ძველი აღთქმა
რიცხვნი
81 და უთხრა უფალმა მოსეს: „კანდელებს რომ აანთებ, 2 განუცხადე აარონს და უთხარი მას: ‘როდესაც კანდლებს აანთებ, პირდაპირ სასანთლის წინ უნდა ენთებოდეს შვიდივე კანდელი.’” 3 და გააკეთა ასე აარონმა: პირდაპირ სასანთლის წინ აანთო მისი კანდელები, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 4 და ნაკეთობა სასანთლისა ნაჭედი ოქროსი იყო. ღეროდან ყვავილებამდე ნაჭედი იყო ის. იმ გამოსახულების მიხედვით, რომელიც უჩვენა უფალმა მოსეს, ისე გააკეთა სასანთლე. 5 და უთხრა უფალმა მოსეს: 6 „აიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთაგან და განწმიდე ისინი. 7 და ასე მოექეცი მათ, რათა განწმიდო ისინი: აპკურე მათ განმწმედი და გაიპარსონ სამართებლით მთელი ტანი, და გაირეცხონ სამოსელი, და განიწმიდებიან. 8 და აიყვანონ ნორჩი მოზვერი და მასთან ერთად პურეულის ძღვენი, ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილი, და მეორე ნორჩი მოზვერი აიყვანონ ცოდვისთვის. 9 და მიიყვანე ლევიანები საკრებულო კარვის წინაშე, და შეკრიბე მთელი თემი ისრაელის ძეთა. 10 და მოიყვანე ლევიანები უფლის წინაშე, და დაასხან ისრაელის ძეთ ხელები ლევიანებს. 11 და წარადგენს აარონი ლევიანებს უფლის წინაშე, როგორც შესარხევ შესაწირავს ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ უფლის მსახურება. 12 და ლევიანები დაასხამენ ხელებს მოზვრებს თავზე, და შესწირე ერთი ცოდვისათვის, ხოლო მეორე სრულადდასაწველად უფლისათვის, ლევიანთა შესანდობად. 13 და დააყენე ლევიანები აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე, და წარადგინე შესარხევი შესაწირავი უფლისათვის. 14 და გამოყავი ლევიანები ისრაელის ძეთაგან, და იქნებიან ლევიანები ჩემთვის. 15 და მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები საკრებულო კარვის სამსახურში, როცა განწმედ მათ, და შესარხევი შესაწირავივით წარადგენ. 16 რადგან ჩემთვის არიან ისინი მოცემით მოცემულნი ისრაელის ძეთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელის ძეთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ავიყვანე ისინი ჩემთვის. 17 რადგან ჩემია ისრაელის ძეთა ყოველი პირმშო, ადამიანიდან პირუტყვამდე: იმ დღეს, როცა მოვსპე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ისინი, 18 და ავიყვანე ლევიანები ყოველი პირმშოს ნაცვლად ისრაელის ძეთაგან. 19 და საჩუქრად მივეცი ლევიანები აარონს და მის ძეთ ისრაელის ძეთაგან, რათა შეასრულონ ისრაელის ძეთა სამსახური საკრებულო კარავში და შეუნდონ ისრაელის ძეთ, რათა არ იყოს ისრაელის ძეთა შორის მომსრველი სენი, როცა ისრაელის ძენი საწმიდარს მიეკარებიან.” 20 და გააკეთეს ასე მოსემ და აარონმა და ისრაელის ძეთა მთელმა თემმა ლევიანთათვის. ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გააკეთეს მათთვის ისრაელის ძეთ. 21 და განიწმიდნენ ცოდვისგან ლევიანები, და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი, და წარადგინა ისინი აარონმა შესარხევი შესაწირავივით უფლის წინაშე, და შეუნდო მათ აარონმა, რათა განეწმიდა ისინი. 22 და ამის შემდეგ შევიდნენ ლევიანები თავიანთი მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავში აარონის წინაშე და მის ძეთა წინაშე. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს ლევიანთა შესახებ, ისე გაუკეთეს მათ. 23 და უთხრა უფალმა მოსეს: 24 „ესაა რჯული ლევიანთათვის: ოცდახუთი წლის ასაკიდან და უფროსნი, თითოეული მათგანი შევა სამსახურისათვის, რათა იმსახუროს საკრებულო კარავში. 25 მაგრამ ორმოცდაათი წლის ასაკიდან ისინი თავს დაანებებენ სამსახურს და აღარ ემსახურებიან მეტად. 26 მხოლოდ მოეხმარონ თავიანთ ძმებს საკრებულო კარვის დაცვაში, ოღონდ სამსახურს ნუ შეასრულებენ. ასე მოექეცი ლევიანებს მათი მოვალეობის აღსრულებისას.”