რიცხვნი 31

მაისი 10, 2015
ძველი აღთქმა
რიცხვნი
311 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეთათვის და მერე შეეძინები შენს ხალხს.” 3 და უთხრა მოსემ ხალხს: „შეაიარაღეთ თქვენგან კაცები საომრად, რათა მათ გაილაშქრონ მიდიანის წინააღმდეგ და აღასრულონ უფლის შურისძიება მიდიანზე. 4 ათას-ათასი თითო ტომიდან, ისრაელის ყოველი ტომიდან გაგზავნეთ ლაშქარში.” 5 და გაწვეულ იქნა ათასობით ისრაელისაგან ათას-ათასი, თითოეული ტომიდან, სულ თორმეტი ათასი შეიარაღებული. 6 და გაგზავნა ისინი მოსემ, ათასეული ყოველი ტომიდან, საომრად, ისინი და ფინხასი, ძე ელეაზარ მღვდლისა. და წმიდა ჭურჭელი და საყიჟინო საყვირები ჰქონდა მას ხელში. 7 და გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, და დახოცეს ყოველი მამაკაცი. 8 და მეფენი მიდიანისა დახოცეს მათ დახოცილებთან ერთად: ევი და რეკემი, ცური, ხური და რებაყი – მიდიანის ხუთი მეფე, და მოკლეს მახვილით აგრეთვე ბილყამიც, ძე ბეყორისა; 9 და დაატყვევეს ისრაელის ძეთ მიდიანელი ქალები და მათი ბავშვები. და მთელი მათი საქონელი, მთელი მათი ჯოგი, და მთელი მათი ქონება დაიტაცეს. 10 და ყველა მათი ქალაქი მათი დასახლების ადგილებში და ყველა მათი ბანაკი გადაწვეს ცეცხლით. 11 და წამოიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაძარცვი, ადამიანთაგან პირუტყვამდე, 12 და მოიყვანეს მოსესთან და ელეაზარ მღვდელთან და ისრაელის ძეთა თემთან ტყვეები და ნაძარცვი, და ნადავლი, ბანაკში, მოაბის ველებზე, რომელიც იორდანეს ნაპირასაა, იერიხოს პირდაპირ. 13 და გამოვიდნენ მოსე, ელეაზარ მღვდელი და თემის ყველა მთავარი მათ შესახვედრად ბანაკის გარეთ. 14 და განრისხდა მოსე მხედართმთავრებზე, ათასის თავებზე და ასის თავებზე, რომელნიც დაბრუნდნენ საომარი ლაშქრობიდან. 15 და უთხრა მათ მოსემ: „ყველა ქალი ცოცხალი დატოვეთ? 16 აჰა, მათი მიზეზით იყო, რომ ბილყამის რჩევით ისრაელის ძენი განუდგნენ უფალს ფეღორის გამო, და იყო მუსვრა უფლის კრებულში. 17 და ახლა მოკალით ყოველი მამროვანი ბავშვი, და ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს მამაკაცი მის საწოლზე. 18 და ყოველი დედროვანი ბავშვი, რომელსაც არ შეუცვნია საწოლი მამაკაცისა, ცოცხალი დატოვეთ თქვენთვის. 19 და თქვენ დაიბანაკეთ ბანაკის გარეთ შვიდი დღე. ყველა, ვინც კაცი მოკლა, და ყველა, ვინც მოკლულს გაეკარა, გასუფთავდეს მესამე დღეს და მეშვიდე დღეს, თქვენ და თქვენი ტყვეები. 20 და ყოველი სამოსელი და ტყავის ყოველი საგანი და ყოველი თხისურისგან დამზადებული, და ხის ყოველი ჭურჭელი გაასუფთავეთ.” 21 და უთხრა ელეაზარ მღვდელმა მეომრებს, ომში ნამყოფებს: „აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა უბრძანა მოსეს: 22 ‘ოქრო და ვერცხლი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია, 23 ყოველი საგანი, რომელიც შევა ცეცხლში, გაატარეთ ცეცხლში, და გასუფთავდება, მაგრამ გარდა ამისა გამასუფთავებელი წყლითაც უნდა გასუფთავდეს. და ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ გაუძლებს, გაავლეთ წყალში. 24 და გაირეცხეთ თქვენი სამოსელი მეშვიდე დღეს, და გასუფთავდით და შემდეგ შედით ბანაკში.’” 25 და უთხრა უფალმა მოსეს: 26 „აღრიცხეთ ტყვედ შეპყრობილნი, ადამიანიდან პირუტყვამდე, შენ და ელეაზარ მღვდელმა და თემის მამისსახლთა მთავრებმა. 27 და გაყავით ნადავლი შუაზე ომში ნამყოფ მეომართა შორის, და მთელ თემს შორის. 