ძველი აღთქმა
რიცხვნი
161 და ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, და დათანი და აბირამი, ძენი ელიაბისა, და ონი, ძე ფელეთისა, რეუბენიანები. 2 და წარდგნენ მოსეს წინაშე და მათთან ერთად ორას ორმოცდაათი კაცი ისრაელის ძეთაგან, მთავარნი თემისა, მიწვეულნი საკრებულოში, კაცნი სახელოვანნი. 3 და შეიკრიბნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ, და უთხრეს მათ: „გეკმაროთ! რადგან მთელი თემი წმიდაა და მათ შორისაა უფალი! და რად აღზევდით თქვენ უფლის კრებულზე?” 4 და ისმინა მოსემ, და პირქვე დაეცა. 5 და უთხრა კორახს და მთელ მის დასს ასე: „დილით უფალი აუწყებს, ვინაა მისი და ვინაა წმიდა, რათა დაიახლოვოს თავისთან, და ვისაც გამოარჩევს, მას დაიახლოვებს. 6 ეს გააკეთეთ: აიღეთ თქვენთვის საცეცხლურები კორახმაც და მთელმა მისმა დასმა, 7 და ჩადეთ მასში ცეცხლი, და დაადეთ მათ საკმეველი უფლის წინაშე ხვალ. და ვისაც ამოირჩევს უფალი, ის იქნება წმიდა. გეკმაროთ, ლევიანებო!” 8 და უთხრა მოსემ კორახს: „აბა, ისმინეთ, ლევიანებო! 9 ნუთუ ეს ცოტაა თქვენთვის, რომ გამოგყოთ თქვენ ისრაელის ღმერთმა ისრაელის თემიდან, დაგიახლოვათ თქვენ, რათა შეასრულოთ მსახურება უფლის სავანისა და იდგეთ თემის წინაშე მათ მსახურებად? 10 და დაგიახლოვა შენ და ყოველი შენი ძმა, ლევიანები, შენთან ერთად. და ახლა მღვდლობასაც ეძებთ? 11 ამიტომ შენ და მთელი შენი დასი შეკრებილხართ უფლის წინააღმდეგ. ვინ არის აარონი, რომ დრტვინავთ მასზე?” 12 და გააგზავნა მოსემ დათანისა და აბირამის, ელიაბის ძეთა დასაძახებლად, მაგრამ მათ თქვეს: „არ მოვალთ! 13 ნუთუ ცოტაა, რომ გამოგვიყვანე ქვეყნიდან, სადაც მოედინება რძე და თაფლი, უდაბნოში დასახოცად? და გინდა გაგვიბატონდე კიდეც! 14 არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მდელო და ვენახი მოგიცია სამფლობელოდ, ნუთუ ამ ადამიანებს დათხრი თვალებს? არ მოვალთ!” 15 და ძალიან ეწყინა მოსეს, და უთხრა უფალს: „ნუ მიხედავ მათ ძღვენს. არც ერთი მათგანისათვის არ წამირთმევია სახედარი, და არც ერთი მათგანისათვის არ გამიკეთებია ბოროტი.” 16 და უთხრა მოსემ კორახს: „შენ და მთელი შენი დასი იყავით უფლის წინაშე ხვალ, შენ და ისინი, და აარონი. 17 და აიღეთ თითოეულმა თქვენი საცეცხლურები და დაადეთ მას საკმეველი, და მიიტანოს თითოეულმა თავისი საცეცხლური უფლის წინაშე, ორას ორმოცდაათი საცეცხლური. და შენ და აარონმაც –თითოეულმა თავისი საცეცხლური.” 18 და აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური და ჩადო მასში ცეცხლი, და დაადო ზედ საკმეველი, და დადგნენ საკრებულო კარვის შესავალთან, აგრეთვე მოსე და აარონიც. 19 და შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი თემი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და გამოეცხადა დიდება უფლისა მთელ თემს. 20 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 21 „გამოეყავით იმ თემს, და მე მოვსპობ მათ წამში.” 22 და პირქვე დაემხნენ ისინი, და თქვეს: „ღმერთო, ყოველი ხორციელის სულების ღმერთო! ერთმა კაცმა შესცოდა და მთელ თემზე რად მრისხანებ?” 23 და უთხრა უფალმა მოსეს: 24 „უთხარი ამ თემს: განერიდონ კორახის დათანისა და აბირამის სადგომს.” 25 და ადგა მოსე, და წავიდა დათანთან და აბირამთან, და გაჰყვნენ ისრაელის უხუცესები. 26 და უთხრა თემს: „აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს, და ნუ შეეხებით ნურაფერს, რაც მათ ეკუთვნის, რათა არ დაიღუპოთ მთელი მათი ცოდვებით.” 