HomeUncategorized

რიცხვნი 4

ძველი აღთქმა
რიცხვნი
41 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 2 „აღრიცხე ძენი კეჰათისა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლის მიხედვით. 3 ოცდაათი წლის ასაკიდან და ზემოთ ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახური საკრებულო კარავში. 4 ესაა კეჰათიანთა სამსახური საკრებულო კარავში, წმიდათა წმიდაში: 5 შევიდნენ აარონი და მისი ძენი ბანაკის აყრისას, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი ფარდა და დაფარონ იმით მოწმობის კიდობანი. 6 და ზედ დააფარონ მაჩვის ტყავის საბურველი, და გადააფარონ ცისფერი გადასაფარებელი ზემოდან, და გაუყარონ კეტები. 7 და საწინაშეოს ტაბლაზე გაშლიან ცისფერ სამოსელს და მასზე დააწყობენ ლანგრებს და კოვზებს, ჯამებსა და საღვრელ ფიალებს. და მუდმივი პური უნდა იყოს მასზე. 8 და გაშლიან მასზე ჭიაფერ გადასაფარებელს, და დაფარავენ მას მაჩვის ტყავის საბურველით, და გაუყრიან კეტებს. 9 და აიღებენ ცისფერ გადასაფარებელს და შეახვევენ სასანთლეს და მის კანდელებს, და მის მაშებს, და მის აქანდაზებს, და ყოველ ჭურჭლეულს მისი ზეთისთვის, რომლითაც მსახურებენ მას. 10 და მოათავსებენ მას და ყოველ მის ჭურჭლეულს მაჩვის ტყავის საფარველში და ჩამოკიდებენ ლატანზე. 11 და ოქროს სამსხვერპლოზე გაშლიან ცისფერ გადასაფარებელს, და მას დაბურავენ მაჩვის ტყავის საფარველით, და გაუყრიან მის კეტებს. 12 და აიღებენ ყოველ სასამსახურო ჭურჭელს, რომლებითაც მსახურებენ საწმიდარში, და დააწყობენ ცისფერ გადასაფარებელზე და დაბურავენ მათ მაჩვის ტყავის საბურველით და ჩამოკიდებენ ლატანზე. 13 და გაასუფთავებენ სამსხვერპლოს ნაცრისგან და გაშლიან მასზე მეწამულ გადასაფარებელს. 14 და დააწყობენ მასზე ყოველ მის ჭურჭლეულს, რომლითაც მსახურებენ მასზე: აქანდაზებს, ჩანგლებს და ნიჩბებს, და სასხურებლებს – სამსხვერპლოს ყოველ ჭურჭლეულობას, და გაშლიან მასზე საბურველს მაჩვის ტყავისას და გაუყრიან მის კეტებს. 15 და როცა აარონი და მისი ძენი დაასრულებენ საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლეულის დაბურვას ბანაკის აყრისას, მხოლოდ ამის შემდეგ შევლენ კეჰათის ძენი ასაწევად. არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რათა არ მოკვდნენ. ესაა კეჰათის ძეთა ტვირთი საკრებულო კარავისა. 16 აარონ მღვდლის ძეს ელეაზარს ევალება ზედამხედველობა ლამპრის ზეთზე, კეთილსურნელოვან საკმეველზე, მუდმივი პურის შესაწირავზე და ზეთსაცხებელზე, ზედამხედველობა მთლიანად კარავზე და ყოველივეზე, რაც მასშია, საწმიდარზე და მის ჭურჭლეულზე.” 17 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 18 „ნუ მოკვეთავთ კეჰათის საგვარეულოთა ტომს ლევიანთაგან. 19 ეს უნდა გააკეთოთ მათთვის, რომ იცოცხლონ და არ დაიხოცონ: რაჟამს მივლენ ისინი წმიდათა წმიდასთან: აარონი და მისი ძენი მივიდნენ და გაამწესონ ისინი თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთთან. 20 და ნუ მივლენ საწმიდრის შებურვის სახილველად, რათა არ დაიხოცონ.” 21 და უთხრა უფალმა მოსეს: 22 „აღრიცხე აგრეთვე გერშონის ძენი მათი მამისსახლისა და მათი საგვარეულოების მიხედვით. 23 ოცდაათი წლის ასაკიდან და ზემოთ ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ყველა ისინი, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარავში. 24 ეს გერშონის საგვარეულოთა სამსახურია, მსახურებად და ტვირთვად. 25 მათ უნდა ატარონ სავანის, საკრებულო კარვის გადასაფარებლები, მისი საბურველი და მაჩვის საბურველი, რომელიც მასზეა ზემოდან, და ფარდა საკრებულო კარვის შესასვლელისა. 