Homeბიბლიაახალი აღთქმა

მარკოზის 14

ახალი აღთქმა
მარკოზის სახარება
შეთქმულება იესოს მოსაკლავად

141 ორი დღის შემდეგ პასექისა და უფუარობის დღესასწაული იყო. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკვრობით და მოეკლათ. და ამბობდნენ: ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო.

იესოს ცხება ბეთანიაში

როცა იესო ბეთანიაში იყო, სიმონ კეთროვნის სახლში, და ინახად იჯდა, მივიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონი ჭურჭლით ჰქონდა სუფთა ნელსაცხებელი ძვირად ღირებული ნარდისა. და გატეხა მან ალებასტრონი და თავზე დაასხა მას. იყვნენ ზოგიერთნი, რომლებიც აღშფოთებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში: ასე რად დაიხარჯა ნელსაცხებელიო? ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა სამას დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგება? და კიცხავდნენ მას. იესომ თქვა: „მოეშვით მაგას, რატომ აწუხებთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ და, თუკი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.  მან ის გააკეთა, რაც შეეძლო: წინასწარ სცხო ჩემს სხეულს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მის მოსაგონებლად.“

გარიგება იესოს გაცემაზე

10 იუდა ისკარიოტელი, ერთ იმ თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. 11 მათ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა, ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.

პასექის დაყენება მოწაფეებთან ერთად

12 უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავი იკვლებოდა, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?“ 13 გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ: „წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც კოკით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას. 14 სადაც შევა, უთხარით სახლის პატრონს: ‘მოძღვარმა თქვა: სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, ჩემს მოწაფეებთან ერთად რომ ვჭამო პასექი?’ 15 ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს იქ მოგიმზადებთ.“ 16 და გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი. 17 რომ მოსაღამოვდა, თორმეტთან ერთად მოვიდა იგი. 18 როცა ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე.“ 19 ისინი დანაღვლიანდნენ და ჰკითხეს სათითაოდ: „მე ხომ არა ვარ?“ 20 მან უთხრა მათ: „ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად ჯამში ჩამწობი. 21 რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა, არ დაბადებულიყო.“

ზიარების დაწესება

22 როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ — ეს ჩემი სხეულია!“ 23 აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ. 24 უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. 25 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მეტს აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალ ღვთის სასუფეველში.“ 26 იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე.

გაფრთხილება პეტრეს უარყოფაზე

27 უთხრა მათ იესომ: „ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია: ‘დავცემ მწყემს და გაიფანტებიან ცხვრები.’ 28 ხოლო ჩემი აღდგომის მერე წინ წაგიძღვებით გალილეაში.“ 29 პეტრემ უთხრა მას: „თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა!“ 30 უთხრა მას იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ.“ 31 ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა: თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად, არ უარგყოფო. ასევე ამბოდნენ სხვებიც.

ლოცვა გეთსემანიაში

32 მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსემანია, და უთხრა თასივ მოწაფეებს: „ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ.“ 33 და წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. და იწყო წუხილი და ურვა. 34 უთხრა მათ: „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ.“ 35 ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა, თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. 36 თქვა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც — შენ.“ 37 მივიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: „სიმონ, გძინავს? ვერ შესძელი, ერთ საათს გეფხიზლა? 38 იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხოლო ხორცი უძლური.“ 39 კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. 40 მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ; და არ იცოდნენ, რა ეპასუხათ მისთვის. 41 და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. 42 ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.“

იესოს გაცემა და შეპყრობა

43 კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მასთან ერთად ხალხი მახვილებით და კეტებით — მღვდელმთავართაგან, მწიგნობართაგან და უხუცესთაგან. 44 მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: „ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ.“ 45 როცა მოვიდა, მყისვე მიეჭრა მას და უთხრა : „რაბი!“ და ეამბორა. 46 მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. 47 ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. 48 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „განა ავაზაკი, ვარ მახვილებითა და კეტებით რომ მოხვედით ჩემს შესაპყრობად? 49 ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით, და არ შეგიპყრივართ. მაგრამ, დაე, აღსრულდეს წერილები.“ 50 და მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ.

ჭაბუკის გაქცევა

51 ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. 52 შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.

იესო სინედრიონის წინაშე

53 მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. და თავი მოიყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. 54 პეტრე შორიდან მიჰყვებოდა მას, თვით მღვდელმთავრის ეზომდე, და დაჯდა მსახურებთან და ცეცხლს მიეფიცხა. 55 მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. 56 მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 57 ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ: 58 ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელითქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო. 59 მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. 60 დადგა მღვდელმთავარი შუაზე და ჰკითხა იესოს: „არაფერს უპასუხებ? რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“ 61 ის დუმდა და არაფერს პასუხობდა. კვლავ ჰკითხა მას მღვდელმთავარმა : „შენა ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?“ 62 იესომ თქვა: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებში მომავალს.“ 63 მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „რაღად გვინდა მოწმენი? 64 თქვენ მოისმინეთ გმობა? რას იტყვით?“ მაშინ ყველამ დასდო მსჯავრი მას, როგორც სიკვდილის თანამდებს. 65 ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება; სახე დაუბურეს და სცემდნენ, და ეუბნებოდნენ: იწინასწარმეტყველეო, და მსახურნი სილას აწნავდნენ.

პეტრეს უარყოფა

66 როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი. 67 დაინახა ცეცხლს მოფიცხებული პეტრე, დააკვირდა და უთხრა: „შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი?“ 68 მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ, და იყივლა მამალმა. 69 მხევალმა დაინახა იგი და კვლავ უთხრა იქ მდგომებს: ესეც იმათთაგანიაო. 70 მან კვლავ უარყო. მცირეხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც გალილეველი ხარ, კოლოზეც გეტყობა.“ 71 და დაიწყო მან თავის წყევლა და ფიცილი: არ ვიცნობ იმ კაცს, ვისზეც მელაპარაკებითო. 72 მყისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა, სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გაახსენდა და ატირდა.

თავი მეცამეტე                                                                                                                            თავი მეთხუთმეტე

COMMENTS