27 და განერიდნენ კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; ხოლო დათანი და აბირამი გამოვიდნენ და დადგნენ თავიანთი კარვების შესასვლელთან თავიანთი ცოლებით და ძეებით, და მცირეწლოვანი ბავშვებითურთ. 28 და თქვა მოსემ: „ამით გაიგებთ, რომ უფალმა მომავლინა მე ყოველი ამ საქმის გასაკეთებლად, და რომ ეს არ მოდის ჩემი გულიდან. 29 თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი. 30 ხოლო თუ ახალს რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნის, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, მაშინ გაიგებთ, რომ მოიძულეს ამ ადამიანებმა უფალი. 31 და იყო, დაასრულა ყველა იმ სიტყვის თქმა და მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ. 32 და დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება. 33 და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და დაიღუპნენ კრებულიდან. 34 და მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, რადგან თქვეს: „ვაითუ გვშთანთქას ჩვენც მიწამ!” 35 და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს ორას ორმოცდაათი კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი. 36 და უთხრა უფალმა მოსეს: 37 „უთხარ ელეაზარს, მღვდელს, აარონის ძეს, წამოკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალიდან და ცეცხლი მოაბნიოს გარეთ, რადგან წმიდა გახდნენ ისინი. 38 მათი საცეცხლურებისგან, ვინც ცოდვას შეეწირა, გამოჭედონ ფურცლები სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად, რადგან მიიტანეს ისინი უფლის წინაშე და წმიდა გახდნენ. და იქნებიან ისინი ნიშნად ისრაელის ძეთათვის.” 39 და აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომელიც დამწვრებს ჰქონდათ მოტანილი, და გამოჭედეს ისინი სამსხვერპლოს მოსაპირკეთებლად, 40 სახსოვრად ისრაელის ძეთათვის, რათა უცხო პირი, რომელიც არ არის შთამომავალი აარონისა, არ მივიდეს საკმევლის საკმევად უფლის წინაშე, და არ იყოს, როგორც კორახი და მისი დასი, როგორც უთხრა უფალმა მოსეს. 41 და მეორე დღეს დრტვინავდა ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აარონზე, და ეუბნებოდა: „თქვენ გაწყვიტეთ უფლის ხალხი.” 42 და როცა შეიკრიბა თემი მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიბრუნდნენ საკრებულო კარვისკენ და ნახეს, რომ დაფარა ის ღრუბელმა, და გამოცხადდა დიდება უფლისა. 43 და მივიდნენ მოსე და აარონი საკრებულო კარვის წინ. 44 და უთხრა უფალმა მოსეს [და აარონს]: 45 „მოსცილდით ამ თემს და მოვსპობ მათ წამში.” და პირქვე დაემხნენ ისინი. 46 და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე საცეცხლური, და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, და დაადე საკმეველი, და წადი სწრაფად თემისაკენ და შეუნდე მათ. რადგან გამოვიდა რისხვა უფლისგან, და დაიწყო მუსვრა.” 47 და აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც უთხრა მოსემ, და კრებულის შუაგულს მიაშურა. და იხილა, რომ დაიწყო მუსვრა ხალხში. და დაადო საკმეველი და შეუნდო ხალხს. 48 და ჩადგა იგი მკვდრებსა და ცოცხლებს შორის, და შეწყდა მუსვრა. 49 და დაიხოცა მუსვრით თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის გამო დახოცილთა გარდა. 50 და დაბრუნდა აარონი მოსესთან საკრებულო კარვის შესასვლელთან, მას შემდეგ, რაც შეწყდა მუსვრა.