Homeბიბლიაახალი აღთქმა

იოანეს 18

ახალი აღთქმა
იოანეს სახარება
იესოს გაცემა და შეპყრობა

181 ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა, სადაც ბაღი იყო, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები. იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ. იუდამ კი წაიყვანა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან მხლებელნი, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურველით. იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა, და გამოვიდა და უთხრა მათ: ,,ვის ეძებთ?“ მიუგეს მას: ,,იესო ნაზარეველს.“ ეუბნება მათ ,,მე ვარ.“ მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა. როცა უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ. კვლავ ჰკითხა მათ: ,,ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: ,,იესო ნაზარეველს.“ მიუგო იესომ: ,,გითხარით, მე ვარ–მეთქი. მე თუ მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.“ 9 რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: ,,ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დაიღუპოს.“ 10 სიმონ–პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოსი ერქვა. 11 უთხრა იესომ პეტრეს: ,,ჩააგე მახვილი ქარქაშში. სასმისი, რომელიც მამა მომცა არ შევსვა?“
იესო მღვდელმთავრის წინაშე

12
 მაშინ რაზმმა, ათისთავმა და იუდეველთა მხლებლებმა, შეიპყრეს იესო და შეკრეს 13 და პირველად ანასთან წაიყვანეს. ის იყო სიმამრი კაიფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს. 14 ეს ის კაიფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.

ეტრეს უარყოფა


15 
იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ–პეტრე და სხვა მოწაფეები. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად მღვდელმთავრის ეზოში შევიდა. 16 პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღველმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, გადაულაპარაკა მეკარე ქალს და პეტრე შეიყვანა. 17 ეუბნება პეტრეს მხევალი მეკარე: ,,განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: ,,არა ვარ.“ 18 იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.

იესოს დაკითხვა მღვდელმთავრის მიერ

19 მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე. 20 მიუგო მას იესომ: ,,მე აშკარად ველაპარაკებოდი სოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი მილაპარაკია.  21 მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკობოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.“ 22 ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა, იქ მდგომმა, გაარტყა იესოს და უთხრა: ,,ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“ 23 მიუგო იესომ: ,,თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რათა მცემ?“ 24 ანამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიფასთან.

პეტრე კვლავ უარყოფს იესოს

25 სიმონ–პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: ,,შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: ,,არა ვარ.“ 26 მღვდელმთავრის ერთერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმის ნათესავმა, უთხრა: ,,განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“ 27 პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.

იესო პილატეს წინაშე

28 კაიფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ. 29 გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: ,,რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“ 30 მიუგეს და უთხრეს მას: ,,ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით.“ 31 უთხრა მათ პილატემ: ,,წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განიკითხეთ.“ უთხრეს მას იუდეველებმა: ,,ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს.“ 32 რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმას მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. 33 პილატე კვლავ შევიდა პრეტორიუმში, იესოს დაუძახა და უთხრა მას: ,,შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ 34 მიუგო იესომ: ,,შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე? 35 მიუგო პილატემ: ,,განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა გაქვს ჩადენილი?“ 36 მიუგო იესომ: ,,ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა. ჩემი მეფობა რომ ამ სოფლისა ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებელნი იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. არა, ჩემი მეფობა სააქაო არ არის.“ 37 უთხრა, მას პილატემ: ,,მაშ, მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: ,,შენ თავად ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი სოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველამ ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.“ 38 ეუბნება მას პილატე: ,,რა არის ჭეშმარიტება?“

იესოს სასიკვდილო განაჩენი

ეს თქვა და კვლავ გამოვიდა უდეველებთან და უთხრა მათ: ,,ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში. 39 ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“ 40 კვლა აყვირდნენ და თქვეს: ,,ეს კი არა, ბარაბა.“ ბარაბა კი ავაზაკი იყო.

თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                           თავი მეცხრამეტე

COMMENTS