რომაელთა 7:14-23
რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი. მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა! ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს. ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება. რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
გალატელთა 5:16-17
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
ეფესელთა 2:3
რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.
2 პეტრეს 2:18
ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ იმათ, რომლებიც ეს-ესაა ჩამოსცილდნენ ცდომილებაში მყოფთ.
რომაელთა 15:1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
ფსალმუნები 77:56-57
კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, არ დაიცვეს მისი მცნებანი. გზიდან უხვევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, სხვა მხარეს იხრებოდნენ მოშვებული მშვილდივით.
იაკობის 3:2
ვინაიდან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც.
იაკობის 4:17
ამიტომ ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, სცოდავს.
გამოსვლა 32:22-24
უთხრა აჰარონმა: „ნუ აინთება ჩემი ბატონის რისხვა: შენ იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი. მითხრეს: გააკეთე ჩვენთვის ღმერთი, რომელიც ივლის ჩვენს წინ, რადგან არ ვიცით რა დაემართა მოსეს, კაცს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან. ვუთხარი: ვისაც აქვს ოქრო, ჩამოიხსნას და მომცეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა”.
1 მეფეთა 13:11-13
უთხრა სამუელმა: „ეს რა ჩაიდინე?” უპასუხა საულმა: „დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი, შენც არ გამოჩნდი დანიშნულ დროზე, ფილისტიმელნი კი მიქმაშში იკრიბებოდნენ. ვთქვი: ახლა დამეცემიან ფილისტიმელნი გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. ვეღარ მოვითმინე და აღვავლინე სრულადდასაწველი”. უთხრა სამუელმა საულს: „უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.
მათეს 25:24-25
მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ მკაცრი კაცი ხარ – იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.
მათეს 7:1-5
„ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ. რატომ უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები შენს ძმას – მიმიშვი, თვალიდან ბეწვი ამოგიღოო, და აჰა, შენს თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
იაკობის 4:11-12
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის დამძრახავი და განმკითხველი, რჯულს ძრახავს და რჯულს განიკითხავს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარ ხარ, არამედ განმკითხველი. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?
გამოსვლა 17:3
სწყუროდა ხალხს წყალი, ებუზღუნებოდნენ მოსეს და ამბობდნენ: „რად გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ჩვენი და ჩვენი შვილების და ჩვენი საქონლის წყურვილით მოსაკლავად?”
საქმეები 11:2-3
და როცა იერუსალიმში ავიდა პეტრე, უსაყვედურეს ზოგიერთებმა წინადაცვეთილთაგან. უთხრეს: „წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი სახლში და მათთან ერთად ჭამე”.
ფსალმუნები 40:6
თუ სანახავად მოვა ვინმე, სიცრუეს ლაპარაკობს, გულში კი მზაკვრობას თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება.
ფსალმუნები 77:19
ლაპარაკობდნენ ღმერთის წინააღმდეგ, ამბობდნენ: შეძლებს კი ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
რიცხვნი 14:27
„როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი ხალხი ჩემზე? ვისმინე ისრაელის ძეთა დრტვინვა, რომლითაც დრტვინავენ ისინი ჩემზე,
ლუკას 6:7
მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
მათეს 12:10
და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?
მარკოზის 14:55-59
ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი იესოს წინააღმდეგ მოწმობას ეძებდნენ, რომ მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ზოგი წამოდგა და ცილს სწამებდა მას; ამბობდნენ: გავიგონეთ, რომ ამბობდა: ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში სხვას, ხელთუქმნელს ავაშენებო. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს.
ფსალმუნები 52:1-4
თქვა ბრიყვმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”, გაირყვნენ და საძაგლად იქცევიან თავიანთი უმართლობით; ერთიც არაა კეთილის მოქმედი. ზეციდან გადმოჰყურებს ღმერთი ადამის ძეთ, რათა იხილოს, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებდეს. ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, ერთიც არაა კეთილის მოქმედი. ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქმნელებმა, ჩემს ხალხს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ.
ფსალმუნები 89:8
თვალწინ გაქვს დადებული ჩვენი დანაშაულებანი და ჩვენი საიდუმლო ცოდვანი – შენი სახის სინათლეზე.
გალატელთა 6:1
ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში.
რომაელთა 8:3-4
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში, რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც დავდივართ არა ხორციელად, არამედ სულიერად;
გალატელთა 5:16
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
ფსალმუნები 64:3
როცა გვჯაბნიან ჩვენი ცოდვები, შენ შეგვინდობ ჩვენს დანაშაულს.
2 კორინთელთა 12:9-10
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში! ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!
ეფესელთა 4:32
იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.
1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
1 თესალონიკელთა 5:23
თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.