HomeUncategorized

რიცხვნი 7

ძველი აღთქმა
რიცხვნი
71 და იმ დღეს, როცა მოსემ დაასრულა კარვის აღმართვა და სცხო მას, და აკურთხა იგი და ყოველი ჭურჭლეულობა მისი, და სამსხვერპლო ყოველი მისი ჭურჭლეულობით, და სცხო მას და აკურთხა ისინი, 2 და მიეახლნენ მას ისრაელის მთავრები, მათი მამისსახლის მეთაურები, ისინი იყვნენ ტომების მთავრები, რომლებიც ზედამხედველობდენ აღრიცხვას. 3 და მიიტანეს თავიანთი შესაწირავი უფლის წინაშე: ექვსი ჩარდახიანი ურემი და თორმეტი ხარი, თითო ურემი ორ მთავარზე და თითო ხარი თითოზე და წარადგინეს ისინი კარვის წინაშე. 4 და უთხრა უფალმა მოსეს: 5 „გამოართვი და იყვნენ მსახურების შესასრულებლად საკრებულო კარავთან. და გადაეცი ისინი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამსახურის მიხედვით.” 6 და აიღო მოსემ ურმები და ხარები, და გადასცა ისინი ლევიანებს. 7 ორი ურემი და ოთხი ხარი მისცა გერშონის ძეთ, მათი სამსახურის მიხედვით. 8 და ოთხი ურემი და რვა ხარი მისცა მერარის ძეთ, მათი სამსახურის მიხედვით, აარონ მღვდლის ძის, ითამარის ზედამხედველობით. 9 და კეჰათის ძეთ არ მისცა, რადგან მათი სამსახური იყო საწმიდრის ტარება, მხრებით ტარება. 10 და მოიტანეს მსხვერპლი მთავრებმა სამსხვერპლოს სატფურებისთვის, მისი ცხების დღეს, და წარადგინეს მთავრებმა თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ. 11 და უთხრა უფალმა მოსეს: „თითო მთავარმა თითო დღეს შესწიროს თავისი შესაწირავი სამსხვერპლოს სატფურებისთვის.” 12 და იყო შემწირველი პირველ დღეს თავისი შესაწირავისა ნახშონი, ძე ყამინადაბისა, იუდას ტომიდან. 13 და მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, ას ოცდაათი შეკელის წონისა, ვერცხლის ერთი თასი სამოცდაათი შეკელისა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ. 14 ათშეკელიანი ოქროს ერთი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე. 15 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი – სრულადდასაწველად. 16 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 17 და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს შესაწირავი იყო ნახშონ ყამინადაბის ძისა. 18 მეორე დღეს შესწირა თავისი შესაწირავი ნეთანელმა, ცუყარის ძემ, ისაქარის მთავარმა. 19 და მან შესწირა თავისი შესაწირავი: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურების საძღვნოდ. 20 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 21 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, 22 ერთი თიკანი ცოდვისათვის. 23 და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ნეთანელ ცუყარის ძისა. 24 მესამე დღეს შესწირა ზებულუნის ძეთა მთავარმა, ელიაბმა, ხელონის ძემ. 25 მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათ შეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსენი ზეთში აზელილი წმინდა პურის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, 26 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 27 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, 28 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 29 და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიაბ ხელონის ძისა. 30 მეოთხე დღეს შესწირა რეუბენის ძეთა მთავარმა ელიცურმა, შედეურის ძემ. 31 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმინდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ. 32 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 33 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, 34 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 35 და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიცურ შედეურის ძისა. 36 მეხუთე დღეს შესწირა სიმონის ძეთა მთავარმა შელუმიელმა, ცურიშადაის ძემ. 37 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსენი ზეთში აზელილი წმიდა პურის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, 38 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 39 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, 40 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 41 და სამშვიდობო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი შელუმიელ ცურიშადაის ძისა. 42 მეექვსე დღეს შესწირა გადის ძეთა მთავარმა ელიასაფმა, რეღუელის ძემ. 43 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, 44 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 45 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი სრულადდასაწველად, 46 და ერთი თიკანი ცოდვისათვის. 