მეორე რჯული 8

აპრილი 27, 2015

ძველი აღთქმა
მეორე რჯული

81 ყოველი მცნება, რომელსაც მე დღეს გიბრძანებ, დაიცავით შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და გამრავლდეთ, და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა თქვენს მამებს. 2 გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს ორმოცი წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს, თუ არა. 3 და გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. 4 ტანზე სამოსელი არ გაგცვეთია და ფეხი არ გაგსივებია ეს ორმოცი წელიწადი. 5 იცოდე გულში, რომ როგორც კაცმა თავისი ძე გაწვრთნას, ისე გწვრთნის შენ უფალი, შენი ღმერთი. 6 და დაიცავი მცნებანი უფლისა, შენი ღმერთისა, რათა მისი გზებით იარო და გეშინოდეს მისი. 7 რადგან უფალს, შენს ღმერთს, კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ, ქვეყანაში, სადაც წყლის ნაკადულები, წყაროები და ბინულები მოედინებიან მთასა და ბარში. 8 ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, 9 ქვეყანაში, სადაც არა სიგლახაკით შეჭამ პურს, არ დაგაკლდება იქ არაფერი, ქვეყანაში, რომლის ქვები რკინაა; და მისი მთებიდან გამოჰკვეთავ სპილენძს. 10 და შეჭამ და გაძღები, და აკურთხებ უფალს, შენს ღმერთს, იმ კარგი ქვეყნისთვის, რომელიც მოგცა. 11 და გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი ღმერთი, და აღარ დაიცვა მისი მცნებები, მისი სამართალნი, და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიბრძანებ. 12 როცა ჭამთ და გაძღებით, და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და მათში იცხოვრებთ, 13 და გამრავლდება თქვენი მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ვერცხლი და ოქრო გექნებათ ბევრი, და ყოველივე, რაც გაბადიათ გაგიმრავლდებათ, – 14 არ გადიდგულდე და არ დაივიწყო, უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან; 15 რომელმაც გატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია, სადაც არ იყო წყალი, მან კი სალი კლდიდან წყალი გამოადინა შენთვის; 16 რომელიც უდაბნოში გკვებავდა მანანით, რომელსაც არ იცნობდნენ შენი მამები, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა სიკეთე ეყო ბოლოს შენთვის; 17 და რომ არ თქვა შენს გულში: „ჩემმა ძალამ და ჩემმა ხელის სიმტკიცემ შემძინა მე ეს ქონება!” 18 უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან იგი გაძლევს შენ ძალას ქონების შესაძენად, რათა შეასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს, როგორც დღეს. 19 და თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და გაჰყვები უცხო ღმერთების კვალს და ემსახურები, და თაყვანს სცემ მათ, მაშინ ვმოწმობ შენზე დღეს, რომ დაიღუპები; 20 იმ ხალხებივით, რომელთაც უფალი ღუპავს თქვენს წინაშე, ასევე დაიღუპებით, თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას.
თავი მეშვიდე                                                                                                                                        თავი მეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close