1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.
იგავნი 7:21-23
მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი. მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ. ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს.
მათეს 13:20-21
ქვიან ადგილზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს თუ არა მყისვე სიხარულით მიიღებს მას; მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.
მარკოზის 4:16-17
ასევე, კლდოვანზე დათესილი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ მას; მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ მათში და ხანმოკლენი არიან; როგორც კი გასაჭირი დადგება ანდა სიტყვის გამო დევნა დაიწყება, მაშინვე ცდუნდებიან.
ლუკას 8:13
კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
ლუკას 17:1
უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდნენ ცდუნებანი, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვლენ.
რომაელთა 7:15
ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
1 კორინთელთა 10:12
ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, იფხიზლოს, რომ არ წაიქცეს!
2 კორინთელთა 11:3
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.
1 პეტრეს 1:6
ამით გაიხარეთ, თუმცა ამჟამად – თუ საჭიროა – სხვადასხვა განსაცდელით მცირედ გატანჯულნო.
დაბადება 3:6-7
და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა. აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
დაბადება 25:29-34
ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა. უთხრა ესავმა იაკობს: „გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი. უთხრა იაკობმა: „მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”. და თქვა ესავმა: „აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?” უთხრა იაკობმა: „შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება. მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
მსაჯულნი 14:16-17
ქვითინებდა სამსონის ცოლი მის წინაშე და ეუბნებოდა: „არ გიყვარვარ, არამედ გძულვარ – გამოცანა მიგიცია მაყრებისთვის, ახსნას კი არ მეუბნები”. უპასუხა: „ჩემი დედ-მამისთვის არ მითქვამს და შენ როგორ გეტყვი?” შვიდ დღეს შესტიროდა ქალი სამსონს, რამდენ ხანსაც ნადიმი გრძელდებოდა. მეშვიდე დღეს მობეზრდა და გაუმხილა პასუხი, მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა;
2 მეფეთა 11:2-4
ერთ საღამოს, ადგა დავითი თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ძალზე ლამაზი იყო ქალი. და გაგზავნა დავითმა ქალის ამბის გამოსაკითხად; უთხრეს: „ბათ-შებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი”. მოციქულები გაგზავნა დავითმა და წამოაყვანინა ქალი, და როცა მოვიდა ქალი, დაწვა მასთან დავითი. განიწმიდა თავისი უწმიდურებისგან და დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
3 მეფეთა 11:1
ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.
4 მეფეთა 5:20-23
იფიქრა გეხაზმა, ელისეს, ღვთისკაცის მსახურმა: „აჰა, დაინდო ჩემმა ბატონმა არამელი ნაყამანი და საჩუქარი არ აიღო მისი ხელიდან. ცოცხალია უფალი, დავეწევი და მე გამოვართმევ რამეს”. დაედევნა გეხაზი ნაყამანს. დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან ჩამოვიდა, წინ შეეგება და თქვა: „ხომ მშვიდობაა?” მიუგო: „ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”. თქვა ნაყამანმა: „ორი ტალანტი ვერცხლი ინებე”. დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანისამოსთან ერთად გაატანა წასაღებად ორ მსახურს.
მათეს 26:69-75
პეტრე კი გარეთ, ეზოში იჯდა. მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი”. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ლაპარაკობ”. კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფთ უთხრა: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო”. მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო. ცოტა ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც ერთი იმათგანი ხარ, რადგან შენივე კილო გამხილებს”. მაშინ იწყო წყევლა და ფიცილი, არ ვიცნობ იმ კაცსო. ამ დროს იყივლა მამალმა. და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
ლუკას 22:55-62
შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა. ერთმა მხევალმა ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააცქერდა და თქვა: „ესეც მასთან ერთად იყო”. მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო, არ ვიცნობ მას”. ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც ერთი მათგანი ხარ”. მაგრამ პეტრემ მიუგო: „არა ვარ, ადამიანო”. დაახლოებით ერთი საათი რომ გავიდა, სხვამაც დაიწყო დაჟინებით მტკიცება, ამბობდა: „ნამდვილად ესეც მას ახლდა, რადგან გალილეველია”. პეტრემ კი მიუგო იმ კაცს: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ”. და უცებ, ამას რომ ამბობდა, მამალმა იყივლა. მაშინ შემობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, მას რომ უთხრა: დღეს, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო, გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
იოანეს 18:16-18
პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა. მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: „არა ვარ”. ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.
რომაელთა 8:31
ამაზე რაღა ვთქვათ? თუ ღმერთი ჩვენკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
რომაელთა 8:37-39
მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
ებრაელთა 4:15-16
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.
1 იოანეს 2:1
შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე – მართალი იესო ქრისტე.
გამოცხადება 3:10
რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.