26 და ეზოს ფარდები, და ფარდა ეზოს კარიბჭის შესასვლელისა, რომელიც აღთქმის კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივაა, და მათი საბელები, და მათი ყოველი სამსახურებელი ჭურჭლეულობა, და ყოველივე, რაც უნდა გაკეთდეს მათთან, მათ გააკეთონ. 27 აარონისა და მის ძეთა ბრძანების მიხედვით იყოს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, მათი ყოველი ტვირთვისა და მათი ყოველი სამსახურისთვის. და მათ დაავალეთ დაცვა ყოველივესი, რასაც ისინი ატარებენ. 28 ესაა გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური კრებულის კარავში, და მათი მოვალეობანი აარონის ძის, ითამარის ზედამხედველობით. 29 მერარის ძენი მათი საგვარეულოს, მათი მამისსახლის მიხედვით აღრიცხე. 30 ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე აღრიცხე ისინი, ყოველი, ვისაც შუძლია სამსახურში ჩადგომა, რათა შეასრულოს სამსახური საკრებულო კარვისა. 31 და ესაა მათი ვალდებულება, რომ ატარონ მთელი მათი სამსახურისას საკრებულო კარავში: კარვის ძელები, მისი ურდულები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები. 32 და ეზოს გარეშემო სვეტები, და მათი კვარცხლბეკები, და მათი პალოები, და მათი საბელები, და მათი ყოველი ჭურჭლეულობა, და მათი ყოველი სამსახურებელი. სახელდებით აღრიცხეთ საგნები, რომლებიც მათ უნდა ატარონ. 33 ეს მერარის ძეთა საგვარეულოს სამსახურია. ყოველი მათი სამსახური საკრებულო კარავთან აარონ მღვდლის ძის, ითამარის ხელშია.” 34 მოსემ და აარონმა და თემის მთავრებმა აღრიცხეს კეჰათის ძენი მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით. 35 ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეუძლია სამსახურში ჩადგომა, კარავში მსახურებისათვის. 36 და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით ორი ათას შვიდას ორმოცდაათი. 37 ესენი იყვნენ აღრიცხულნი კეჰათის საგვარეულოდან, ყოველნი, რომელნიც მსახურებდენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით. 38 და აღრიცხულნი გერშონის ძეთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, 39 ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში მსახურებისათვის. 40 და იყვნენ აღრიცხულნი, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლის მიხედვით, ორი ათას ექვსას ოცდაათი. 41 ესენი იყვნენ აღრიცხულნი გერშონის ძეთა საგვარეულოდან, ყოველნი, ვინც მსახურებდნენ საკრებულო კარავში, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით. 42 და აღრიცხულნი მერარის ძეთა საგვარეულოდან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, 43 ოცდაათი წლის ასაკიდან ორმოცდაათი წლის ასაკამდე ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა, საკრებულო კარავში მსახურებისათვის. 44 და იყო აღრიცხული მათი საგვარეულოების მიხედვით სამი ათას ორასი. 45 ესენი იყვნენ აღრიცხულნი მერარის საგვარეულოდან, რომელნიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით. 46 და ყოველი, ვინც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის მთავრებმა ლევიანთაგან მათი საგვარეულოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, 47 ოცდაათი წლის ასაკიდან და ზევით ორმოცდაათი წლის ასაკამდე, ყოველი, ვისაც შეეძლო სამსახურში ჩადგომა საკრებულო კარავში და ტვირთის ზიდვა, 48 იყო აღრიცხული რვა ათას ხუთას ოთხმოცი. 49 უფლის ბრძანებით, მოსეს ხელით აღრიცხეს ისინი – თითოეული თავის სამსახურზე და თავის ტვირთის ზიდვაზე, და თითოეული აღირიცხა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
თავი მესამე                                                                                                                                                            თავი მეხუთე

COMMENTS