2 მეფეთა 11

By
მაისი 14, 2015
ძველი აღთქმა
2 მეფეთა

111 წელიწადის შემობრუნებისას, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. და გაანადგურეს ყამონის ძენი და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა. 2 და ადგა დავითი საღამო ჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. და ბანიდან მობანავე ქალი დაინახა. ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით. 3 და გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ეს ხომ ბათ-შებაყი არის, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.” 4 და გაგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. და მოვიდა ქალი, და დაწვა მასთან დავითი. როცა განიწმიდა თავისი უწმიდურებისაგან, დაბრუნდა ქალი თავის სახლში. 5 და როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: „ორსულადა ვარ.” 6 და გაგზავნა დავითმა კაცი იოაბთან. გამომიგზავნე ურია ხეთელი. და გამოუგზავნა იოაბმა ურია დავითს. 7 როცა მოვიდა მასთან ურია, დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი გამოჰკითხა. 8 უთხრა დავითმა ურიას: „შინ წადი და ფეხი დაიბანე.” გავიდა ურია მეფის სახლიდან და სამეფო საჭმელი გააყოლეს უკან. 9 ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია თავისი ბატონის მსახურებთან ერთად. თავის სახლში არ წასულა. 10 და შეატყობინეს დავითს, არ წასულაო თავის სახლში ურია, და უთხრა დავითმა ურიას: „ხომ ნამგზავრი ხარ? რატომ შინ არ წახვედი?” 11 და უთხრა ურიამ დავითს: „როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის ხალხი ველზე დგანან, როგორ წავიდე ჩემს სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ ვიზამ ამ საქმეს!” 12 და უთხრა დავითმა ურიას: „დღესაც დარჩი აქ და ხვალ გაგაგზავნი.” და დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას. 13 და მოიწვია იგი დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე, და დაათრო იგი დავითმა. და საღამოთი გავიდა, რომ თავისი ბატონის მსახურებთან ერთად დაეძინა თავის საგებელზე. თავის სახლში არ წასულა. 14 და დილით დაწერა დავითმა წერილი იოაბისათვის და ურიას ხელით გაუგზავნა. 15 წერილში ასე დაწერა: „დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა მოგელით, და მერე მიატოვეთ, რომ გაიგმიროს და მოკვდეს.” 16 და როცა ქალაქის ალყას ამზადებდა იოაბი, სწორედ იმ ადგილას დააყენა ურია, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ. 17 და გამოვიდნენ ქალაქის მცხოვრებნი და შეებნენ იოაბს. და დაეცნენ ხალხიდან დავითის მსახურთაგანნი და მოკვდა ურია ხეთელიც. 18 და გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად. 19 და უბრძანა მოციქულს: „ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი. 20 და, თუ ბრაზი მოერია მეფეს და გითხრა: ‘რატომ მოადექით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველად? განა არ იცოდით, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენ სროლას? 21 ვინ განგმირა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა დედაკაცმა არ დასცა გალავნიდან დოლაბის ნატეხი თავზე და მოკვდა იგი თებეცში? ახლოს რატომ მიადექით გალავანს?’ უთხარი: ხეთელი ურიაც მოკვდა-თქო, შენი მსახური.” 22 და წავიდა მაცნე და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც იოაბმა გააგზავნა. 23 და უთხრა მოციქულმა დავითს: „როცა მოგვეძალნენ მტრები და ველზე გამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ. 24 და მოისარებმა ისრები დაუშინეს გალავნიდან შენს მსახურთ და ბევრი გაწყდა მეფის მსახურთაგან, მოკვდა ხეთელი ურიაც, შენი მსახური.” 25 და უთხრა დავითმა მოციქულს: „ასე უთხარი იოაბს, ნუ გაწუხებს-თქო ეს ამბავი, რადგან ხან ერთს ჭამს მახვილი, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხე-თქო. და გაამხნევე იოაბი.” 26 და გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი, და დაიტირა თავისი ქმარი. 27 და როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ქალმა ვაჟი. და ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა, ბოროტება იყო უფლის თვალში.

თავი მეათე                                                                                                                                        თავი მეთორმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close