ძეთა ყოველი პირველმოგებული საქონლის ნაცვლად.” 42 და აღრიცხა მოსემ, როგორც უბრძანა უფალმა მას, ყოველი პირმშო ისრაელის ძეთაგან. 43 და იყო ყოველი პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვის ასაკიდან და უფროსი, მათი აღწერით ოცდაორი ათას ორას სამოცდაცამეტი. 44 და უთხრა უფალმა მოსეს: 45 „აიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთა ყოველი პირმშოს ნაცვლად, და საქონელი ლევიანებისა მათი საქონლის ნაცვლად, და იქნებიან ლევიანები ჩემთვის. მე ვარ უფალი. 46 და რაც შეეხება ორას სამოცდაცამეტის გამოსყიდვას, რაც ზედმეტია ლევიანთა რიცხვზე, ისრაელის ძეთა პირმშოთაგან, 47 აიღე ხუთ-ხუთი შეკელი ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც იწონის ოც გერას, 48 და მიეცი ეს ვერცხლი აარონს და მის ძეთ მათგან ზედმეტის გამოსასყიდად.” 49 და აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ლევიანთა მიერ შენაცვლებული რიცხვის ნამეტისაგან. 50 ისრაელის ძეთა პირმშოთაგან აიღო ეს ვერცხლი, ათას სამას სამოცდახუთი შეკელი საწმიდრის შეკელით. 51 და მისცა მოსემ ეს გამოსასყიდი ვერცხლი აარონსა და მის ძეებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
თავი მეორე                                                                                                                                                         თავი მეოთხე

COMMENTS