47 და სამშვიდობო შესაწირავად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიასაფ რეღუელის ძისა. 48 მეშვიდე დღეს შესწირა ეფრემის ძეთა მთავარმა ელიშამაყმა, ყამიჰუდის ძემ. 49 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, საძღვნოდ. 50 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 51 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი ერთწლიანი კრავი, სრულადდასაწველად, 52 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 53 და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიშამაყ ყამიჰუდის ძისა. 54 მერვე დღეს შესწირა მენაშეს ძეთა მთავარმა გამალიელმა, ფედაცურის ძემ. 55 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, 56 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე; 57 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, 58 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 59 და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი ერთწლიანი კრავი. ეს იყო შესაწირავი გამალიელ ფედაცურის ძისა. 60 მეცხრე დღეს შესწირა ბენიამინის ძეთა მთავარმა აბიდანმა, გედეონის ძემ. 61 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა პურის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, 62 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 63 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, 64 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 65 და სამშვიდობო შესაწირავად იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი აბიდან გედეონის ძისა. 66 მეათე დღეს შესწირა დანის ძეთა მთავარმა ახიყეზერმა, ყამიშადაის ძემ. 67 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათ შეკელიანი თასი, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ. 68 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 69 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად. 70 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 71 და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი ახიყეზერ ყამიშადაის ძისა. 72 მეთერთმეტე დღეს შესწირა აშერის ძეთა მთავარმა ფაგეყიელმა, ყაქრანის ძემ. 73 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ასოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, 74 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 75 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, 76 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 77 და სამშვიდობო შესაწირავად იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი ფაგეყიელ ყაქრანის ძისა. 78 მეთორმეტე დღეს შესწირა ნაფთალიანთა მთავარმა ახირაყ, ყენანის ძემ. 79 მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით ას ოცდაათი შეკელი, ვერცხლის ერთი სამოცდაათშეკელიანი თასი საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში აზელილი წმიდა ხორბლის ფქვილით, პურეულის საძღვნოდ, 80 ოქროს ერთი ათშეკელიანი საგუნდრუკე, საკმევლით სავსე, 81 ერთი ნორჩი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი კრავი ერთწლიანი სრულადდასაწველად, 82 ერთი თიკანი ცოდვისთვის. 83 და სამშვიდობო შესაწირავი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი კრავი ერთწლიანი. ეს იყო შესაწირავი ახირაყ ყენანის ძისა. 84 და ეს იყო სამსხვერპლოს სატფურების, მისი ცხების დღის ძღვენი და შესაწირავი ისრაელის მთავართაგან: ვერცხლის თორმეტი ლანგარი, ვერცხლის თორმეტი თასი, ოქროს თორმეტი საგუნდრუკე, 85 ვერცხლის ასოცდაათი შეკელი თითოეულ ლანგარში და სამოცდაათი შეკელი თითოეულ თასში. ამ ჭურჭელში იყო სულ ორი ათას ოთხასი საწმიდრის შეკელის ვერცხლი. 86 ოქროს თორმეტი საკმევლით სავსე საგუნდრუკე, თითოეული საგუნდრუკე ათი საწმიდრის შეკელისა. საგუნდრუკეებში სულ იყო ას ოცი შეკელის ოქრო. 87 სრულადდასაწვევლად სულ იყო თორმეტი ხარი მსხვილფეხა საქონლიდან, თორმეტი ვერძი, თორმეტი ერთწლიანი კრავი და მათი პურეულის ძღვენი, და თორმეტი თიკანი ცოდვისთვის. 88 და სულ იყო სამშვიდობო შესაწირავად ოცდაოთხი ხარი მსხვილფეხა საქონლიდან, სამოცი ვერძი, სამოცი კრავი ერთწლიანი. ეს იყო ძღვენი სამსხვერპლოს სატფურებისა მისი ცხების შემდეგ. 89 და როცა მოსე შედიოდა საკრებულო კარავში, რათა ელაპარაკა უფალთან, მას ესმოდა ხმა, რომელიც ელაპარაკებოდა მოწმობის კიდობნის თავსარქვლიდან, ორი ქერუბიმის შუიდან. და იგი ლაპარაკობდა მასთან.
თავი მეექვსე                                                                                                                                                თავი მერვე

COMMENTS