28 და აიღეთ ხარკი უფლისათვის ომში ნამყოფ მეომართაგან: თითო სული ხუთასზე, ადამიანთაგან და მსხვილფეხა საქონლისაგან, სახედართაგან და წვრილფეხა საქონლისაგან. 29 მათი ნახევრიდან აიღე ეს და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო შესაწირავად. 30 და ისრაელის ძეთა ნახევრიდან აიღე თითო წილი ორმოცდაათზე ადამიანთაგან, მსხვილფეხა საქონლისაგან, სახედართაგან, წვრილფეხა საქონლისაგან, ყოველ პირუტყვთაგან, და მიეცი ისინი ლევიანებს – სავანის მოვალეობის შემსრულებელთ.” 31 და გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 32 და იყო ნადავლი, გარდა მეომართა მიერ დატაცებულისა, წვრილფეხა საქონელი – ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი, 33 და მსხვილფეხა საქონელი – სამოცდათორმეტი ათასი, 34 და სახედრები – სამოცდაერთი ათასი, 35 და ადამიანთაგან, ქალები, რომელთაც არ ჰქონდათ შეცნობილი მამაკაცის საწოლი, სულ – ოცდათორმეტი ათასი სული. 36 და ომში ნამყოფთა ნახევარი წილი აღრიცხვით იყო: წვრილფეხა საქონელი – სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი. 37 და იყო ხარკი უფლისათვის ამ წვრილფეხა საქონლიდან – ექვსას სამოცდათხუთმეტი. 38 ოცდათექვსმეტი ათასი მსხვილფეხა საქონლიდან ხარკი უფლისათვის –სამოცდათორმეტი. 39 და სახედრები – ოცდაათი ათას ხუთასი, და მათგან ხარკი უფლისათვის – სამოცდაერთი. 40 და ადამიანი – თექვსმეტი ათასი და მათგან ხარკი უფლისათვის – ოცდათორმეტი სული. 41 და მისცა მოსემ ხარკი, შესაწირავი უფლისა, ელეაზარ მღვდელს, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 42 და ისრაელის ძეთა ნახევრისაგან, რომელიც გამოყო მოსემ მეომართაგან, 43 ეს ნახევარი იყო თემისათვის: წვრილფეხა საქონელი – სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი, 44 და მსხვილფეხა საქონელი – ოცდათექვსმეტი ათასი, 45 და სახედრები – ოცდაათიათას ხუთასი, 46 და ადამიანები – თექვსმეტი ათასი. 47 და აიღო მოსემ ისრაელის ძეთა ნახევრისაგან ერთი ორმოცდამეათედი წილი ადამინთაგან და პირუტყვთაგან, და მისცა ეს ლევიანებს, უფლის სავანის მოვალეობის შემსრულებელთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 48 და მივიდნენ მოსესთან, ლაშქრის ათასისთავთა მთავრები, ათასისთავები და ასისთავები, 49 და უთხრეს მოსეს: „შენმა მსახურებმა აღრიცხეს მეომარნი, რომელნიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არ აკლია მათგან არც ერთი კაცი. 50 და შევწირავთ შესაწირავს უფალს, ვინც რა იპოვა ოქროს ჭურჭელთაგან – სალტეებს, სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს და ყელსაბამებს, ჩვენი სულების შენდობისათვის უფლის წინაშე.” 51 და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ეს ოქრო მათგან, ყოველი ეს სამკაული, ოსტატურად ნაკეთები. 52 და მთელი შემონაწირი ოქრო, რომელიც უფალს შესწირეს იყო თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი – ათასისთავებისაგან და ასისთავებისაგან. 53 და მეომრებს, თითოეულს თავისი წილი ჰქონდათ დატაცებული. 54 და აიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქრო ათასისთავებისაგან და ასისთავებისაგან, და მიიტანეს იგი საკრებულო კარავში უფლის წინაშე ისრაელის ძეთა სამახსოვროდ.
თავი ოცდამეათე                                                                                                               თავი ოცდამეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close