მეორე რჯული 21

აპრილი 28, 2015
ძველი აღთქმა
მეორე რჯული
211 თუ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, მოკლული ნახო, ველზე დაცემული, და არავინ იცოდეს, ვინ მოკლა იგი, 2 გამოვიდნენ შენი უხუცესები და შენი მსაჯულები და გაზომონ მანძილი ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა. 3 და რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, იმ ქალაქის უხუცესებმა აიყვანონ დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და რომელსაც უღელი არ გაუწევია, 4 და ჩაიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული კლდოვან ხეობაში, რომელიც არ დამუშავებულა და არც დათესილა და იქ გადაუმტვრიონ მას კისერი ხევში. 5 და მოდგნენ ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას, და უფლის სახელით აკურთხონ, და მათი პირით გადაწყდება ყველა დავა და ყველა ზარალი. 6 და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა დაიბანოს ხელი ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე, 7 და განაცხადონ და თქვან: „ჩვენს ხელებს არ დაუღვრია ეს სისხლი და ჩვენს თვალებს არ უხილავთ; 8 შეუნდე შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, უფალო, და ნუ დატოვებ უდანაშაულო სისხლს შენი ხალხის, ისრაელის, წიაღში”. და შეენდობათ მათ ეს სისხლი. 9 უნდა მოიცილო უდანაშაულო სისხლი შენი წიაღიდან, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში. 10 როცა გახვალ ომში შენი მტრების წინააღმდეგ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და ტყვეებად წამოასხამ მათ, 11 და დაინახავ ტყვეებში ლამაზი გარეგნობის ქალს, შეგიყვარდება იგი და ცოლად წაყვანას დაუპირებ, 12 მიიყვანე შენს სახლში და შეიჭრას ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები, 13 გაიხადოს სამოსელი ტყვეობისა და დაჯდეს შენს სახლში და ერთი თვე იტიროს თავისი მამა და თავისი დედა. მერე კი შედი მასთან და შეირთე, და გახდება შენი ცოლი. 14 და თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი ის თავის ნებაზე, ოღონდ გაყიდვით არ გაყიდო ვერცხლზე, მონად არ აქციო, რაკი დამორჩილებული გყავს. 15 თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება: ერთი საყვარელი, ხოლო მეორე – საძულველი, და შესძენენ მას ვაჟებს: საყვარელი და საძულველი, პირმშო კი საძულველს ეყოლება, 16 თავისი ძეებისთვის თავისი ქონების განაწილების დღეს მას არ შეუძლია საყვარლის ძეს პირმშოობა არგუნოს საძულველის პირმშოს წინაშე, 17 არამედ პირმშოდ აღიაროს საძულველის ძე, რათა მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც მას აბადია, რადგან იგი დასაბამია მისი ძალისა, მას ეკუთვნის პირმშოობის უფლება. 18 თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის ხმას და თავისი დედის ხმას, და დატუქსავენ მას, მაგრამ ის არ გაუგონებს მათ, 19 დაიჭირონ მამამისმა და დედამისმა და მიიყვანონ მისი ქალაქის უხუცესებთან და თავისი ადგილის კარიბჭესთან. 20 და უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: „ეს ჩვენი შვილი ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას, მსუნაგია და ლოთი.” 21 და ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება. 22 თუ კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე. 23 არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ დამარხე იგი იმავე დღეს. რადგან ღვთისგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. და ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ.
თავი მეოცე                                                                                                                                          თავი ოცდამეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close