ძველი აღთქმა
რიცხვნი
21 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 2 „ყოველმა ისრაელის ძემ თავის დროშასთან მისი მამის სახლის ნიშნებით დაიბანაკოს. საკრებულო კარვის ირგვლივ უნდა დაიბანაკონ შორი-ახლოს.” 3 და იყვნენ დაბანაკებულნი წინა მხარეს, აღმოსავლეთით: იუდას ბანაკის დროშა მათი ლაშქრების მიხედვით. და იუდას ძეთა მთავარი იყო ნახშონი, ყამინადაბის ძე. 4 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა სამოცდათოთხმეტი ათას ექვსასს. 5 მის მომდევნოდ დაიბანაკა ისაქარის ტომმა. და ისაქარის ძეთა მთავარი იყო ნათანელი, ძე ცუყარისა, 6 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდათოთხმეტი ათას ოთხასს. 7 შემდეგი იყო ზებულუნის ტომი. და ზებულუნის ძეთა მთავარი იყო ელიაბი, ძე ხელონისა. 8 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული – ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხასი. 9 ას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი იყო ყოველი აღრიცხული იუდას ტომში, მათი ლაშქრებით. ისინი პირველნი უნდა გაემგზავრნენ. 10 რეუბენის ბანაკის დროშა სამხრეთით იყო თავიანთი ლაშქრებით. და რეუბენის ძეთა მთავარი იყო ელიცური, ძე შედეურისა. 11 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაექვსი ათას ხუთასს. 12 მის მომდევნოდ დაიბანაკა სიმონის ტომმა. და სიმონის ძეთა მთავარი იყო შელუმიელი, ძე ცურიშადაისა. 13 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაცხრამეტი ათას სამასს. 14 და შემდეგ გადის ტომი. და გადის ძეთა მთავარი იყო ელიასაფი, ძე რეღუელისა. 15 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდახუთი ათას ექვსას ორმოცდაათს. 16 რეუბენის ბანაკში აღრიცხული იყო ას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრით, ისინი მეორენი უნდა გაემგზავრნენ. 17 და როცა გაემგზავრება საკრებულო კარავი, ლევიანთა ბანაკი ბანაკთა შუაში იქნება. როგორც არიან დაბანაკებულნი, ისევე გაემგზავრებიან, თითოეული თავიანთი დროშების მახლობლად. 18 ეფრემის ბანაკის დროშა თავინთი ლაშქრის მიხედვით დასავლეთით იყო. და ეფრემის ძეთა მთავარი იყო ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა. 19 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცი ათას ხუთასს. 20 და მასთან მენაშეს ტომი, მენაშეს ძეთა მთავარი იყო გამალიელი, ძე ფედაცურისა. 21 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ოცდათორმეტი ათას ორასს. 22 და შემდეგ – ბენიამინის ტომი, და ბენიამინის ძეთა მთავარი იყო აბიდანი, ძე გედეონისა. 23 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასს. 24 ყოველი აღრიცხული ეფრემის ბანაკში, მათი ლაშქრებით, იყო ას რვა ათას ასი. და ისინი მესამენი უნდა გაემგზავრნენ. 25 დანის ბანაკის დროშა იყო ჩრდილოეთით, მათი ლაშქრებითურთ. და დანის ძეთა მთავარია ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა. 26 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა სამოცდაორი ათას შვიდასს. 27 და მასთან დაიბანაკა აშერის ტომმა, და აშერის ძეთა მთავარი იყო ფაგეყიელი, ძე ყაქრანისა. 28 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაერთი ათას ხუთასს. 29 და შემდეგ ნაფთალის ტომი. და ნაფთალის ძეთა მთავარი იყო ახირაყ, ძე ყენანისა. 30 და მისი ლაშქარი, მასთან აღრიცხული, შეადგენდა ორმოცდაცამეტი ათას ოთხასს. 31 ყოველი აღრიცხული დანის ბანაკში იყო ას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი. უკანასკნელნი უნდა გაემგზავრნენ თავიანთი დროშებითურთ. 32 ეს იყო აღრიცხვა ისრაელის ძეთა, მათი მამისსახლითურთ: ყოველი აღრიცხული ბანაკებში მათი ლაშქრებით იყო ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი. 33 მაგრამ ლევიანები არ აღირიცხნენ ისრაელის ძეთა შორის, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 34 და გააკეთეს ისრაელის ძეთ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ასე დაიბანაკეს თავიანთი დროშების მიხედვით და ასე გაემგზავრა თითოეული თავისი საგვარეულოს მიხედვით, თავის მამისსახლის მიხედვით.