Homeბიბლიაახალი აღთქმა

რომაელთა 7

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ
ანალოგია ქორწინებასთან

71 ანდა, განა არ იცით, ძმებო, – რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, – რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია? 2 რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის დაკავშირებული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. 3 ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუშო ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ შეერაცხება. 4 ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მივუტანოთ ღმერთს. 5 ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. 6 ახლა კი, რჯულისთვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.

ცოდვის რჯულის ტყვეობა

7 მაშ, რაღას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც. ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით, ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო. 8 ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. 9 ხოლო მე ოდესღაც ვცხოვრობდი რჯულის გარეშე და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, 10 მე კი მოვკვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, 11 რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით. 12 ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
    13 ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი იყოს მცნების მეშვეობით. 14 რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი – ხორციელი, ცოდვას მიყიდული. 15 ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი. იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ. 16 ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია 17 მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. 18 ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ეს იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ამრიგად, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა. 19 ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. 20 ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. 21 ასე აღმოვაჩენ იმ რჯულს, რომ როცა კეთილის გაკეთება მსურს, ბოროტი გვერდით მიწევს, 22 ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. 23 მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მაქცევს ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. 24 უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? 25 ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით – ცოდვის რჯულს.

თავი მეექვსე                                                                                                                                              თავი მერვე

COMMENTS